Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 196-აპ 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის განაჩენით დ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით; 19,108-ე მუხლით _ 8 წლით. დ.ს-ს საბოლოოდ, სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დ. ს-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით დ.ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: დ. ს-სა და ა. ს-ს ოჯახებს შორის 1997წ. ოქტომბრიდან წარმოიშვა მეზობლური დავა ბინის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის გამო 2000წ. მაისის შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) თავის საცხოვრებელ სახლთან ა.ს-მ სცემა დ.ს-ს. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.ს-მა განიზრახა ა.ს-ს მოკვლა შურისძიების მოტივით და გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “ნაგანის” სისტემის რევოლვერი რამდენიმე საბრძოლო ვაზნით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

2000წ. 29 მაისს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, ა. ს. იმყოფებოდა ქ.ქუთაისში, ... მდებარე ვ. ბ-ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში და მასთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ცნობილი გახდა დ. ს-სათვის. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დ.ს-მა წაიღო მართლსაწინააღმდეგოდ შენახული რევოლვერი, მივიდა ვ.ბ-ს კუთვნილ მაღაზიაში, გაჩერდა მაღაზიის ზღურბლთან, შარვლის სათავიდან ამოიღო “ნაგანის” სისტემის რევოლვერი და ერთჯერადად გაისროლა ა.ს-ს მიმართულებით, რითაც მკერდის არეში, მარცხნივ, პლევრის ღრუში შემავალი დიაფრაგმის დამზიანებელი თორაკოამდომინოლური ცეცხლნასროლი ჭრილობისა და მარცხნივ _ პნევმოჰემოთორაქსის სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. დ.ს-ს დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისა და განიარაღების მიზნით, იქვე მყოფი ვ.ბ. სწრაფად მიიჭრა მასთან, წააქცია, შებოჭა და არ მისცა ა.ს-ს მისამართით გასროლის საშუალება, რითაც დ.ს-მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სისრულეში ვერ მოიყვანა. ამ მომენტით ისარგებლა ა.ს-მ და გაქცევით უშველა თავს. მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ძმამ _ კ. ს-მ გადაიყვანა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში. ა.ს. გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა სიკვდილს, ხოლო დ.ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დ.ს. დააკავეს 2002წ. 27 თებერვალს.

მსჯავრდებული დ.ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ ა.ს. მას არ მოუკლავს, დაზარალებულთან ბავშვობიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და დანაშაულის ჩადენის დროს ის ქუთაისში საერთოდ არ იმყოფებოდა.

პროკურორი ე.ქ. ითხოვს დ.ს-ს მიმართ განაჩენიდან სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების ამორიცხვას და სსკ-ს 19,108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასლები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ა.ს. მას არ მოუკლავს და დანაშაულის ჩადენის დროს ქუთაისში არ იმყოფებოდა, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მოწმეების: ვ.ბ-ს, ნ.დ-ს, გ.ბ-ს ჩვენებებით, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, უდავოდაა დადგენილი, რომ 2000წ. 29 მაისს, 00 საათსა და 30 წუთზე, დ.ს-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ა.ს-ს. საქმის მასალებით დადასტურებულია აგრეთვე, რომ დ.ს-სა და ა.ს-ს ოჯახებს შორის არსებობდა დავა, რის გამოც 2000წ. მაისის შუა რიცხვებში დ.ს-სა და ა.ს-ს შორის მოხდა ინციდენტი (რა დროსაც ამ უკანასკნელმა სცემა დ.ს-ს) და სწორედ აღნიშნული ინციდენტის გამო იძია შური დ.ს-მა ა.ს-ზე.

ამდენად, პალატას მსჯავრდებულ დ.ს-ს მიმართ სსკ-ს 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულად მიაჩნია.

რაც შეეხება დ.ს-სთვის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, იმის გათვალისწინებით, რომ ნივთმტკიცება, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ამოღებული არ არის, პალატას მიაჩნია, რომ დ.ს-ს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდება უნდა მოეხსნას, როგორც არასწორად წარდგენილი.

ამასთან, პალატა თვლის, რომ დ.ს-სთვის სსკ-ს 19,108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის ზომა უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დ. ს-ს მოეხსნას სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და მის მიმართ საქმე ან ნაწილში შეწყდეს.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.