Facebook Twitter

№ბს-1016(კ-19) 9 დეკემბერი , 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 31 ივლისს მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის ფილიალის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ე. გ-ის მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 23 მაისის №... და 2017 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილებების და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ა/წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისათვის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 05 ივლისის №2/75 გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უძრავი ქონება მოსარჩელე მ. გ-ას სახელზე - მდებარე ქ. ..., ...ის მე-... ...№8) განხორციელების დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაება ე. გ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №..., 2017 წლის 24 მაისის №..., 2017 წლის 27 ივნისის №3..., 2017 წლის 03 ივლისის №... ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გასაჩივრებულ ნაწილში და მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, თუ რა გარემოება არ იქნა განხილული სარეგისტრაციო განცხადებაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას. გადაწყეტილება არ შეიცავს ისეთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც სააგენტოსათვის გახდებოდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მათზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორი მიუთითებს სააპელაციო პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მართალია, კანონმდებელი ცალსახად ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ათწლიან ვადას, თუმცაღა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს და შეაფასოს ის საკითხი, რომ დავის საგანი ეხება საკუთრების უფლებას და დაინტერესებული პირის უფლებას, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლების აღრიცხვის მოთხოვნით, თუკი გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხი უნდა დაუკავშირდეს არა უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადას, არამედ პირის უფლების რეალიზაციის ვადას, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია შესაბამისი საფუძვლით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვოს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, ამგვარი დასაბუთება ბუნდოვანია და არ შეესაბამება კანონმდებლობის დადგენილ მოთხოვნას. ასევე, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც, მისი განმარტებით, განსხვავებული განმარტებები იქნა გაკეთებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 05 სექტემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. გ-ამ 2017 წლის 10 მაისის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა ქალაქ გარდაბანში, ..., ...ის მე-... ...ში მდებარე ბინა N...-ზე (საკადასტრო კოდი ...) საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებისა და დამატების შეტანა, რისთვისაც მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილება. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (23.05.2017) გადაწყვეტილება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მ. გ-ას მიეკუთვნა ქ. ...ში, ...ის ქუჩა N..., ბინა N..., ოთახი №1 ფართით 14 კვ.მ, თუმცა, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადი წარდგენილი იყო უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი ...ში, ...ის ქუჩა N..., ბინა N... /.../, რის გამოც ვერ დგინდებოდა მისამართების იდენტურობის ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული და სარეგისტრაციო ქონების მისამართების იდენტურობის ფაქტი, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოთხოვნილ იქნა კორექტირებული სასამართლო გადაწყვეტილება ან მისამართების იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესებულმა პირმა 2017 წლის 24 მაისს წარადგინა განმარტება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული იყო არა ქ. ...ში, ...ის ქუჩა N..., ბინა N... არამედ ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა N.... მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 24 მაისს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა 2017 წლის 17 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რის შემდეგად მიიღო ახალი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №...- 08 (24.05.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მ. გ-ას მიეკუთვნა ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლიდან ოთახი №1 ფართით 23.40 კვ.მ, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადი წარმოდგენილი იყო უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი ...ში, ...ის ქუჩა N... /საკადასტრო კოდი .../, შესაბამისად ვერ დგინდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული და საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო ქონების მისამართების იდენტურობის ფაქტი, რის გამოც მოთხოვნილ იქნა კორექტირებული სასამართლო გადაწყვეტილება ან მისამართების იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (27.06.2017) გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მ. გ-ას მიერ. აღნიშნულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. გ-ას წარმომადგენლის ხ. კ-ის 2017 წლის 31 მაისის №256068/17 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (24.05.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (27.06.2017) გადაწყვეტილებები; ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და მითითებული გადაწყვეტილების (№... (03.07.2017 წ.) 2.1.5. და 2.1.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ №... განცხადებას თანდართული და სააგენტოში დაცული დოკუმენტების საფუძველზე არ ხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთების იდენტიფიცირება. ამასთანავე, სააგენტომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილება განსახილველ შემთხვევაში ვერ შეფასდებოდა როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, გასული იყო აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 (ათი) წელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მ. გ-ას სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს. სადავო აქტებში განმცხადებლისათვის უარის თქმის ორი ძირითადი საფუძველი იქნა დასახელებული - გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილებაში მითითებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართების არაიდენტურობა და გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლა.

ფართების არაიდენტურობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის დადგენა თავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მასთან დაცული ან/და სხვადასხვა ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა სადავო ფართების იდენტურობა. აღსანიშნავია, რომ თავად სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის - გ. ე. კ.(გ) ო-ის მიმართ გაცემულ დოკუმენტებშიც კი სხვადასხვა მისამართი ფიქსირდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით, თავად მარეგისტირებელი ორგანოს ვალდებულებასაც წარმოადგენს ფართების იდენტურობისა და მისამართის სისწორის დადგენა.

რეგისტრაციაზე უარის თქმის მეორე საფუძველთან - სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის კანონმდებლობით დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილების აღსრულებად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია არა შესაბამისი ორგანოს მიერ მ. გ-ას სახელზე ქონების რეგისტრაციის ვალდებულება, არამედ სამოქალაქო დავის ფარგლებში ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, ე. კ. ო. გ-ის სახელზე რიცხული ქონებიდან ფართის გამოყოფა (ოთახი №1; ფართობი 23.40 კვ.მ.), რაც მოცემულ შემთხვევაში აღსრულებულია, ვინაიდან, მ. გ-ა დღემდე ცხოვრობს სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებით გამოყოფილ ფართში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 ივლისის №2/75 გადაწყვეტილება, რეგისტრაციის მიზნებისთვის, არის უფლების დამდგენი დოკუმენტი და არა აღსრულების ობიექტი, შესაბამისად, მსჯელობა ხანდაზმულობის საფუძვლით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 22 აგვისტოს №25860 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 22 აგვისტოს №25860 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი