Facebook Twitter

საქმე Nბს-575(კ-20) 13 დეკემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ხ-მა 24.07.2018წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა გ. ხ-ის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 20.06.2018წ. განკარგულების ბათილად ცნობა და კომისიისათვის მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2019წ. გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.06.2018წ. განკარგულება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2019წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრებით უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, უფლებაასაღიარებელი 139 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ 140 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. სადავო მიწის ნაკვეთზე ამჟამად გაშენებულია მრავალწლოვანი მცენარეები. გ. ხ-მა 25.05.2018წ. მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 139 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო მოპასუხის 20.06.2018წ. სადავო განკარგულებით გ. ხ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობა და თვითნებურად დაკავების ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით სარწმუნოდ არ დადასტურდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კონკრეტული გარემოებების შესწავლის ფაქტი. კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილად და ობიექტურად უნდა შეეფასებინა ის. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის შემოღობვა წარმოადგენს არა ერთადერთ, არამედ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ნიშანს. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი 139 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შემოღობილი (გამიჯნული) არ არის, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება გამხდარიყო იმ დასკვნის საფუძველი, რომ ნაკვეთის ფლობა და მისით სარგებლობა არ დასტურდება. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, რომელზეც გაშენებულია მრავალწლიანი ციტრუსის ნარგავები. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებად მიიჩნია მხოლოდ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან სარგებლობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 09.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დაადგინა, რომ არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთანავე კასატორის მოსაზრებით, მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან ღობეში და არ დგინდება მიწის ნაკვეთით სარგებლობა და მისი გამოყენება რაიმე მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე მსჯელობისას დეტალურად არ შეუსწავლია და არსებული თუ დამატებით მოსაძიებელი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო სასამართლო უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის რეალური მდგომარეობა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის ამ კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამდენად საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება, ამასთან, ამ მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებითაც გამოირიცხება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ისეთი საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა რა შემთხვევაშიც მიწა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაედგინა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იგი ემიჯნებოდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამასთანავე, უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გამომრიცხველი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი