Facebook Twitter

№ბს-1119(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ, მოპასუხისათვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახდელი თანხის - 6119,87 (ექვსიათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის დაკისრების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...ს“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 6119,87 (ექვსიათას ასცხრამმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად გაიზიარეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავალიანება უნდა გადაეხადა შპს „...ს“, რადგანაც მათ მიერ წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულებებით დგინდებოდა თუ ვის უნდა გადაეხადა დასუფთავების მოსაკრებელი. შპს „...ი“ არ ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოშობს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. საწარმო დაკავებულია მხოლოდ კომერციული ფართების იჯარა - გაქირავებით და ყველა გადასახადის გადახდა ხდება მხოლოდ მოიჯარეების მიერ მათ მიერ დაკავებული ფართების მიხედვით.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მსჯელობას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილების დანართი 1 - ის მე-7 პუნქტის თანახმად შპს „...ი“ იყო ვალდებული 30 კალენდარული დღის ვადაში ეცნობებინა შესაბამისი სამსახურებისათვის მოიჯარეების საქმიანობის შესახებ, ვინაიდან შპს „...ის“ მიერ წარდგენილი იქნა მერიის შესაბამის სამსახურში ინფორმაცია მოიჯარეების შესახებ, მაგრამ მერიის მიერ მოხდა მხოლოდ წყლის გადასახადის გადამხდელებად ცალკე სუბიექტების დარეგისტრირება, რაც შეეხება დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად რეგისტრაცია მერიის მხრიდან არ მომხდარა, რაც კასატორის მითითებით, სამართლებრივად შპს „...ის“ პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად დასუფთავების გადასახადი უნდა მოეთხოვათ არა შპს „...ისთვის“, არამედ მოიჯარეებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს - შპს „...ისათვის“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახდელი თანხის - 6119,87 (ექვსიათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილების დანართი №1-ის, კერძოდ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრულია მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები, რომლის თანახმადაც: 1. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია დადაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად; 2. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი. (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ); 3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე; 4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს; 5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე; 6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე; 7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან; 8. ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ; 9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ს...ა“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, დერატიზაციას, დეზინფექციას, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას.

შპს „...ი“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია - ..., ხოლო იურიდიული მისამართად მითითებულია - ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №6.

შპს „...ი“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის რეესტრის წარმოება ხორციელდება სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით.

სს „ე...ას“ ბილინგ სისტემის რეესტრის თანახმად, ელექტროენერგიის მომხმარებლად სააბონენტო კოდით ... და შესაბამისად გადამხდელად ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №6-ში რეგისტრირებულია მხოლოდ შპს „...ი“.

2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „...ის“ (აბონენტის კოდი ...) დავალიანება შეადგენს 6119,87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარს. შპს „...ის“ მიერ დავალიანება დაფარული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ზურაბ ქაშიბაძის განმარტებით დადგენილია, რომ საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის რეესტრის წარმოება ხორციელდება მხოლოდ სს „ე...ას“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით, შესაბამისად სს,,ე...ას“ სისტემაში წარმოებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა-დაანგარიშების პროგრამა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტ შპს „...ის“ წარმომადგენელის, დირექტორ ო. წ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, სს „ე...ას“ ბილინგ სისტემის რეესტრის მიხედვით ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №6-ში აბონენტად და ამდენად, შესაბამის გადამხდელად, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისათვისაც რეგისტრირებულია მხოლოდ შპს „...ი“. შესაბამისად, ის თავად კრებს მის საკუთრების უფლების საგანს განკუთვნილ უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მისსავე საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართებში განთავსებული ცალკეული მოიჯარეებისაგან ელექტროენერგიის გადასახადს და თავადვე ახდენს მის გადახდას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შპს „...ის“ დირექტორ ო. წ-ისადმი 2015 წლის 30 მარტის №25/6142 წერილის თანახმად, მას, როგორც შპს „...ის“ დირექტორს, ეცნობა იმის თაობაზე, რომ „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №19 დადგენილების შესაბამისად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების მონაცემთა ... მიხედვით 2015 წლის 1 მარტის მდომარეობით შპს „...ს“ ერიცხებოდა დავალიანება 4239,26 ლარის ოდენობით და მოეთხოვა მიმდინარე დავალიანების თანხის ჩარიცხვა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შპს „...ის“ დირექტორ ო. წ-ისადმი 2015 წლის 28 დეკემბრის №25/24385 წერილის თანახმად, მას, როგორც შპს „...ის“ დირექტორს, ეცნობა იმის თაობაზე, რომ მას, 2015 წლის 30 მარტის №25/6142 წერილით ეცნობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების მონაცემთა ბაზაში შპს „...ის“ სააბონენტო ანგარიშზე (სააბონენტო კოდი ...) დარიცხული დავალიანება 4239,26 ლარის თაობაზე, რასაც რეაგირება არ მოყოლია. ამავე წერილითვე შპს „...ის“ დირექტორ ო. წ-ეს ეცნობა, რომ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილების მე-17 პუნქტის თანახმად დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა , აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს, ან ოპერატორს (პუნქტი 22), რაც შპს „...ის“ მიერ არ განხორციელებულა და რომ 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ... მონაცემებით ამავე ობიექტისთვის დავალიანებამ შეადგინა 5669,48 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაცხრა ლარი და 48 თეთრი) ლარი. ამასთან მოცემული წერილით შპს „...ის“ დირექტორს დაგროვილი დავალიანების გადახდასთან ერთად ეთხოვა იმ სახის დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბაზაში მონაცემების დაზუსტება.

საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით დავალიანების მქონე აბონენტების შესახებ დადგენილია, რომ 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „...ის“ (აბონენტის კოდი ... (…) დავალიანება შეადგენს 6119,87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარს.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შპს „...ის“ დირექტორ ო. წ-ისადმი 2016 წლის 29 დეკემბრის №25/20977 წერილის თანახმად, მას, როგორც შპს „...ის“ დირექტორს, ეცნობა იმის თაობაზე, რომ შპს „...ს“, რომლის სააბონენტო კოდია ..., 2013 წლიდან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა 307.70 კვ.მ ფართზე სამრეწველო მაღაზიის კატეგორიის, ხოლო 170 კვ.მ ფართზე - მცირე სამეწარმეო საქმიანობაზე განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და 2013 წლის მაისიდან აღნიშნული მაჩვენებელი შეიცვალა და დარიცხვა განისაზღვრა 24 კვ.მ. საოფისე ფართზე -3.60 (სამი ლარი და 60 თეთრი) ლარით, 522.71 კვ.მ სამრეწველო მაღაზიის ფართზე -141,13 (ასორმოცდაერთი ლარი და 13 თეთრი) ლარით და 45 კვ.მ დახურული ტიპის სასაწყობო ფართზე-5.40 (ხუთი ლარი და 40 თეთრი) ლარით, რაც ჯამში შეადგენს 150.13 (ასორმოცდაათი ლარი და 13 თეთრი) ლარს. მასვე დამატებით ეცნობა, რომ სს „ე...ას“ სისტემაში, რომელშიც წარმოებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა-დაანგარიშების პროგრამა, არ არის დეტალური ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ არასაცხოვრებელ ფართში განთავსებული მოიჯარეთა სახელობითო სიისა და მათ მიერ დაკავებულ ფართზე წარმოებული საქმიანობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „...ი“ თავად არ ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოქმნიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და ასეთ საქმიანობას მხოლოდ მოიჯარეები ახორციელებდნენ, იგი ვალდებული იყო ამის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ეცნობებინა სამსახურის ან ოპერატორისათვის და წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობებში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ვერ განხორციელდებოდა, მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის რეესტრის წარმოება ხორციელდება მხოლოდ სს „ე...ას“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით, ხოლო სს „ე...ას“ ბილინგ სისტემის რეესტრის მიხედვით ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №6-ში აბონენტად და შესაბამის გადამხდელად, რეგისტრირებულია მხოლოდ შპს „...ი“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 17.10.2019წ. საგადახდო დავალებით №512491010 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 15.07.2020წ. შემოსავლის დოკუმენტით №39770/5782 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი