Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-362(კ-21) 21 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. ფ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. ფ-მა 2019 წლის 9 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მატერიალური ზიანის (ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები) 10500 (ათი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება. ასევე მოითხოვა იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით, მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე მიუთითებს და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც იწყება დაზარალებულის მიერ თავისი უფლებების დარღვევის შეტყობის მომენტიდან, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მასზე პროკურორის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, კერძოდ, პროკურატურაში მას ხელი მოაწერინეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გამოუყენებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაემუქრნენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენი გასაჩივრდებოდა და ისევ დააკავებდნენ. აქედან გამომდინარე, შიში, რომელიც მას გაუჩნდა, იყო რეალური, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა ყოფილიყო კანონის თელეოლოგიური განმარტება და მხოლოდ მატერიალური კანონიერების კუთხით კი არა, არამედ სამართლიანობის კუთხითაც შეფასებულიყო ხანდაზმულობის საკითხი. კასატორის მოსაზრებით, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს გაუქრა აღნიშნული შიში ან შეიქმნა ისეთი გარემოებები, რაც აძლევს მას იმის საფუძველს, რომ შემდგომი ზეწოლის გარეშე შეუძლია დაიცვას თავისი უფლება. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სამწლიანი ვადის ათვლა იმ მომენტიდან, როცა ის სასამართლოს მიერ გამართლდა, იქნება არაკანონიერი და უსამართლო, რადგან მას ფაქტობრივად არ შეეძლო თავისი მოთხოვნის განხორციელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მიერ ი. ფ-ის სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სწორედ აღნიშნული საკითხი, რა დროსაც უნდა შეფასდეს ხანდაზმულობის მნიშვნელობა და გავლენა უფლების რეალიზაციაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოიცავს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უფლებაშელახულ პირს შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლების სამართლებრივი გზით დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგი – სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებითი განხორციელების შეუძლებლობა. ამასთან, ვინაიდან, ხანდაზმულობა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლება-მოვალეობებზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისი ათვლის მომენტი. ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების სტანდარტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი საფუძველს ემყარება მოთხოვნა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ (სპეციალურ) ვადებს. კერძოდ, დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისათვის სპეციალური ხანდაზმულობის ვადა დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომლითაც, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ზოგადი წესის მსგავსად, ასევე დაწესებულია ხანდაზმულობის ვადის ათვლის წინაპირობები, რაც გულისხმობს დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ დაზარალებულის ინფორმირებას. მას შემდეგ, რაც უფლებაშელახული პირი შეიტყობს დელიქტით მიყენებული ზიანის ან ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობას, მას აქვს სამი წლის ვადა დარღვეული უფლების აღსადგენად. მოცემულ ვადაში სარჩელის წარუდგენლობის შემთხვევაში, მართალია, მხარე არ კარგავს სასამართლოსადმი სარჩელით მომართვის უფლებას, თუმცა, სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის მიუხედავად, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას. სასამართლო მხოლოდ საქმის არსებითი განხილვით, ხანდაზმულობის დამადასტურებელი და გამომრიცხავი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევითა და ურთიერთშეჯერების შედეგად ადგენს, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიან ვადას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მითითებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადას. პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა ნიშნავს, რომ პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვით და ა.შ. (სუსგ Nბს-175-172(კ-15) 12.02.2016წ).

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შესამოწმებლად უნდა განისაზღვროს, როდის შეიტყო კასატორმა მის მიერ უკანონოდ მიჩნეული ქმედებების თაობაზე და როდის წარმოადგინა სარჩელი სასამართლოში.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის განაჩენისა (ს.ფ. 22-25) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განაჩენის (ს.ფ. 88-95) მიხედვით, ი. ფ-ი სხვადასხვა ბრალდებით ორჯერ იყო დაკავებული სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა, ორივე შემთხვევაში მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად მიიჩნევა. ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას, შესაბამისად, გამართლებულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი წინაპირობა - ხანდაზმულობა.

განსახილველ შემთხვევაში, ი. ფ-ის როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების, მათ შორის საადვოკატო მომსახურების გაწევისა და იძულებითი მოცდენის გამო თანხის ანაზღაურების შესახებ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნები, ემყარება ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ გამამართლებელ განაჩენებს. პირველი განაჩენი მიღებულია 2011 წლის 11 მარტს, ხოლო 2015 წლის 13 იანვარს მიღებული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განაჩენით დარჩა ძალაში, რის თაობაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს წერილით, გამართლებულ ი. ფ-ის ადვოკატს მისივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის N1/3950-14 საქმეზე დადგენილ იქნა განაჩენი 2015 წლის 13 იანვარს და აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე დავა დასრულდა 2015 წლის 8 ივნისს, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მომენტიდან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა პირი განაჩენის გასაჩივრების გამო ელოდებოდა ზემდგომი სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანას, ამ შემთხვევაში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლის წერტილად მიიჩნევა 2015 წლის 14 აგვისტო, რა დროსაც მოსარჩელის ადვოკატისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. აქედან გამომდინარე, 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ი. ფ-ისთვის ცნობილი იყო როგორც იმ ქმედებათა თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ მიიჩნევს, ასევე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. შესაბამისად, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისთვის - 2019 წლის 9 იანვრისათვის გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის წინაპირობებიც; კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევს იმგვარი ქმედება, რომელიც მიმართულია მოთხოვნის დაკმაყოფილებისაკენ, რასაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

პალატა ვერ გაიზაირებს კასატორის მოსაზრებას შიშისა და ზეწოლის მუქარის მოტივით სარჩელის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შესახებ და განმარტავს, რომ ზოგადად შიში წარმოადგენს პირის სუბიექტურ განწყობას, რომელიც საფუძვლიანად შეიძლება იქნეს მიჩნეული იმ შემთხვევაში, თუ პირის ამგვარი განწყობა დასაბუთებული და გამართლებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, შიშის საფუძვლით, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის აუცილებელია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ელემენტების ერთობლივად არსებობა. გარდა იმისა, რომ მითითებული არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა თუ შეწყვეტის კანონით დადგენილ საფუძველს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც 2015 წლის 14 აგვისტოდან (რა დროსაც მოსარჩელის ადვოკატისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა) სარჩელის წარდგენამდე (2019 წლის 9 იანვრამდე) კასატორის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის ობიექტურად შემაფერხებელ მიზეზად მიიჩნეოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა