საქმე №ბს-927(გ-21) 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ვ. მ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 24 სექტემბერს ვ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, როგორც პრივატიზაციის განმახორციელებელი ორგანოსათვის, ნ. მ-თან 1999 წელს დაწყებული პრივატიზაციის პროცესის დასრულების, კერძოდ, მის მემკვიდრე - ვ. მ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ცხვრის ფერმაზე საკუთების უფლების დადასტურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1999 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მიერ პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა სოფელ ...ში მცხოვრები ნ. მ-ი, რომელმაც შეიძინა საპრივატიზაციო ობიექტი - ცხვრის ფერმა, 100 აშშ დოლარად. თანხა გადახდილ იქნა შესაბამის ანგარიშზე. ამასთან, პრივატიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ 1999 წლის 31 აგვისტოს გაცემულ იქნა აუქციონში გამარჯვების №19.2 ოქმი, თუმცა პრივატიზაციის პროცესი არ დასრულებულა, ნ. მ-თან ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არ გაცემულა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელის განმარტებით, ნ. მ-ი გარდაცვალებამდე ფლობდა და სარგებლობდა სადავო ფერმით. მისი გარდაცვალების შემდგომ (09.04.2019წ.) ფერმის მართვას შეუდგა მისი შვილი - ვ. მ-ი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო დედის ქონება, მათ შორის ფერმაც, თუმცა მარეგისტრირებელმა ორგანომ ფერმის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელის მითითებით, პრივატიზაციის პროცესის დასრულების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ვ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მან ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დავა სასამართლოს განსჯადი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ვ. მ-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნებოდა იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფებოდა მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში, ვ. მ-ის მიერ სარჩელი აღძრული იყო სასამართლოში მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართ და მხარე ითხოვდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის, როგორც პრივატიზაციის განმახორციელებელი ორგანოსათვის ნ. მ-თან 1999 წელს დაწყებული პრივატიზაციის პროცესის დასრულების, კერძოდ - მის მემკვიდრე - ვ. მ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მისი საკუთრების უფლების დადასტურების დავალებას თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ცხვრის ფერმაზე. შესაბამისად, უძრავი ქონება, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხებოდა დავა მდებარეობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში. სასამართლომ დამატებით მიუთითა, ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე კანონის 12.2 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ,,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც შეიქმნა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტო) რეგიონული ქვედანაყოფები. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მუხლის თანახმად, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფები წარმოადგენენ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს. დასახელებული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი (გარდა დასავლეთ საქართველოს სასაწყობე მეურნეობის მართვის სამსახურისა) თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: ა)მართავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; ბ)მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; გ)აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; დ)უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას; ე)ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერებას; ვ)ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის(აქციონერის) უფლებამოსილებებს; ზ)ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას; თ)კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში; ი)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას შედეგად არ უნდა გამოეწვია ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში განსჯად სასამართლოდ განსაზღვრულიყო უშუალოდ სარჩელში მოპასუხე მხარედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი. განსახილველ შემთხვევაში მართალია ვ. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელში მოპასუხე მხარედ დასახელებული იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავდა იმას, რომ მხოლოდ საერთო განსჯადობის წესები ყოფილიყო გამოყენებული და სარჩელი განეხილა მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად სასამართლოს, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვებოდა ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49ა). აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასახელებული სამართლებრივი ნორმებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები და სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მომხდარიყო სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, ვ. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკავშირებული იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესთან“, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით და რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურებას ახორციელებდა სააგენტო. იმავე წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით სააგენტო იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. რაიონული სასამართლოს მითითებით, საკასაციო სასამართლომ მსგავს საკითხთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: „სასამართლოებმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავების განსჯადობის განსაზღვრისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინონ თუ რას ხდის სადავოდ მოსარჩელე - აღმასრულებლის ქმედებას, თუ უშუალოდ იძულებით აუქციონს ან/და განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რაც არსებითად ცვლის სასამართლოს განსჯადობას, რამეთუ პირველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს აღმასრულებელი, რომლის ადგილსამყოფელი ემთხვევა ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მასზე ვრცელდება იმ სასამართლოს იურისდიქცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღსრულების 3 ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო. მე-2 შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რაც განაპირობებს აღნიშნული კატეგორიის დავების თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაქვემდებარების აუცილებლობას (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება, საქმე #ბს-2(გ-20)).
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, თავად სარჩელი დისპოზიციური იყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ განმცხადებელი სარგებლობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, თავად ასახელებდა მოპასუხე მხარეს. მოსარჩელე მოპასუხედ ამ შემთხვევაში ასახელებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, რაც უკვე ქმნიდა სარჩელის იმ სასამართლოსათვის განსჯადობით გადაგზავნის საფუძველს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობდა მოპასუხე. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის იურიდიული მისამართი იყო: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ, №49. შესაბამისად, სახეზე არ იყო განსაკუთრებული განსჯადობის შემთხვევა და განსჯადობა უნდა გადაწყვეტილიყო საერთო განსჯადობის წესების დაცვით ანუ მოპასუხის - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საერთო წესის მიხედვით, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, როგორც პრივატიზაციის განმახორციელებელი ორგანოსათვის, ნ. მ-თან 1999 წელს დაწყებული პრივატიზაციის პროცესის დასრულების, კერძოდ, მის მემკვიდრე - ვ. მ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ცხვრის ფერმაზე საკუთრების უფლების დადასტურების დავალება წარმოადგენს. ამასთანავე, მოსარჩელის საბოლოო მიზანს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელის ყველა მოთხოვნა აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავა შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი“, რომლითაც განაზღვრულია საკუთრების უფლების დადასტურების ანუ უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულებისა და დაინტერესებული პირისთვის, საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე, შესაბამისი დოკუმენტის გაცემის პირობები. ხსენებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურებას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია მინისტრის ბრძანების შესაბამისად შექმნილი რეგიონული ქვედანაყოფ(ებ)ი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი - ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები). ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის დებულება, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს. ამავე დებულების მე-2 მუხლით დადგენილია ქვედანაყოფის ფუნქციები, კერძოდ, სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი, თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: ა) მართავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; ბ) მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; გ) აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას; დ) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას; ე) ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერებას; ვ) ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს; ზ) ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილია დავის უძრავი ქონების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის ადგილსამყოფელის მიხედვით განხილვა, რადგან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შესასრულებელი მოქმედება - პრივატიზაციის პროცესის დასრულება ასევე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ქვედანაყოფის ერთ-ერთ უფლებამოსილებას. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინტერესები უფლებამოსილია წარმოადგინოს სწორედ სააგენტოს რეგიონულმა ქვედანაყოფმა - მოცემულ შემთხვევაში ქვემო ქართლის რეგიონულმა სამსახურმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ნივთი და სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, ვ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი