Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით
საქმე №ბს-94(კ-კს-21) 16 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ღ-ი

მესამე პირი - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 25 ივლისს ა. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიის მიერ 2009 წლის 9 ივლისს №13 დაცვის ოქმით მიღებულ იქნა დადგენილება, რომლის საფუძველზეც, ა. ღ-ის დისერტაცია ... შეფასდა 84,5 ქულით და ა. ღ-ს მიენიჭა დოქტორის დიპლომი. აღნიშნული დიპლომის მინიჭების შედეგად ა. ღ-ი არჩეულ იქნა ამავე უნივერსიტეტის რექტორად. რექტორის საქმიანობის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებულ იქნა მოკვლევა, რომლითაც უნდა გამოძიებულიყო ა. ღ-ის სახელზე გაცემული დოქტორის დიპლომის ნამდვილობის საკითხი. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის MES 2 14 00812845 გადაწყვეტილებით ა. ღ-ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, ა. ღ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის MES 2 14 00812845 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის დეტალურად მოკვლევის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებით ცენტრმა კვლავ უარი უთხრა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, რაც მოსარჩელის მოსაზრებით არამართებულია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყოფილია კანონიერი ნდობის პრინციპი სახელმწიფოს მიმართ და მოკვლევისას გამახვილებულია ისეთ მტკიცებულებაზე ყურადღება, რომლის მოკვლევაც აბსოლუტურად განსხვავებულად უნდა მომხდარიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის MES 5 17 00747343 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2017 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ზემოაღნიშნული მოთხოვნების გარდა დამატებით მოითხოვა: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით სახით 2 450 ლარისა და მიყენებული ზიანის 7 275 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ამავე უნივერსიტეტის საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა. ღ-ის შუამდგომლობა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის - 2014 წლის დეკემბრიდან ყოველი მომდევნო თვისთვის ცალ-ცალკე 2 450 ლარის კომპენსაციის სახით დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, გამოხმობის თაობაზე და ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით მესამე პირის სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კერძო - საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის MES 5 17 00747343 გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ა. ღ-ის სახელზე გაცემული TESAU N000008 დოქტორის დიპლომის (სარეგისტრაციო N8) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2019 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით ჩაბმასთან დაკავშირებით, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.

2020 წლის 6 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მესამე პირის სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, საქმეში საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნები. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების ძირითადი მიზანია პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კი ეს არის პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; ამავე კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება; ამავე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი, პროფესორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირია, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

სასამართლომ არ გაითვალისწინა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულება, რომლის მეორე მუხლით განსაზღვრულია ამ სამსახურის მიზნები, მათ შორისაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების განვითარების ხელშეწყობა, ხოლო ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებელი ფუნქციები განსაზღვრულია დებულების მესამე მუხლით, რომლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი ახორციელებს საქართველოში გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას.

დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. შესაბამისად, ცენტრის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისად გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კონკრეტულ შემთხვევაში, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებით უხეშად დაირღვევა სხვა პირთა (სტუდენტები) კანონიერი უფლებები და ინტერესები, რადგან მათ მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არჩევანის გაკეთებას საფუძვლად უდევს კანონიერი ნდობა უნივერსიტეტის მიმართ, რომელიც ახორციელებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიწოდებას.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით, რასაც საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ზოგადად, არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ჰქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით, ყოველივე ეს კი, თვითნებურად, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსირების პრევენციით გაამართლოს. ცენტრმა კანონმდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც მოახდინა მოსარჩელის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მას.

კასატორის განმარტებით, ა. ღ-ი დოქტორანტურაში ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 12 თებერვლის №56 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, დოქტორანტს სრული უფლებამოსილება მიენიჭება სწავლის საფასურის გადახდისთანავე. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, სწავლის საფასურის გადახდის ვადად განისაზღვრა იმავე წლის (2007 წელი) თებერვალი. ა. ღ-ის მიერ კი არ განხორციელებულა სწავლის საფასურის გადახდა არც 2007 წლის თებერვლის მდგომარებით და არც შემდგომ, რითაც დაარღვია დოქტორანტურაში სრული უფლებამოსილების მოპოვების და სწავლის პირობა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 12 თებერვლის №56 ბრძანების საფუძველია აკადემიური საბჭოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის ავთენტურობა სადავო არ გამხდარა მხარეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

ცენტრის მიერ ასევე გამოკვლეულ იქნა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამარტივებული წესით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში წელიწადნახევრიანი სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო სადისერტაციო ნაშრომის 70%-ის შესრულება. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 21 ივნისის №702061 კორესპონდენციაში დაფიქსირებულია, რომ ა. ღ-ის ჩარიცხვის მომენტისთვის დაცული დისერტაციებიდან მინიმალური მოცულობის დისერტაციის გვერდების რაოდენობა 120 გვერდია. ამდენად, წარმოსადგენი სადისერტაციო ნაშრომის 70% 60 გვერდზე მეტი მაინც უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ა. ღ-ის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენ სადისერტაციო ნაშრომის 70%, აღნიშნული პირის მიერ ვერ იქნებოდა წარდგენილი, ვინაიდან მან დაიცვა დამტკიცებულისაგან განსხვავებული სრულიად ახალი სადისერტაციო თემა, რომლისთვისაც მას უნდა გაევლო სამწლიანი სადოქტორო პროგრამა.

კასატორის მოსაზრებით, ასევე საყურადღებოა, რომ 2003 წლის 28 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №316 ბრძანებულებით დამტკიცდა „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დებულება და ინსტრუქცია. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი აბარებდა სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ საკანდიდატო გამოცდებს. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამოცდების შედეგები ფორმდება დადგენილი წესით კრებსითი უწყისის სახით, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით. ჩაბარებული საკანდიდატო გამოცდის შედეგი ძალაშია შვიდი წლის განმავლობაში. ინსტრუქციის მე-8 დანართის ფორმის მიხედვით ა. ღ-მა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხვისას წარმოადგინა საკანდიდატო გამოცდების ჩაბარების კრებსითი უწყისი, რომლითაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №316 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 ივნისს მიღებული №341 ბრძანებულებით. ა. ღ-ი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა 2007 წლის 12 თებერვალს ა. ღ-მა კი, საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები ჩააბარა 1991-1992 წლებში, შესაბამისად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მომენტში გასული იყო საკანდიდატო მინიმუმებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე ა. ღ-ის მიერ 1991-1992 წლებში საკანდიდატო მინიმუმების ჩაბარება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამარტივებული წესით (წელიწადნახევრიანი პროგრამა) ჩარიცხვის წინაპირობის დაკმაყოფილება.

ამასთან, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის მიერ ასევე ვერ იქნა დადგენილი, საქმის მასალებში წარმოდგენილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2006 წლის 26 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ავთენტურობის საკითხი. კასატორის განმარტებით, აღნიშული საკითხი სცდება ცენტრის კომპეტენციის ფარგლებს (ამასთან, როგორც ცნობილია დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება). შესაბამისად, ცენტრს არ გააჩნია სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ დაეყრდნოს უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად წარმოდგენილ დოკუმენტებსა და განმარტებებს, რომლის თანახმადაც ცენტრის მიერ, 2014 წლის 17 ნოემბერს №812845 აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, განხილული და გამოკვლეული დებულება არის ერთადერთი სარწმუნო დოკუმენტი, მითუმეტეს, რომ იგი ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ცენტრისთვის მოწოდებულია თავად ა. ღ-ის მიერ, მისი რექტორობის პერიოდში. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის მოწოდებული დებულების დედანის ვალიდურობის საკითხი ა. ღ-ის მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა, მისი ავთენტურობის საკითხი დადგა უკვე მოსარჩელე ა. ღ-ის მიერ სამართალწარმოებისას. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მითითებული საპროცესო დარღვევების გამო ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ არ შეამოწმა და არ შეაფასა სარჩელში, შესაგებელში, მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებებში წარმოდგენილი საფუძვლიანი პრეტენზიები მოთხოვნის დამფუძნებელ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, ა. ღ-ის მიერ უკანონოდ განხორციელებული ქმედებების შედეგად სასამართლოს დავალება მისი კუთვნილი დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე, გამოიწვევს სხვა პირების (რომელთაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს კეთილსინდისიერად და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით) მიმართ უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული საფასური ან/და ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური/სასამართლოს ხარჯად არ მიიჩნევა და იგი სასამართლოს გარეშე ხარჯად განიხილება, შესაბამისად, მისი ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის რეჟიმს არ ექვემდებარება. უფრო მეტიც, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით, არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ანაზღაურებადი კატეგორიაა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2 თებერვლის Nას-1706-1600-2012 გადაწყვეტილება).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის MES 5 17 00747343 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), მე-5 მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

ამრიგად, სასამართლოს შეფასებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევას, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 12 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების შედეგები, რომლის თანახმად, წელიწადნახევრიანი პროგრამით დოქტორანტურაში სწავლების უფლება მოიპოვა ა. ღ-მა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამით. აკადემიური საბჭოს №11 ოქმის თანახმად, წელიწადნახევრიანი პროგრამით ჩაირიცხნენ დოქტორანტები, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ ასპირანტურა ან/და ჩაბარებული ჰქონდათ საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული საგნები. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 12 თებერვლის №56 ბრძანებით დამტკიცდა მისაღები გამოცდების შედეგები და ა. ღ-მა წელიწადნახევრიანი პროგრამით სწავლის უფლება მოიპოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიის სპეციალობით.

თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიის 2009 წლის 9 ივლისის №13 დაცვის ოქმით, სადისერტაციო კოლეგიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც დოქტორანტ ა. ღ-ის დისერტაცია ... შეფასდა 84,5 ქულით, ,,ძალიან კარგი’’ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2009 წლის 22 დეკემბერს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ა. ღ-ის სახელზე გაიცა TESAU N000008 (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომი მასზედ, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ღ-ს მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული MES 517 00747343 გადაწყვეტილებით, ა. ღ-ს კვლავ უარი ეთქვა დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში შესაფასებელია დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან. (21.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-623-610(კ-14)). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, ვინაიდან, წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუს 05.03.2020წ. განჩინება საქმეზე Nბს-1265(კ-19); სუს 23.04.2019წ. განჩინება საქმეზე Nბს-470(კ-19); სუს 04.10.2018წ; განჩინება საქმეზე Nბს-812(კ-18). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, მაშინ თუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11 სექტემბრის №367 ბრძანებით ა. ღ-ი 2009 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის 11 სექტემბრამდე დაინიშნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, საქართველოს ისტორიის მიმართულებით. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №4) საბჭომ მიიღო დადგენილება სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ა. ღ-ის არჩევის შესახებ, 4 წლით, 2013 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 8 ნოემბრამდე. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2013 წლის 10 დეკემბრის №1.2/4215 ბრძანებით, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად რეგისტრაციაში გატარდა ა. ღ-ი. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 4 დეკემბრის №1.2/4260 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ,,სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის რექტორად - ა. ღ-ის უფლებამოსილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ’’ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2013 წლის 10 დეკემბრის №1.2/4215 ბრძანება. საქმის მასალებით ასევე დადგენულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2011141000 დასკვნაში მითითებულ იქნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი უნდა ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, თუმცა 2014 წლის 17 ოქტომბრის MES 2 14 00812845 აქტით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა არ დაადასტურა ა. ღ-ის სახელზე გაცემული დოქტორის ... დიპლომის ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების შესაბამისად დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო დიპლომის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული ქმედება, პროფესიული საქმიანობის განხორციელება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის ის პერიოდი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შემდეგ გავიდა. ა. ღ-ის მიერ მიღებული განათლების აღიარებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ იკვეთება, ამასთანავე დაცულია მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი ჰქონდეს დოქტორის დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ღ-ს გააჩნია კანონიერი ნდობა 2009 წლის 22 დეკემბერს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ა. ღ-ის სახელზე გაცემული TESAU N000008 (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომის მიმართ. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი ნდობის დაცვაზე უარი სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი უნდა იყოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.), აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა შორისაა თანასწორობისა და განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლება არის პირის უფლება, რომელიც სხვა უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობის საშუალებას იძლევა. იგი მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, განსახილველი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში გაწეული საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურების დაკისრებასთან მიმართებაში და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 25 ივლისისა და 2017 წლის 25 აგვისტოს სადვოკატო მომსახურების საფასურის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ა. ღ-ს განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურების საფასურად, გადახდილი აქვს თანხა - 2000 (1000+1000) ლარის ოდენობით. წარმოდგენილი მტკიცებულებების, ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს მოპასუხისათვის, ა. ღ-ის სასარგებლოდ, სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატისთვის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს საკასაციო საჩივარზე 29.01.21წ. №00448 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.01.21წ. №00448 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე