Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 181-აპ 7 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

ნ. გვენეტაძე

განიხილა დაზარალებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განაჩენზე, რომლითაც გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის განაჩენი ე. ხ-ს მიმართ და იგი გამართლდა სსკ-ს 125-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

აღწერილობითი ნაწილი:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის განაჩენით ე. ხ-ს სსკ-ს 125-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა 90 ლარის ოდენობით.

განაჩენით ე. ხ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2001წ. 11 ოქტომბერს სცემა მეზობელს _ ნ. ბ-ს და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 5 ივნისს გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენი ე. ხ-ს მიმართ და იგი გაამართლა სსკ-ს 125-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

საკასაციო საჩივრით დაზარალებული ნ. ბ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ზ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატაში დაბრუნებას. საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ე. ხ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს და დაადგინა უკანონო განაჩენი.

პალატის სხდომაზე ნ. ბ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

გამართლებულმა ე. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. რ-მა მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ე. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იგი დამატებით შემოწმებას და სამართლებრივ შეფასებას აღარ საჭიროებს. სასამართლომ სწორად არ გაიზიარა დაზარალებულ ნ. ბ-ს ჩვენებები ე. ხ-ს მიერ ხელჯოხის მრავალჯერად დარტყმით ცემისა და ავტომანქანის დაჯახებით დაზიანების შესახებ, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული. ე. ხ. კატეგორიულად უარყოფს შემთხვევის დღეს ნ. ბ-ს ცემასა და ავტომანქანის დაჯახებას. ნ. ბ-ს ცემის თაობაზე დამაჯერებლად ვერ მიუთითებენ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულნი: ზ. ხ., დ. ს. და სხვები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის _ პ. ჯ-ს განმარტებით: თუ ნ. ბ-ს მიმართ ადგილი ექნებოდა ხელჯოხით მრავალგზის დარტყმასა და ავტომანქანის დაჯახებას, მაშინ იგი მიიღებდა ბევრად მძიმე დაზიანებებს, ვიდრე მას აღმოაჩნდა შემოწმების შედეგად. ამდენად, პალატა თვლის, რომ გამამართლებელი განაჩენი ე. ხ-ს მიმართ დასაბუთებულია და მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განაჩენი ე. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.