Facebook Twitter

№ბს-1127(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 24 ივლისს შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ.

მოსარჩელემ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №2614 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2015 წლის 30 ივლისის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“ და ქ....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ს“ მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი აუარესებდა მხარის მდგომარეობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიწვია და სათანადო წესით არ ჩართო იგი საკითხის განხილვაში. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა გამოიწვევდა თუ არა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

შპს „...“ მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა არა შპს „...მ“, რომელიც უშუალო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, არამედ ...-...მა ... ასოციაცია ,,ქ...“-მ. ამდენად, სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმის მნიშვნელოვანი დეტალები. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „...ს“ ჩართვის შემთხვევაში იარსებებდა მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183 მუხლის მე-11 პუნქტი. სასამართლომ ისე მიუსადაგა აღნიშნული მუხლი სადავო შემთხვევას, რომ არ უმსჯელია ვადებზე. ზემოხსენებული კანონის 183 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. კასატორის მითითებით, სადავო შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღმასრულებლის ქმედება ორი წლის ვადაში გაასაჩივრა. შპს „...“ აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაინერგება მკაცრი პრაქტიკა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს განუსაზღვრელი ვადა მიენიჭება აღმასრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „...სა“ და შპს ,,...ს“ შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის ერთ-ერთ პირობის (მე-5 პუქტი) თანახმად, შპს „...“ აცხადებდა თანხმობას და იღებდა ვალდებულებას თავისი ხარჯებით გაეყვანა გაზი შპს „...სთვის“ და დაემონტაჟებინა გაზის მრიცხველი და კორექტორი ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში შპს „...ს“ საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე. კორექტორის დამონტაჟების აუცილებლობა უნდა განსაზღვრულიყო გაზის შეყვანის პროექტის შესაბამისად. გაზის მილის დიამეტრი უნდა ყოფილიყო 60 მმ. და მისი გამტარიანობა 60,0 მ3/სთ. ამ პუნქტის შესრულებისათვის განისაზღვრა 70 (სამოცდაათდღიანი) ვადა მორიგების აქტზე ხელმოწერიდან. ამასთან, მორიგების მე-5 პუნქტში გაზის შეყვანის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „...ს“ უნდა გადაეხადა შ.პ.ს „...ს“ სასარგებლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ჯარიმის სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო შპს „...ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას და შპს „...“ დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს დამთავრდა სააღსრულებო წარმოება, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ შპს „...ს“ მიერ შესრულებულ იქნა მორიგებით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „...“ ამოირიცხა მოვალეთა რეესტრიდან და ყადაღა მოეხსნა მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ასევე იმ გარემოებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №2614 ბრძანებით გაუქმდა: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ. ტ-ის 2013 წლის 27 ნოემბრის №A12064773-010/001 მოქმედება №A12064773 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის თაობაზე; 2013 წლის 10 დეკემბრის მოქმედება მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამოღების თაობაზე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თამარ ფერაძის 2013 წლის 11 დეკემბრის მოქმედებები ქონებებზე ყადაღის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე; 2. ამავე ბრძანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს დაევალა - უზრუნველეყო ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის მოვალის მიერ აღსრულების საკითხის გამოკვლევის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და აღმასრულებლის/აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო წარმოების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში დავის საგანს სწორედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №2614 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა თანახმად, შპს „...ს“ არ შეუსრულებია მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 მაისის №002027113 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე შპს ,,...სთვის“ შპს ,,...ს“ გაზსადენი მილი საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე არ ჰქონდა მიყვანილი, მრიცხველი და კოლექტორი არ იყო დამონტაჟებული. გაზის მილის დიამეტრი არ შეესაბამებოდა მორიგების აქტში მითითებულ დიამეტრს. საქმეში წარმოდგენილი სამშენებლო საქმიანობათა ,,ე...ის“ 2013 წლის 06 ივნისის №39-2 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში განთავსებული შპს ,,...სთვის“ მოწყობილი გაზსადენის მილის გარე დიამეტრი შეადგენდა 60,7 მმ. კოლექტორი და მრიცხველი, რომელიც ჩასმული იყო სპეციალურად მოწყობილ ლითონის ყუთში, დამონტაჟებული იყო საკონსერვო საამქროს უკანა გარე კედლის შუა ნაწილში, პროექტის შესაბამისად. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 ივნისის №002388113 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,...ს“ გაყვანილი ჰქონდა გაზის მილი შპს ,,...სთვის“, თუმცა მორიგების აქტის მიხედვით, მილი (მრიცხველი და კოლექტორი) მიყვანილი უნდა ყოფილიყო საამქროს შუა წერტილამდე, რაც არ იყო შესრულებული, ვინაიდან საამქროს შუა წერტილად ექსპერტის მიერ მიჩნეული იქნა საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი.

საკასაციო სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განიმარტა 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული მხარეთა მორიგების პირობების მე-5 პუნქტი და დადგინდა, რომ დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმებოდა თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შპს ,,...ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მორიგების პირობის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში არსებობდა სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე აღმასრულებლების მოქმედებების გაუქმებისა და საკითხის ხელახალი გამოკვლევის როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი მიღებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, რომელზეც ვერ გავრცელდება საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადები. ამასთან, მიუხედავად სადავო აქტის კანონის 183 მუხლის მე-11 პუნტის საფუძველზე მიღებისა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავდა არა შპს „...“, რომელიც უშუალო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, არამედ ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ასოციაცია ,,ქ...“ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „...ს“ დირექტორის წერილები, რითაც იგი მიმართავდა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს და აღნიშნავდა, რომ შპს „...ს“ მიერ არ იყო შესრულებული მორიგებით გათვალისწინებული პირობები (ტ. 1, ს. ფ. 121-122). ამასთან, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება შპს „...სა“ და ...-...მა ... ასოციაცია ,,ქ...-ს“ შორის რაიმე სახის კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში წარმოდგენილია შპს „...ს“ მიერ ...-...მა ... ასოციაცია „ქ...-ს“ სახელზე გაცემული მინდობილობა (ტ. 1, ს. ფ. 141).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 05 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით თ. გ-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინება;

3. თ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 05 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი