Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 199-აპ 17 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ახალაძე

განიხილა დაზარალებულების _ რ. და ნ. ხ-სა და მათი დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს, აგრეთვე, მსჯავრდებულ რ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. რ. მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და 212-ე მუხლით (2000წ. 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის _ ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობითა და ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენისათვის, აგრეთვე მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცებისათვის, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვთა 7 წლის ვადით.

მსჯავრდებულს, იგივე სამოქალაქო მოპასუხე რ. რ-ს, დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 57100 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით რ. რ-ს ქმედება, რის გამოც იგი ბრალეულად იქნა ცნობილი ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, გამოიხატება შემდეგში:

მსჯავრდებული რ. რ. და გამოძიებით დაუდგენელი პირთა ჯგუფი წინასწარ შეთანხმდნენ, რომ უკანონოდ შეაღწევდნენ ქ. ქუთაისში, ... მცხოვრები რ. და ნ. ხ-ების საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდნენ მათ კუთვნილ პირად ქონებას დიდი ოდენობით, ხოლო მსჯავრდებული რ. რ. მის მფლობელობაში არსებული, ქ.ქუთაისის სააქციო საზოგადოება “ტურისტის" კუთვნილი, “ლაზ 669" მარკის “დბც-631" სახელმწიფო ნომრის ავტობუსით უზრუნველყოფდა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან, ე.ი. დაზარალებულების _ რ. და ნ. ხ-ების ბინიდან, გასატაცებლად წინასწარ მომზადებული ქონებისა და თანამზრახველ პირთა ჯგუფის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. წინასწარი Eშეთანხმების განსახორციელებლად იგი 1999წ. 8 სექტემბერს ავტობუსით მივიდა პუშკინის ქუჩის ბოლოს, ე.წ. “წულუკიძის” ბაღთან, სადაც ავტობუსის ძრავის გაუთიშავად დაელოდა სასურველ მომენტს. ამის შემდეგ, დაახლოებით 13 საათზე, ავტობუსი მიაყენა ... ¹8 ბინის შესასვლელ კართან ქუჩის მხრიდან, შეუპირისპირა ავტობუსის წინა კარი ხ-ების ბინაში შესასვლელ კარებს ისე, რომ პრაქტიკულად ავტობუსსა და ბინას შორის გასასვლელი არ დარჩა, გააღო ავტობუსის კარი, რის შემდეგ ეზოს გავლით, საპირფარეშოს კარის შეტეხვის გზით ხ--ების ბინაში შესულმა ბოროტმოქმედებმა დაზარალებულების კუთვნილი ქონება შეზიდეს რ. რ-ს ავტობუსის სალონში და დატოვეს დანაშაულის ჩადენის ადგილი. ამ მოქმედებით მათ დაზარალებულების _ რ. და ნ. ხ-ების ბინიდან გაიტაცეს 133 დასახელების, სულ 57100 ლარად ღირებული ნივთები, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს დიდი ოდენობის ზიანი.

რ. რ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ასევე დაზარალებულ ბ. რ. ხ-ს კუთვნილ არაქონებრივ დოკუმენტებს, კერძოდ, საერთაშორისო სწავლების ცენტრ “თასისისა” და საერთაშორისო ინფორმატიკის ცენტრის კურსების დამთავრების სერტიფიკატებს, რის შემდეგაც თავისი ავტობუსით, თანამზრახველებთან ერთად, პუშკინისა და შემდეგ წერეთლის ქუჩების გავლით, სწრაფად გაეცალა შემთხვევის ადგილს და მიიმალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. რ-მ და მისმა დამცველებმა, აგრეთვე დაზარალებულებმა _ რ. და ნ. ხ-ებმა სააპელაციო საჩივრებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას. დაცვის მხარე თავისი საჩივრებით ითხოვდა ხსენებული განაჩენის გაუქმებასა და რ. რ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. დაზარალებულები თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის მსჯავრდებულისათვის საუარესოდ შებრუნებასა და მის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა აღნიშნული საჩივრები და 2003წ. 24 ივნისის განაჩენით არ დააკმაყოფილა ისინი, რადგან უსაფუძვლოდ მიიჩნია მათში მოცემული მოთხოვნები და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ რ. რ-ს მიმართ დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის განაჩენის შესახებ დასახელებულმა მხარეებმა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ აღნიშნული პალატის წინაშე დააყენეს იგივე მოთხოვნები, რაც ჩამოყალიბებული იყო სააპელაციო საჩივრებში, მაგრამ ამჯერად ეს მოთხოვნები ეხებოდა სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განაჩენს.

საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულ რ. როხვაძის ადვოკატებმა _ დ. მ-მ და დ. დ-მა მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

დაზარალებულებმა _ რ. და ნ. ხ-ელებმა, ასევე მათმა დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ მოხსნეს თავიანთი საკასაციო საჩივრები და მოითხოვეს მსჯავრდებულ რ. რ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ბ. გ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენის სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასარგებლოდ ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის _ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ შემცირება 5 წლამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა რ. რ-ს ბრალდების საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულ რ. რ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებში მოიპოვება რ. რ-ს დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის დამადასტურებელი მრავალი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუთითებენ იმაზე, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია. ასეთი დასკვნა უშუალოდ გამომდინარეობს დანაშაულის შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიდან თუ სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც საქმეში მოიპოვება.

პალატა არ იზიარებს რ. რ-ს ჩვენებას, რომლის მიხედვით დანაშაულის შემთხვევის დღეს მისი ავტობუსი მისთვის უცნობმა პირებმა დაიქირავეს ტვირთის გადასაზიდად, ამიტომ მან არ იცოდა, რომ მისი ავტობუსით მოპარული ნივთები უნდა გადაეტანათ, ხოლო, როდესაც პოლიციელთა რეიდი შენიშნა და ავტობუსი უნდა გაეჩერებინა, ის მისმა მგზავრებმა ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის განხორციელების მუქარით აიძულეს, გაეგრძელებინა გზა, რის გამოც მოკლებული იყო ფიზიკურ შესაძლებლობას, მართლზომიერად ემოქმედა.

საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით დგინდება, თუ რა მოქმედებებსა და მანევრებს ახორციელებდა რ. რ. თავისი ავტობუსით დანაშაულის ჩადენის ადგილზე მისვლისას, იქ ყოფნის პერიოდში და ამ ადგილის დატოვებისას, რაც სრულიად აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ის მოქმედებდა შეგნებულად და სხვა დამნაშავეებთან შეთანხმებულად, ერთიანი განზრახვით.

აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ რ. რ-ს მიმართ გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად. იმავე მოსაზრებებით ვერ დაკმაყოფილდება საკასაციო განხილვაში მონაწილე პროკურორის მოთხოვნა მსჯავრდებულ რ. რ-ს მიმართ სასჯელის შემცირების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. რ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. რ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.