Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-307(კ-20) 16 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ფ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 1 მარტს მ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 31 მარტის N245664 განცხადებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან გამოითხოვა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობის შესახებ მივლინებაში წასვლისა და დაბრუნების ბრძანების ასლები. 2015 წლის 16 აპრილის ბრძანების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტით ცნობილ იქნა ბრიგადის დისლოკაციის ადგილის თვითნებურ მიმტოვებლად, მაგრამ ბრიგადის დისლოკაციის რომელი ადგილი მიატოვა და როდის, ბრძანებიდან არ ჩანს. ასევე, მოსარჩელისთვის არ მიუციათ ამ ბრძანების გამოცემის მატერიალური დოკუმენტი, არ არის დათარიღებული და გაურკვეველია ვინ შეადგინა ე.წ. „N33 პატაკი". აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2015 წლის 1 ოქტომბერს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტში გამართული ზეპირი მოსმენის დროს დაადასტურა მისი მოთხოვნის მართლზომიერება. კერძოდ, განხილვის შედეგად გაირკვა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მატერიალური საფუძველი - ე.წ. „N33 პატაკი" არ არსებობს, ხოლო 505-ე ბატალიონის მეთაური, რომელიც თავისი ბატალიონის მთელ შემადგენლობას, სადაც მოსარჩელე ირიცხებოდა, მიიჩნევს საბრძოლო მოქმედებების რეგიონის თვითნებურ მიმტოვებლებად. მოსარჩელის განმარტებით, მას ბატალიონის მეთაური საბრძოლო მოქმედებების რეგიონში საერთოდ არ უნახავს.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების ამსახველი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების ნაცვლად, სრულიად არაადეკვატური და უმართებულო დასკვნა მოამზადა, რაც გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის NMOD 9 15 00000847 ბრძანების გამოცემის საფუძველი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველად. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის NMOD 9 15 00000847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამინისტროს, საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსარჩელის თანდასწრებით განახლდა საჩივრის განხილვა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გარემოებები არ გამოვლენილა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის NMOD 3 19 00000009 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება გამოცემულია საქმეში არსებული გარემოებების ტენდენციურად შესწავლისა და შეფასებების საფუძველზე, რის გამოც იგი ბათილად ცნობას ექვემდებარება.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ არამართებულია ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტიც, ვინაიდან ამ ბრძანებას არ გააჩნია წერილობითი დასაბუთება და გამოცემულია მისგან ახსნა-განმარტების მიღების გარეშე. ასევე გაურკვეველია ბრძანების გამოცემის მატერიალური საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD31900000009 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების თაობაზე, გამოცემის დავალება. ასევე მოითხოვა მ. ფ-ის 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის თაობაზე ცნობის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანება მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების თაობაზე; მ. ფ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, მ. ფ-ი ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 პარაგრაფის თანახმად, ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს N290 ტელეფონოგრამის საფუძველზე გაწვეულ იქნა შემდგომი სამსახურის გავლის მიზნით და ჩაირიცხა ...-ე ბრიგადის საომარი მდგომარეობის შტატში დამატებით განკარგულებამდე. ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N1 ბრძანების მე-5 პარაგრაფის თანახმად, ბრიგადისა და მასში შემავალი რეზერვისტთა მსუბუქი ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობა (მათ შორის მ.ფ-ი) დაბა ვაზიანიდან გადაიყვანეს ...ში, საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის თანახმად, რიგითი მ. ვ-ის ძე ფ.-ი ჩაითვალა თვითდათხოვნაში თვითნებურად დისლოკაციის ადგილის მიტოვების გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/9813-15) მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 19 ნოემბრის MOD 9 15 00000847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოარკვია, რომ 2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, ქ. გორის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვამ რეზერვისტებში გამოიწვია პანიკა, რომლის შემდგომაც ავტობუსებში მსხდომმა რეზერვისტებმა აიძულეს ავტობუსის მძღოლები წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით. თბილისში დაბრუნების შემდგომ რეზერვისტებმა იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ჩააბარეს ვაზიანში სამხედრო პოლიციას; 505-ე ბატალიონს დასმული ამოცანის შესრულებაში ხელი შეუშალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა რეზერვისტებს და უთხრა, რომ ჩასულიყვნენ ავტობუსებიდან და წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით. დასახელებული პირი, პირადად ესაუბრა ბატალიონის მეთაურს და მოსთხოვა პირადი შემადგენლობის გადაყვანა ქალაქის გასასვლელთან, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი. მიუხედავად ამისა, პირადი შემადგენლობა, მძღოლებთან ერთად, არ დაემორჩილა ბატალიონის მეთაურს და მიატოვეს დროებითი დისლოკაციის ადგილი. ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფიდან გამომდინარე, 505-ე ბატალიონის 223 რეზერვისტი, მათ შორის, მ. ვ-ის ძე ფ.-ი, დისლოკაციის ადგილის მიტოვების გამო ჩაითვალნენ თვითდათხოვნაში მყოფებად.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული მ. ფ-ის მიერ დისლოკაციის ადგილიდან (გორიდან) თბილისის მიმართულებით მეთაურის ნებართვით გადაადგილების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამგვარი მტკიცებულების (მათ შორის, მოწმის ახსნა-განმარტების) წარმოდგენა ასევე ვერ უზრუნველყო მ. ფ-მა. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილების უფლება აქვს შესაბამისი მეთაურის ბრძანებით, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია დაემორჩილოს მეთაურს, ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.

14.08.2008 წლის და 16.08.2008 წლის N655 მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, რომ მ. ფ-ი დისლოკაციის ადგილიდან (გორიდან) თბილისის მიმართულებით გადაადგილდა, დისლოკაციის ადგილი დატოვა მეთაურის კანონიერი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მისი ნებართვის გარეშე. რაც ქმნიდა ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 10.08.2008 წლის N3 ბრძანების (მ. ფ-ის ნაწილში) გამოცემისა და მ. ფ-ის თვითდათხოვნაში მყოფად მიჩნევის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ თავდაცვის სამინისტრომ სადავო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად და არსებითად არ შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანება მ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ -საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების თაობაზე; მ. ფ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. მ. ფ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

სასამართლო მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ("სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილების უფლება აქვს შესაბამისი მეთაურის ნებართვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე მივლინებაში იგზავნება სამხედრო ხელმძღვანელობის ნებართვით, შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა. ამასთან, არ შეიძლება მეთაურის ბრძანების გარეშე ადგილსამყოფლის დატოვება. ამავე კანონის 45.4 მუხლით განსაზღვრულია დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს მხედრული მოვალეობა და დაემორჩილოს მხოლოდ შესაბამისი წესდებით განსაზღვრულ სამხედრო დანაყოფის მეთაურს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩაითვლება თვითდათხოვნაში და შესაძლებელია ამავე დროს დაეკისროს პასუხისმგებლობა სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს 505-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ - მოსარჩელე მ. ფ-მა ბრიგადის დროებითი დისლოკაციის ადგილი მიატოვა თუ არა თვითნებურად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნეს გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინება საქმეზე ზ. ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ თბილისის საპატრულო პოლიციის მიმართ).

განსახილველ შემთხვევაში, გვარდიის ...-ე ბრიგადის მეთაურის დ.ბ-ის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის თანახმად, 505-ე ბატალიონის ყველა- 223 რეზერვისტი და მათ შორის, მ. ფ-იც, დისლოკაციის ადგილის მიტოვების გამო ჩაითვალნენ თვითდათხოვნაში მყოფებად. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული წარმოედგინა შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებაც იმისა, რომ მ. ფ-მა დროებითი დისლოკაციის ადგილი მიატოვა თვითნებურად მაშინ, როდესაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან დატოვა სამხედრო დანაყოფის ადგილსამყოფელი სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ სამხედრო დანაყოფის ადგილსამყოფელი დატოვა მისთვის უცნობი პირის განკარგულებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით მ. ფ-ის მიერ სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფლის დაუდგენელი, არაუფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე დატოვების ფაქტი უტყუარად არ დასტურდება. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, რეზერვისტებისათვის სავალდებულოა არა მხოლოდ ბატალიონის მეთაურის ან მასზე უფრო ზემდგომის, არამედ ასევე მაიორის, ოფიცრის, ისე სერჟანტის და სხვა სამხედრო წოდების პირთა მოთხოვნის შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად ვერ გამოირიცხება, რომ ქ. გორის დატოვების შესახებ ბრძანება შესაძლოა გაიცა რომელიმე ოფიცრისა თუ სერჟანტის მიერ.

საქმის მასალებით უტყუარად ვერ დადასტურდა დისლოკაციის ადგილიდან ქ. თბილისისაკენ ორგანიზებულად გადაადგილების ბრძანება კონკრეტულად ვის მიერ იქნა გაცემული (ეს იყო ... გ-ი, ბრიგადის მეთაური ზ. ხ. ი-ი, სხვა პირი, თუ იყო რეზერვისტთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება), ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, არ შეიძლება გადაწყდეს განმცხადებლის ინტერესების საზიანოდ. შესაბამისად, ცხადია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ისე სასამართლო განხილვის პროცესში, სარწმუნო მტკიცებულებების მოძიების ვალდებულების უგულებელყოფის შედეგად, ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის დაძლევა და 2019 წლის 24 იანვრის ბრძანებით სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მ. ფ-ის 2015 წლის 21 ივლისის საჩივარი 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც ასევე გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცედურების დაცვის გარეშე (არ იყო მოწვეული დაინტერესებული მხარეები, არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა, ასევე არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტისათვის აუცილებელ რეკვიზიტებს, გასაჩივრების ვადას, ორგანოს და ა.შ.), ხოლო სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული პატაკი N33 არ იძებნება.

საკასაციო სასამართლო შეფასებას აძლევს რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერებას, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - ჩაატაროს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, სრულფასოვნად, საქმის გარემოებათა ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიუკერძოებლად და კანონიერად გადაწყვიტოს დავა, ემსახურება სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე. პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურება კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის მასალები და კანონიერად და ობიექტურად გადაწყვიტა დავა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე