Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-704(კს-21) 16 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა(ა)იპ ,,...ა”

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი - შპს „ქ...“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 20 აგვისტოს ა(ა)იპ ,,...ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ, შპს „ქ...-ისთვის“, ...ში ...ის რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 14 აპრილის №2-257 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „...ას“ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 14 აპრილის №2-257 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ქ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,...ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ,,...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა(ა)იპ „...ას“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის ა(ა)იპ ,,...ას“ წარმომადგენელს, ი. მ-ეს, ჩაჰბარდა 2021 წლის 21 იანვარს (ტ.3, ს.ფ. 80). ვინაიდან, ა(ა)იპ ,,...ას“ სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2021 წლის 21 იანვარს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 22 იანვრიდან და ამოიწურა 2021 წლის 4 თებერვალს 24 საათზე. შესაბამისად, 2021 წლის 8 თებერვალს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც სააპელაციო პალატის მითითებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება და ა(ა)იპ „...ას“ სააპელაციო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობოთ დადგენილი წესით განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა(ა)იპ „...ას“ წარმომადგენელს - ი. მ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება არ ჩაბარებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილ გზავნილზე (ტ.3, ს.ფ. 80) გაკეთებულია ჩანაწერი თითქოს მას პირადად ჩაჰბარდა გადაწყვეტილება, თუმცა მისი ხელმოწერა ამ გზავნილზე არ არსებობს და ვერც იქნებოდა ვინაიდან, ამ დროისათვის თბილისში არ იმყოფებოდა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი წლის თავზე, 2021 წლის 25 იანვარს, მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა, გაეგზავნა მხარეებს და ასევე ატვირთულია ელექტრონულად. სწორედ საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გახდა ცნობილი მხარისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების, მხარის წარმომადგენლისათვის გაგზავნის დოკუმენტი, დათარიღებულია 2021 წლის 18 იანვრით, თუმცა გაურკვეველია და გაუგებარია, როდის ჩაჰბარდა ეს გზავნილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფოსტას. ასევე, გაუგებარია რატომ მიიჩნია პალატამ ჩაბარების გზავნილზე ადრესატის ხელმოწერის არარსებობის პირობებში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადრესატისათვის ჩაბარებულად. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლები და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ „...ას“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში.

საქმეში დაცული მინდობილობის (გაცემული ა(ა)იპ „...ას“ თავმჯდომარის მიერ ა(ა)იპ-ის ტიტულოვან ფურცელზე) (ს.ფ. 35; ტ.1) თანახმად, ი. მ-ეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2017 წლის 3 ნოემბრიდან უვადოდ. მინდობილობა ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება აპელანტ ა(ა)იპ „...ას“ წარმომადგენელს ი. მ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 18 იანვარს (ს.ფ. 74; ტ.3) და ჩაჰბარდა პირადად 2021 წლის 21 იანვარს (ს.ფ. 80; ტ.3) რაც დასტურდება უკუგზავნილზე ი. მ-ის პირადი ნომერის მითითებით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაიწყო 2021 წლის 22 იანვრიდან და ამოიწურა 2021 წლის 4 თებერვალს, ხუთშაბათს, 24 საათზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ი. მ-ეს პირადად არ ჩაჰბარებია და მიუთითებს, საკასაციო სასამართლოში შპს ,,ს...ის“ მიერ წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების #205371173 შეტყობინების ბარათზე, რომლითაც დასტურდება, რომ ა(ა)იპ „...ას“ წარმომადგენელს ი. მ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა პირადად 2021 წლის 21 იანვარს, სადაც მითითებულია როგორც ი. მ-ის პირადი ნომერი ასევე დაფიქსირებულია ელექტრონული ხელმოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ს...ის“ მიერ წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების #205371173 შეტყობინების ბარათზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, ფოსტის კურიერის ბრალეულობის ან ადრესატის ნაცვლად სხვა პირის მიერ ხელმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 22 იანვრიდან და ამოიწურა 2021 წლის 4 თებერვალს, ხუთშაბათს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 8 თებერვალს ანუ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტრანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა(ა)იპ „...ას“ წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „...ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე