გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 199-დად 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა ნ. წიქარიშვილის საკასაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. დურგლიშვილის 2003წ. 2 ივლისის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქმის გარემოებები შემდეგშია:
ნ. წ0მა განცხადებით მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ ¹104 მაღაზიის პრივატიზაციისას, სს “მამულის” გენერალური დირექტორის კ. მ0ს მიერ ადგილი ჰქონდა დოკუმენტების გაყალბებას.
თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა მ. მ0მ 2002წ. 7 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება კ. მ0ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ეს დადგენილება ნ. წ-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც გაუქმდა მითითებული დადგენილება და მასალები დამატებითი შემოწმების მიზნით სათანადო მითითებებით დაუბრუნდა თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს.
საკითხის განმეორებით შესწავლის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კ. მ-ს მხრივ დოკუმენტების გაყალბებას ან სხვა დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, 2003წ. 26 მარტს, კვლავ იქნა გამოტანილი დადგენილება კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
ეს პოზიცია გაიზიარა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. დურგლიშვილმა და 2003წ. 2 ივლისის დადგენილებით _ 2003წ. 26 მარტის დადგენილება კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ _ დატოვა უცვლელად.
ითხოვს რა სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, ნ. წ. უთითებს, რომ კ. მ-ს მიერ წარმოდგენილი მაღაზიის პრივატიზირების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა, იგი ყალბია და სათანადო ორგანოების მიერ არ ყოფილა გამოკვლეული, მიუხედავად მისი მხრივ არაერთგზის მიმართვისა, სიყალბე ნ. წ-ს აზრით, გამოიხატა მასში, რომ კ. მ-მა სს “მამულის” რეგისტრაციის დროს წარადგინა დოკუმენტები, რომელიც ხელმოწერით და ბეჭდით არ იყო დამოწმებული.
საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. წ-ს ადვოკატი გ. ი. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.
კ. მ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ჯ. ითხოვენ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
პროკურორმა თ. ჭ-მა იშუამდგომლა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება მოცემულ საკითხზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თავის საჩივრებში ნ. წიქარიშვილი განმარტავდა, რომ სს “მამულის” საწესდებო კაპიტალში ¹104 მაღაზია არასწორად არის შეტანილი. საწესდებო კაპიტალში ამ მაღაზიის შეტანა განხორციელდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის დადგენილების დანართის საფუძველზე. როგორც კასატორი უთითებს, ეს დანართი შედგენილია თვით კ. მ-ს მიერ და ამ ყალბი დოკუმენტით შეცდომაში შეიყვანა სახელმწიფო ორგანოები.
საკასაციო პალატამ გამოიკვლია ეს გარემოებები და თვლის, რომ დოკუმენეტის გაყალბების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა არქივში არსებული 1998წ. 21 მაისის ¹04355/7-8 წერილი, რითაც გამოირიცხა კ. მ-ს მიერ მისი გაყალბების შესაძლებლობა. ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ მაღაზია ¹104 შესულია სს “მამულის” საწესდებო კაპიტალში, რასაც ადასტურებს ქონების მართვის მინისტრის მოადგილე თავისი ხელმოწერებით.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა, თუ სახელდობრ, რა დოკუმენტი გააყალბა კ. მ-ლმა ან რა მოქმედებები შეასრულა დოკუმენტების გაყალბების მიზნით. მიუხედავად არაერთგზის შემოწმებისა კ. მ-ს მხრივ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტები დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებასთან არ დადასტურდა. ასეთ ვითარებაში სწორია მოსამართლის დადგენილება, რომელმაც საფუძვლიანად ჩათვალა, რომ არ არსებობდა კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ და არ აკმაყოფილებს მას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2003წ. 2 ივლისის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის 2003წ. 26 მარტის დადგენილება კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.