№ბს-1209(2კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ს-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 04 დეკემბერს რ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №3404084 2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის №28 სხდომის ოქმით გაცემული დასკვნა-რეკომენდაციის (რ. ს-ის ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ... N...-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსების საკითხს) ბათილად ცნობა, ,,რ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2680 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ქ. თბილისში, ...ის ... N...-ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტის (2 დეკორატიული საყვავილე) განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე წარდგენილ რ. ს-ის განცხადებასთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2680 ბრძანება ,,რ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №3404084 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ქ.თბილისში, ...ის ... N...-ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე წარდგენილ რ. ს-ის განცხადებასთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ სადავო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის №28 სხდომის ოქმით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნა, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე, გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი. განსახილველ შემთხვევაში საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ერთდროულად ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონებში. კასატორები მიუთითებენ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონზე და აღნიშნავენ, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის და განაშენიანების რეგულირების ზონები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს.
კასატორთა განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების“ გათვალისწინებით, ზემოხსენებული საბჭო წარმოადგენს იმ სათათბირო ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს დედაქალაქის ისტორიულ-კულტურულ ნაწილში საშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად, დაეკმაყოფილებინა რ. ს-ის 2017 წლის 6 ივლისის №AR1520813 განცხადება, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული სათათბირო ორგანო არის უფლებამოსილი, განიხილოს ისტორიული განაშენიანების რეგულირებისა და სახელმწიფო დაცვის ზონებში არსებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა აზრს უკარგავდა ამავე ორგანოსთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულებით“ განსაზღვრული უფლებამოსილების მინიჭებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ამასთან, მოსამართლე ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 06 ივლისს რ. ს-მა №AR1520813 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წერილობითი დასტურის გაცემა ქ. თბილისში, ...ის ... N...-ის მიმდებარედ დეკორატიული გაფორმების ობიექტების განთავსების შესაძლებლობის თაობაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №3394311) განმცხადებელს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ის.. N...-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსების საკითხს იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №3404084 გადაწყვეტილებით რ. ს-ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ის ... N...-ში გზის სავალ ნაწილზე ქოთნების განთავსებაზე იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.
2017 წლის 21 ივლისს, რ. ს-მა №19/01172022738-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №3404084 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2680 ბრძანებით რ. ს-ის 2017 წლის 21 ივლისის №19/01172022738-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 ივლისის №3404084 გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში დავის საგანს რ. ს-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
დადგენილად არის ცნობილი და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სადავო საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ერთდროულად ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულებაზე’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე. ამასთანავე, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორთა სადავო გადაწყვეტილებებს საფუძვლად სწორედ ზემოხსენებული საბჭოს გადაწყვეტილება დაედო. კერძოდ, საბჭოს მოსაზრებით, საზოგადოებრივ სივრცეში, გზის სავალ ნაწილზე გამწვანების ქოთნების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ხსენებული აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს. გაურკვეველია, რა საფრთხის შემცველი იყო გამწვანების ქოთნების განთავსება კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული განაშენიანების დაცვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია და ტერიტორიაზე დეკორატიული ქოთნების განთავსება განხილულ იქნა მხოლოდ სივრცის ჩაკეტვის კუთხით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ისე გაიზიარეს საბჭოს დასკვნა, რომ არ გამოუკვლევიათ ქოთნების განთავსებით საზოგადოებრივი სივრცის ჩაკეტვისა და რაიმე ფორმით მოძრაობის შეფერხების რეალური საფრთხის არსებობის ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აგვისტოს №16-0117215245 წერილის თანახმად, ...ის ქუჩა მე-..., N...-ის შესასვლელში დამონტაჟებული იყო საგზაო ნიშანი 3.1 ,,შესვლა აკრძალულია’’, რომელიც კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით. ამდენად, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ზემოხსენებული საბჭოს დასკვნის უპირობოდ გაზიარება არ ეფუძნება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ შესწავლასა და შეფასებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 21 აგვისტოს №01454 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 მაისის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 21 აგვისტოს №01454 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი