Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-224(კ-21) 12 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 25 მაისს ლ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის N04-252/ო ბრძანების ბათილად ცნობა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების თარიღის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაანგარიშების დავალება 2013 წლის პირველი აპრილიდან და ასანაზღაურებელი თანხის (მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის) განსაზღვრა 2013 წლის აპრილიდან 2020 წლის აპრილამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის N04-252/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ, 2013 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის N973 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად, ლ. გ-ს წელთა ნამსახურობით 1994 წლის 16 აპრილიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია. 2013 წლის 17 აპრილს ლ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ლ. გ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების ვალდებულება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, თუმცა სადავო გარემოებას წარმოადგენს გადაანგარიშების ათვლის პერიოდი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება დაადგინა 2020 წლის აპრილიდან, მიუხედავად იმისა, რომ ლ. გ-ს გადაანგარიშების თაობაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ 2013 წლის 17 აპრილს ჰქონდა წარდგენილი. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა არაჯეროვნად. კანონმდებლობა კომპენსაციის დანიშვნას/გადაანგარიშებას უკავშირებს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველ რიცხვს, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპენსაციის გადაანგარიშება უნდა მოეხდინა არა 2020 წლის აპრილიდან, არამედ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2013 წლის პირველი მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მითითებული „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაანგარიშება კავშირში არ არის 2013 წლის პირველი აპრილიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაანგარიშებასთან. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვა ხდებოდა პერიოდულად (1997,1998, 1999 და 2004 წლები), სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას - სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით. ამავე ნორმის მეორე პუნქტის თანახმად, პენსიათა გადასინჯვა ხდებოდა ამ კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით (მინისტრის ბრძანება თანამდებობრივი სარგოების მომატების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს მითითებები). შესაბამის პერიოდებში, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიების გაანგარიშებისას, მხედველობაში მიიღებოდა სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის ოდენობა. პენსიის გადაანგარიშების მიზნებისათვის სხვა რაიმე პირობის დაკმაყოფილებაზე (მათ შორის, 15 წლიან ან 20 წლიან ნამსახურობაზე) არანაირი დათქმა არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ლ. გ-ის გასაცემლის ოდენობა გადაანგარიშებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტად მოსარჩელის მიჩნევის საკითხი და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების არსებობა/არარსებობის შეფასება მოსარჩელისათვის კომპენსაციის დაანგარიშების საკითხთან მიმართებაში. შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტით კომპენსაციის გადაანგარიშების დასაწყისი თარიღის განსაზღვრის სისწორე.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ლ. გ-ს სახელმწიფო კომპენსაცია უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით დანიშნული ჰქონდა 1994 წლის 16 აპრილიდან, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის N973 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ იგი აღნიშნულ ფარგლებში იღებდა კომპენსაციას, რომლის გადაანგარიშების მოთხოვნითაც, 2013 წლის 17 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. გ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №04/52094 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2020 წლის 15 მაისს გამოსცა ბრძანება N04-252/ო, რომლითაც სააგენტოს შესაბამის სერვის-ცენტრს დაავალა ლ. გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება 2020 წლის აპრილის თვიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებში შედის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ცალკეულ პირობებს და შესაბამის ოდენობებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთათავის (სამხედრო მოსამსახურეთათვის). ამასთანავე, კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12, 151 მუხლებით, მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, მე-19 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარება გადაანგარიშებას.

თავის მხრივ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სპეციალურ სუბიექტთა წრეს. კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიჩნეულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტად, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების ვალდებულება დაადგინა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 28-ე მუხლებით დადგენილ წესისა და ოდენობის გათვალისწინებით. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, აღნიშნული მუხლების მითითებით ადასტურებს, რომ ლ. გ-თან მიმართებაში იმსჯელა როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში კომპენსაციის დანიშვნის პირობასა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრაზე, ისე მისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების საკითხზე. ამ პირობებში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტით კომპენსაციის გადაანგარიშების დასაწყისი თარიღის განსაზღვრა უნდა დაუკავშირდეს დაინტერესებული პირის მიერ კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნის წარდგენის თარიღს - 2013 წლის 17 აპრილს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივ დასაბუთებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომელიც ადგენს კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის აუცილებლობას შესაბამისი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებების განსაკუთრებულობას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. „..მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას..“ (სუს 2020 წლის 26 თებერვლის Nბს-50(კ-20) განჩინება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას დაშვებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით მოსარჩელისათვის გარანტირებული უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არაჯეროვნად აღსრულებით შეიზღუდა მოსარჩელის სოციალური უფლება - სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის N04-252/ო ბრძანებით სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება დადგინდა 2020 წლის აპრილიდან, იმ პირობებში, როდესაც ლ. გ-მა კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 2013 წლის 17 აპრილს. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის N04-252/ო ბრძანება უკანონოა 2013 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში ლ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ნ. ქადაგიძე

ბ. სტურუა