Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 196-დად 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

დ. სულაქველიძე

განიხილა ო. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. მ-ს 2003წ. 22 აგვისტოს დადგენილების გაუქმებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 16 ივლისს ისანი-სამგორის შს სამმართველოს განცხადებით მიმართა თ. ჩ-ნმა და ო. კ-ის მიმართ მოითხოვა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის ავტომანქანის მოტყუებით გატაცების გამო.

თავის მხრივ, ო. კ-მ განცხადება შეიტანა საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და მოითხოვა პოლიციელების: რ. გ-ს, რ. ი-ს და სხვების დასჯა, რომლებმაც თ. ჩ-ს დავალებით მეტრო “წერეთლის” ტერიტორიაზე სცემეს მას, შემდეგ გაიტაცეს და მიიყვანეს ვანის ქუჩაზე არსებულ რკინიგზის ჩიხში, სადაც კვლავ მიაყენეს დაზიანებები. თ. ჩ-ს და ო. კ-ს განცხადებები, შემოწმების მასალებთან ერთად, მოკვლევისათვის გადაეგზავნა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას.

ისანი-სამგორის პროკურორის თანაშემწე მ. მ-ს 2003წ. 22 ავგისტოს დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ო. კ-ს მიმართ _ თ. ჩ-ს ავტომანქანის მოტყუებით გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამავე დადგენილებით ასევე არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების: რ. გ-ს, რ. ი-ს, თ. გ-სა და მ. ლ-ს მიმართ _ ო. კ-სათვის დაზიანების მიყენების ფაქტზე, ქმედების არამართლსაწინააღმდეგობის გამო.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 25 ივლისს არ დააკმაყოფილა ო. კ-ს საჩივარი პოლიციელების მიმართ პროკურატურის დადგენილების გაუქმების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

კერძო საკასაციო საჩივრით ო. კ. ითხოვს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის და ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. მ-ს 2003წ. 22 აგვისტოს დადგენილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მოკვლევის მასალების საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაგზავნას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სასამართლოს დადგენილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მოსამართლემ არ შეამოწმა გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება და მის საჩივარში მოყვანილი მოტივები. მიუხედავად იმისა, რომ მოკვლევის მასალებში აშკარად ჩანდა მის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სასამართლომ მიიღო ტენდენციური და უკანონო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატის სხდომაზე ო. კ-მ მოითხოვა მისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. მ-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ მან მოკვლევა ჩაატარა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. მისი დადგენილება პოლიციის მუშაკების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ სასამართლოს დადგენილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მოკვლევის დროს მოპოვებულ მასალებს კი სათანადო სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული და, ამდენად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება პოლიციის თანამშრომლების: რ. გ-ს, რ. ი-ს, თ. გ-ს, მ. ლ-ს მიმართ არასწორია. პალატას მიაჩნია, რომ პროკურატურამ დამატებითი გამოკვლევის დროს უნდა იმსჯელოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, რათა საგამოძიებო მოქმედებებით შეამოწმოს ო. კ-ს საჩივარში მითითებული გარემოებები _ პოლიციელების მხრიდან მისი ცემის, სხეულის დაზიანების მიყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, მისი და პოლიციელების დაპირისპირებებით უნდა აღმოფხვრას მათ ახსნა-განმარტებებში არსებული წინააღმდეგობები. უნდა ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ო. კ-ს დაზიანების ხარისხის დასადგენად. ამ და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ იქნეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის დადგენილება და ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწე მ-ს 2003წ. 22 აგვისტოს დადგენილება რ. გ-ს, რ. ი-ს, თ. გ-ს, მ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

მოკვლევის მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.