Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-388(კ-21) 16 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 15 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ა. ჯ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 23 ოქტომბრის N7440 ბრძანებით ა. ჯ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში. ამავე დღეს ა. ჯ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N6683 ბრძანებით დამტკიცებული N4918/17 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე" იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს" სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად. კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა 4 წლამდე ვადით. ზემოაღნიშნული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას „სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 3 სექტემბრის N4134 ბრძანებით, ა. ჯ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე" (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის) და „თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებით. მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურობამ ზემოაღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე შეადგინა 1 წელი 7 თვე და 18 დღე. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ა. ჯ-ისათვის ჯარიმის - 3 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 21 ივლისს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, ა. ჯ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, ყადაღის დადება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდ; ყადაღა დაედო 3000 ლარის ფარგლებში ა. ჯ-ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა. ჯ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 1500 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა იმავდროულად, პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების სახისა და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 3 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებას.

აქვე საპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის მითითებით, არ იზიარებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპასუხის მიმართ მოთხოვნილი ჯარიმის შემცირებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 117-ე, 118-ე და 420-ე მუხლებზე მთითებით და განმარტავს, რომ მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი 5 პრიმა პუნქტი განსაზღვრავს, რომ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-6 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას და ვადას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე დებულების მე-18 თავით განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი, ხოლო მე-18 თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობად, კერძოდ ესენია: ჯარიმა, პირგასამტეხლო, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხა, კომპენსაცია ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული აანაზღაუროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

კასატორის მითითებით, კანონმდებლობამ და სასამართლო პრაქტიკამ ერთმანეთისგან განასხვავა სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ხოლო რაც შეეხება, კან ონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას, იმის და მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას.

კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა. ჯ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება და ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო პირის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლოს შეფასების საგანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება უპირობოდ არ ნიშნავს მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.

საქმის მასალების დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჯ-ეს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №4918/17 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ". ამავე კონტრაქტის 3.1. პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოპასუხე ვალდებული იყო ემსახურა კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში, რომელიც შეადგენდა 4 (ოთხ წელს).

კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ჯ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 01 წელი, 07 თვე და 18 დღე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში 1500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს ხსენებული უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ ახდენს კასატორის მიერ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-947(კ-19), 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-908(კ-19), 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე