საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-622(კ-21) 16 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 22 ივლისს ზ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1961 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ი. კ-ასთან. მეუღლე - ი. კ-ა ...ში მიმდინარე საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. 1993 წლის 18 სექტემბერს მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და 24 ოქტომბერს მიღებული ჭრილობების გამო, გარდაიცვალა.
მოსარჩელემ 2017 წლის 18 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მეუღლის - ი. კ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენის მოთხოვნით. რათა, როგორც ომში დაღუპული ოჯახის წევრს მიეღო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპენსაცია.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 15 სექტემბრის №196-31 ოქმითა და მის საფუძველზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 24 ოქტომბრის N1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ი. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა ი. კ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N196-31 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელემ მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურს და მოითხოვა, როგორც ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება, ასევე 2017 წლის 24 ოქტომბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის ჩარიცხვა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის SSVA 00003719 ცნობის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი ნამდვილად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ი. კ-ას ოჯახის წევრი, მაგრამ კომპენსაციის მიღებისათვის უნდა მიემართა სასამართლოსთვის.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უკანონო აქტმა მიაყენა ზიანი. კერძოდ, ვერ შეძლო კომპენსაციის მიღება 2017 წლის 24 ოქტომბრიდან, რის გამოც მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის 2017 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე მიუღებელი კომპენსაციის - 28 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ზ. კ-ას სასარგებლოდ 2018 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე მიუღებელი კომპენსაციის 15 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა და არ შეაფასა ის გარემოება, რამდენად სრულყოფილი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში ზ. კ-ას 2018 წლის 30 ნოემბრის შემდგომ (მას შემდეგ რაც, ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი აქტის გამოცემა - ზ. კ-ასათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე). კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დავალება ახალი აქტის გამოცემის შესახებ და მის აღსასრულებლდ ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონიერების პრინციპიდან, რამდენადაც დაუშვებელია კანონის იმპერატიული დანაწესის საწინააღმდეგოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და თავდაცვის ძალების შესახებ" და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში - ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში - ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვანა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში. ზ. კ-ას კი, ზემოხსენებული აქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნუსხა (სრულყოფილად და ჯეროვნად) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში 2018 წლის 30 ნოემბრის შემდგომ, მოთხოვნის აღსასრულებლად არ წარუდგენია. კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამდენად მისი თითოეული მოქმედება და ფარგლები შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისიწინებული რეგულაციებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თითოეული ქმედება, 2018 წლის 30 ნოემბრის შემდგომ, იყო კანონიერი და გამომდინარეობდა სამართლებრივი წესრიგის პრინციპიდან. ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ განუხორციელებია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება განმცხადებლის, ზ. კ-ა მიმართ და ამდენად, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ზ. კ-ას სასარგებლოდ 2018 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე მიუღებელი კომპენსაციის 15 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა. მოწინააღმდეგე მხარეს - ზ. კ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ზ. კ-ასათვის 2018 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე მიუღებელი კომპენსაციის - 15 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემბრის N196-31 გადაწყვეტილებით, ზ. კ-ას უარი ეთქვა მისი მეუღლის - ი. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N196-31 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურის დირექტორის 2020 წლის 24 იანვრის SSVA 00001619 ბრძანებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსი მიენიჭა ზ. კ-ას.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის SSVA 00003719 ცნობის მიხედვით, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელწმიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოქალაქე ზ. კ-ა ნამდვილად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ი. კ-ას ოჯახის წევრი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. კ-აზე ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ (ახლა უკვე ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ") საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და დაგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N196-31 სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილების, რომლითაც ზ. კ-ას უარი ეთქვა მეუღლის ი. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე, უკანონობა დადგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, 2018 წლის 30 ნოემბრიდან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი ქმედებები ზ. კ-ასთვის კომპენსაციის მისაღებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ზ. კ-ას მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ უკანონო აქტებს შორის, შესაბამისად, მართებულია სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ზ. კ-ას სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე ზ. კ-ასათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე