Facebook Twitter

საქმე #ბს-383(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 20 სექტემბერს ი. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1982 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ში არსებული 2300 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. მოსარჩელის მითითებით, მან განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, თუმცა აღიარების კომისიამ 2019 წლის 23 აგვისტოს #1977 განკარგულებით მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილi მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საკადასტრო აზომვით ნახაზში განთავსებული შენობა #1, რომელიც ჩანდა 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებზე და შესაბამისად დასტურდებოდა მისი არსებობის ფაქტი, წარმოადგენდა დროებით შენობას (სათბურს).

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული განკარგულება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამდენადაც გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული გარემოება სათანადოდ არ გამოკვლეულა.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს #1977 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ი. ზ-ისთვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას ქუჩა #31-ის მიმდებარე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს #1977 და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს #1977 განკარგულებით ირკვეოდა, რომ ი. ზ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ...ას ქ. #31-ში მდებარე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ არ დასტურდებოდა ხსენებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, განთავსებული შენობა #1 (რომელიც ჩანს 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოზე და შესაბამისად დასტურდება მისი არსებობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე) წარმოადგენდა დროებით შენობას (სათბური), რაც განმცხადებელმა თავადვე დაადასტურა 2019 წლის 11 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების დაფუძნება მხოლოდ სათბურის არსებობის ფაქტზე, არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული საკითხი უფრო სიღრმისეულად გამოეკვლია, რამეთუ საკუთრებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სათბურის არსებობა არ გამორიცხავდა მის ქვეშ არსებული მყარი ფუნდამენტის არსებობის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალებზე, რომლიდანაც დროებითი შენობის ქვეშ ხილვადი იყო გარკვეული სახის ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც სავარუდოდ მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან, საქმის მასალებით კი ცალსახად არ დგინდებოდა მისი დროებით შენობად მიჩნევისათვის კანონით განსაზღვრული მახასიათებლების არსებობა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიას საქმის გარემოებები სრულყოფილად არ ჰქონდა შესწავლილი და გაანალიზებული, რაც ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელემ 2019 წლის 11 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა წარმოადგენს დროებით შენობას (სათბური).

კასატორი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის #2ბ/4510-16 განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ი. ზ-ი 1982 წლიდან ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 აგვისტოს #1977 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ი. ზ-ისათვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას ქუჩის #31-ის მიმდებარე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხსენებული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა განმარტებულია, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #35) და მის საფუძველზე გამოტანილი 2019 წლის 23 აგვისტოს #1977 განკარგულებით ი. ზ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა ამ განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, განსახილველ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა, რომელიც ფიქსირდება 2005, 2010 და 2014 წლების მდგომარეობის ამსახველ ორთოფოტოებზე, წარმოადგენს დროებით ნაგებობას (სათბურს), რაც თავადვე დაადასტურა განმცხადებელმა 2019 წლის 11 ივლისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გადაწყვეტილების დაფუძნება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სათბური, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული საკითხის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევის ვალდებულებისაგან, ვინაიდან სათბურის ტიპის ნაგებობის განთავსება არ გამორიცხავს მის ქვეშ მყარი ფუნდამენტის არსებობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული ფოტომასალებით, დროებითი შენობის ქვეშ ხილვადია გარკვეული სახის ბეტონის კონსტრუქცია და საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება მისი დროებით შენობად მიჩნევისათვის კანონით განსაზღვრულ მახასიათებლებთან თავსებადობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საკითხის სრულყოფილად განხილვის მიზნით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიმართოს ყველა ზომას, კერძოდ, იმ მიზნით, თუ რამდენად განეკუთვნება მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ შენობას, მოსარჩელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51 მუხლის 31 პუნქტი), ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება, რათა უტყუარად დაადგინოს ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტის სტატუსი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღიარების კომისიას არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგზე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა