საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-475(კ-21) 16 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 16 ოქტომბერს კ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წელს კ. კ-ას მიენიჭა ანესთეზიოლოგის სპეციალისტის სტატუსი. ამავე წლიდან იგი დასაქმებული იყო თავისი სპეციალობით და 15 წლის განმავლობაში თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი რეკომენდაციით.
2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე მოსარჩელე მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებაში - შპს ,,...“ ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსად.
2018 წლის 10 აგვისტოს თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში მოსარჩელემ სამედიცინო დახმარება გაუწია შპს „...ს“ პაციენტ ნ. ა-ს. კერძოდ, კ. კ-ა 2018 წლის 10 აგვისტოს 18:30 საათზე გამოძახებულ იქნა პაციენტ ნ. ა-თან ეპიდურული გაუტკივარების ჩასატარებლად. კ. კ-ას მიერ ყველა ქმედება განხორციელდა სამედიცინო პროტოკოლისა და სტანდარტების სრული დაცვით. 19:45 საათზე პაციენტმა იმშობიარა ცოცხალი დროული მდედრობითი სქესის ნაყოფი. მეან-გინეკოლოგის შეფასებით მშობიარობის მომენტიდან 23:05 საათამდე მელოგინის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და კ. კ-ას ნ. ა-ის შესახებ ინფორმაცია 23:05 საათამდე არ მიწოდებია. 23:05 საათზე კ. კ-ას დაუკავშირდა ექიმი ე. გ-ა, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ნ. ა-ი და სთხოვა ასულიყო სამეანო ბლოკში პაციენტთან. მოსარჩელეს პაციენტთან ასასვლელად დასჭირდა დაახლოებით 5 წუთი. პაციენტთან ასვლის შემდეგ კ. კ-ას მიერ ყველა ქმედება განხორციელდა სამედიცინო პროტოკოლისა და სტანდარტების სრული დაცვით. ვინაიდან 23:35 საათის მდგომარეობით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე (მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია), ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი ჯგუფის და რეზუსის ერითროციტული მასა და კრიოპლაზმა, მიზანშეწონილად ჩაითვალა პაციენტის გადაყვანა მე-3 დონის კლინიკაში ჰემოტრანსფუზიისთვის და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კლინიკო ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩასატარებლად. 23:35 საათზე გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა ,,ო...იდან“, რომელიც მივიდა 2018 წლის 11 აგვისტოს 00:10 საათზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის იყო მძიმე (მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია). პაციენტი იყო კონტაქტური, კითხვებზე პასუხობდა ადექვატურად. მელოგინე კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა ო... ცენტრში, სადაც, 11.08.2018 წლის 01:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის დაკვეთით შესწავლილ იქნა შპს „...ს“ პაციენტ ნ. ა-ის სამედიცინო დოკუმენტაცია შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტთა ჩართულობით (მეანობა-გინეკოლოგია, ... და რეანიმატოლოგია). 2019 წლის 31 მაისის სარეცენზიო დასკვნის თანახმად „ზოგადი დასკვნით ანესთეზიოლოგიური და რეანიმაციული ღონისძიებების მართვა ნაწარმოებია სწორად, რაიმე გადაცდომას, არასწორ, არასრულ და/ან დაგვიანებულ ქმედებას ადგილი არ ქონია, ინტერესს წარმოადგენს გინეკოლოგების დასკვნა.“
მოსარჩელის განმარტებით, სარეცენზიო დასკვნის საფუძველზე დაისვა შპს „დ...ოს“ ექიმის, ნ. კ-ას და „ო. ...ის“ ექიმის შ. ტ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომის ჩატარების მიზანს, როგორც ეს თავად სხდომის ოქმშია მოხსენიებული, წარმოადგენდა სწორედ მითითებული რეცენზიის საფუძველზე ექიმ ნ. კ-იასა და ექიმ შ. ტ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვლევა. აღნიშნულ სხდომის დღის წესრიგში არ იდგა კ. კ-ას პასუხისმგებლობის განხილვის საკითხი, რამდენადაც რეცენზენტის მხრიდან მის მიმარათ შენიშვნა არ იყო გამოთქმული, შესაბამისად, 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა კ. კ-ა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გარდაცვლილი პაციენტის ნ. ა-ის ძმა ი. ა-ი. ი. ა-ის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საბჭოს წევრმა ლ. რ-მა განაცხადა რომ: "ხშირი შემთხვევაა, როდესაც სამეანო სამსახური და ანესთეზიოლოგი ერთობლივად სრულყოფილად ვერ მუშაობენ, რაც ძირითადად გამოწვეულია ე.წ „მორბენალი“ ექიმების მიზეზით. განსაკუთრებით ანესთეზიოლოგის მხრიდან არ შეიძლება პაციენტს გაუკეთო ეპიდურალური ანესთეზია და მშობიარობის შემდეგ, მალე დატოვო კლინიკა". ლ. რ-მა მიიჩნია, რომ ვიტალური ფუნქციების მონიტორინგი 24 საათი ევალება ანესთეზიოლოგს. სხდომაზე საბჭოს წევრმა გ. გ-მა განაცხადა, რომ კ. კ-ას პასუხისმგებლობის საკითხი სააგენტოს არ დაუსვამს, რადგან რეცენზენტის მხრიდან შენიშვნა არ იყო გამოთქმული.
მოსარჩელის განმარტებით, კ. კ-ასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ ი. ა-ის (გარდაცვლილი პაციენტის ძმის) ზეპირ ნაამბობს. მის მიერ ზეპირად მოთხრობილი გარემოებები მიიჩნია უტყუარ ფაქტებად და აღნიშნული ფაქტების საბჭოს წევრების მიერ განხორციელებული შეფასების საფუძველზე, ყოველგვარი გამოკვლევის, შესწავლის და კ. კ-ას პოზიციის მოსმენის გარეშე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „...ს“ ექიმს, კ. კ-ას გაუუქმდეს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სპეციალობაში „...“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების - კ. კ-ასთვის სპეციალობაში „...“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების გაუქმების ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება კ. კ-ასთვის სპეციალობაში „...“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების გაუქმების ნაწილში; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაეკისრა მოსარჩელე კ. კ-ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.
კასატორის განმარტებით, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს პროფესიული საბჭოს სხდომაზე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ლ. რ-ის შენიშვნები და განმარტებები. სააპელაციო პალატამ ლ. რ-ი ჩათვალა დაინტერესებულ პირად და სასამართლო სხდომაზე მისი მოწვევა ჩათვალა უსაფუძვლოდ და მიიჩნია, რომ მხოლოდ კონკრეტული ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგის მოსაზრება ექიმ კ. კ-ას პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე პროფესიული განვითარების საბჭოს არ ანიჭებდა უფლებამოსილებას ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება ექიმ კ. კ-ასათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. კასატორის განმარტებით, ლ. რ-ი და პროფესიული განვითარების საბჭოს დანარჩენი წევრები წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს და განხილვის დროს კ. კ-ას პასუხისმგებლობის საკითხზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული მხოლოდ ერთი წევრის მოსაზრებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს საბჭოს სხვა წევრებმაც და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით. იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე არ იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში, პროფესიული განვითარების საბჭო ვერ უგულებელყოფდა დარგის წამყვანი სპეციალისტის ლ. რ-ის მიერ გამოთქმულ სერიოზულ შენიშვნებს ექიმ კ. კ-ასთან მიმართებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან მოსარჩელე არ იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში, მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, საბჭოს სხდომაზე წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები. კასატორის მითითებით, სასამართლოში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საქმის არსს კ. კ-ას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, პროფესიული განვითარების პასუხისმგებლობის სახის შერჩევა არის ადმინისტრაციული ორგანოს პროფესიული დისკრეციული უფლებამოსილება. მართალია, კ. კ-ას პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრა სხდომის მიმდინარეობისას, მაგრამ პროფესიული განვითარების საბჭო უფლებამოსილია, თავად განსახილველი თემის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წამოწიოს კონკრეტული ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც არ კრძალავს არც კანონი და არც რომელიმე კანონქვემდებარე აქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც კ. კ-ას გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „...“, კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრების განხილვა, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წერილობითი გაფრთხილების ერთ-ერთი საფუძველია პაციენტის განცხადება ან საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბჭო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა პაციენტ ნ. ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 23 აგვისტოს №კ/შ-1254-251 შემოწმების აქტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმისა (დანართი №21) და სარეცენზიო დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, შპს „დედათა და ბავშვთა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება ნინოში“ პაციენტ ნ. ა-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ და განმარტებებს იძლეოდნენ ექიმები: ნ.კ-ა და ე. გ-ა, სარეცენზიო დასკვნაში არ იყო შენიშვნა გამოთქმული ანესთეზიოლოგის (მოსარჩელე - კ. კ-ა) მიმართ და სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ანესთეზიოლოგის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. მიუხედავად ამისა, პროფესიული განვითარების საბჭომ ანესთეზიოლოგის - კ. კ-ას პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელა 2019 წლის 12 სექტემბერის სხდომაზე პაციენტ ნ. ა-ის ძმის - ი. ა-ის მიერ გაკეთებულ ზეპირ განმარტებაზე დაყრდნობით და მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის (სპეციალობაში „...“) მოქმედების გაუქმების საფუძველი.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის XI თავი არეგულირებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის წესსა და პირობებს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის, რომლის საქმიანობაც შემოწმდა, მონაწილეობა სავალდებულოა როგორც შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე, ასევე საბჭოს მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვის პროცესში. მითითებული საკანონმდებლო აქტით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საბჭო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს განცხადების ან საჩივრის საფუძველზე, რომლის თაობაზეც იგი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, ხოლო აღნიშნული სუბიექტი საბჭოს წარუდგენს საკუთარ პოზიციას განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქმეში არ არის წარმოდგენილი წერილობითი განცხადება ან საჩივარი კ. კ-ას (ანესთეზიოლოგი), როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ, ამასთან, სარეცენზიო დასკვნა არ შეიცავს შენიშვნას ანესთეზიოლოგის (მოსარჩელე - კ. კ-ა) მიმართ, ხოლო სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ანესთეზიოლოგის (მოსარჩელე - კ. კ-ა) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მოსარჩელე კ. კ-ას პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დაწყების სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან, ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოებს - მიიღონ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც. აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ კ. კ-ას პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრა სხდომის მიმდინარეობისას, პროფესიული განვითარების საბჭოს შეეძლო სხდომა გადაედო სხვა დროისათვის და მოსარჩელე მოეწვია სხდომაზე, რათა ექიმ კ. კ-ას მისცემოდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ პროფესიული სახდელის განსაზღვრის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ მოსაზრებებებთან მიმართებაში, ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ, უკონტროლო თავისუფლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესთა გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თავისუფლებით აღჭურავს. უფრო კონკრეტულად, პროფესიული განვითარების საბჭოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიხატება პროფესიული სახდელის განსაზღვრის თავისუფლებაში, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ჩადენილი პროფესიული გადაცდომის სიმძიმე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სამართალწარმოების პროცესში საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ არ არის დადგენილი პროფესიული გადაცდომის ჩადენა ან ჩადენილი გადაცდომა თავისი ბუნებით იქნება არაარსებითი ხასიათის, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას ეცლება ფაქტობრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთა შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარზე 23.04.21წ. №02501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი, ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.04.21წ. №02501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე