Facebook Twitter

№ბს-1072(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა იბა „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 01 აგვისტოს იბა „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №001690 შემოწმების აქტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ №001690 დადგენილებისა და „იბა ,,...ის“ წარმომადგენლის ქ. უ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1-1620 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იბა „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით იბა „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა იბა „...ის“ მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ამხანაგობას მითითება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, უცნობი იყო მითითების პირობები. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1-1620 ბრძანებით საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივად, გაუარესდა მათი მდგომარეობა. იბა „...ის“ განმარტებით, საჩივარს აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზანი. ამდენად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის ფარგლებში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აუარესებს მხარის მდგომარეობას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის არსს და სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მართალია, დააკმაყოფილა მისი ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებისკენაა მიმართული.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო სახდელთა შთანთქმის პრინციპი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტთან. განსახილველ შემთხვევაში, სამივე სამართალდარღვევა დაკავშირებულია იბა „...თან.“ ამასთან, სამართალდარღვევის ობიექტები განთავსებულია კასატორის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ფარგლებში. იბა „...ი“ აღნიშნავს, რომ მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები და კაპიტალური ნაგებობები განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოქცეულია მის წითელ ხაზებში. ამდენად, რაიმე სპეციალური ნებართვა მისი განთავსებისათვის საჭირო არ იყო.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის ეტაპისათვის ერთი მსუბუქი კონსტრუქცია აღებულ იქნა იბა „...ის“ მიერ, ხოლო მეორე კონსტრუქცია დგას სამშენებლო ობიექტზე, რომელიც გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოების გეგმაში. სამრეცხაოს მოწყობა კი სავალდებულოა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალაქის დაბინძურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული იბა „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იბა ,,...ის“ მიმართ 2016 წლის 28 ივლისს შედგა მითითება №001690, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ის მიმდებარედ, უნებართვოდ იყო მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის და კაპიტალური ნაგებობები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, იბა „...ს“ დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №001690, რომლითაც დადგინდა, რომ იბა „...ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 28 ივლისის №001690 მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №001690 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ამხანაგობა ,,...ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ზე (ს/კ: №...) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №... საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №... საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების მშენებლობისათვის (განთავსებისათვის). ამავე დადგენილებით იბა „...ს“ დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ზე (ს/კ: №...) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №... საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №... საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული (განთავსებული) კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟი.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს იბა ,,...ის“ წარმომადგენელმა - ქ. უ-მა №450157/15 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №001690 შემოწმების აქტის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №001690 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1-1620 ბრძანებით იბა ,,...ის“ წარმომადგენლის ქ. უ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №001690 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხევაში დავის საგანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №001690 შემოწმების აქტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №001690 დადგენილებისა და „იბა ,,...ის“ წარმომადგენლის ქ. უ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1-1620 ბრძანების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ მას სათანადო წესით არ ჩაბარებია მითითება, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოესწორებინა სამართალდარღვევა. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 18 ნოემბრის №001690 ოქმზე, რომლის მიხედვითაც, იბა „...ის“ თავმჯდომარე - ზ. რ-ი ხელმოწერით ადასტურებს მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარების ფაქტს. ამდენად, კასატორის ზემოხსენებული მოსაზრება მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1-1620 ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნებას, ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სადავო ბრძანებით არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №001690 დადგენილება გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშე, რის გამოც საჭირო იყო საკითხის დამატებით კვლევა. თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკითხის ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოცემულმა აქტმა არ უნდა გააუარესოს მოსარჩელის არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან, საკითხის ხელახლა განხილვის საფუძველს, სწორედ მის მიერ წარდგენილი საჩივარი წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან იბა „...ის“ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 04 ნოემბრის №0 საგადასახადო დავალებით თ. ბ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება;

3. თ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს იბა „...ის“ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 04 ნოემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი