საქმე #ბს-435(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 2 სექტემბერს დ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მამამისი - ვ. კ-ი გარდაიცვალა 2020 წლის 22 მაისს, მის გარდაცვალებამდე კი მის პენსიას, მის მიერვე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იღებდა მოსარჩელის დედა - თ. მ-ე. 2020 წლის თებერვლის პენსიის აღების შემდეგ, ბანკის წარმომადგენელმა მოსარჩელის დედას განუმარტა, რომ მის სახელზე გაცემულ მინდობილობას გასდიოდა ვადა 1 მარტს, რის გამოც შემდეგი თვის პენსიას ვერ მიიღებდა, თუ არ მოხდებოდა მინდობილობის მოქმედების ვადის გაგრძელება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მათ ბანკისაგან მოითხოვეს ბინაზე მომსახურება და განცხადება შეავსეს 2020 წლის 25 თებერვალს, მინდობილობის ვადის გასვლამდე.
მოსარჩელის მითითებით, ბანკის წარმომადგენლის გამოცხადებისას, ვერ მოხერხდა საბუთებზე ხელის მოწერა, რადგან ვ. კ-ი უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვინაიდან მინდობილობის ვადის გაგრძელება ვერ ხერხდებოდა, მოსარჩელის დედამ - თ. მ-ემ დაიწყო კანონმდელობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შეგროვება ვ. კ-ის მხარდამჭერად დანიშვნის მიზნით, თუმცა საჭირო საბუთების შეგროვებამდე, ვ. კ-ი გარდაიცვალა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან, როგორც ვ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მამის სიცოცხლეში მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, თუმცა მას 2020 წლის 21 აგვისტოს #04/18817 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ვ. კ-ს 2020 წლის 1 მარტიდან შეჩერებული ჰქონდა პენსიის დარიცხვა მინდობილობის ვადის გასვლის გამო.
ამდენად, მოსარჩელემ გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - დ. კ-ისათვის მისი მამკვიდრებელის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 21 აგვისტოს #04/18817 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მოსარჩელე დ. კ-ის სასარგებლოდ, მისი მამკვიდრებელის მიერ 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 21 აგვისტოს #04/18817 წერილობითი მიმართვა გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე დ. კ-ისათვის მისი მამკვიდრებელის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე დ. კ-ის სასარგებლოდ, მისი მამკვიდრებელის მიერ, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. კ-ის მამას - ვ. კ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა 2020 წლის 1 მარტიდან იმ საფუძვლით, რომ მის მიერ, რწმუნებულზე (სახელმწიფო პენსიის ამღებზე) გაცემულ მინდობილობას გაუვიდა ვადა. ამასთან, აღნიშნული თარიღიდან მას სახელმწიფო პენსია არ მიუღია. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მამა - ვ. კ-ი გარდაიცვალა 2020 წლის 22 მაისს, ხოლო მოსარჩელე დ. კ-ი არის მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. ამასთან, მოსარჩელე დ. კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი მამის მიერ, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მას მისი მამის გარდაცვალებამდე არ ჰქონდა მიმართული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პენსიის მიმღებმა - ვ. კ-მა, სიცოცხლეში, მინდობილობის ვადის გასვლამდე და სახელმწიფო პენსიის შეჩერებამდე, კანონით დადგენილი წესით მიმართა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უშუალოდ მისთვის სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიტანის მოთხოვნით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ვ. კ-ი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედუუნაროა და საჭიროებს მხარდამჭერს. პალატამ განმარტა, რომ ვ. კ-ი ობიქტურად ვერ შეძლებდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოსათვის პენსიის განახლების თაობაზე მიმართვას და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო პენსიის შეჩერების თაობაზე აქტის გამოცემამდე ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოეკვლია გარემოებები, მათ შორის, პენსიონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგრეთვე, პენსიის მიმღებს ხომ არ ჰქონდა მიმართული საბანკო დაწესებულებისათვის პენსიის სახლში მიტანის მოთხოვნით და სწორედ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელის მამას - ვ. კ-ს სახელმწიფო გასაცემელი მის გარდაცვალებამდე კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა, კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მამის სიცოცხლეში გამოხატული ნება მისთვის პენსიის საცხოვრებელ ბინაზე მიღების თაობაზე, რის უფლებასაც მას კანონი ანიჭებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოში დაცული ინფორმაციით დგინდება, რომ ვ. კ-ს 2020 წლის 1 მარტიდან შეჩერებული ჰქონდა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა მინდობილობის ვადის გასვლის გამო, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან განხორციელდა გასაცემლის შეწყვეტა, ბენეფიციარის გარდაცვალების გამო.
კასატორის მითითებით, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) მიერ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების შესახებ შეტყობინება ბენეფიციარს 2020 წლის 12 მარტს გაეგზავნა, თუმცა ვ. კ-ის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მომხდარა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეჩერებული გასაცემლის აღდგენაზე განცხადებით მიმართვა. კასატორი ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარდაჭერის ინსტიტიტუტის არსებობაზე.
რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ვერ უზრუნველყო ბენეფიციარის საპენსიო უზრუნველყოფა ბინაზე სერვისით, კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცედურა არ ხორციელდება სააგენტოს მიერ და რეგულირდება საბანკო დაწესებულების მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ დარღვეულა არცერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმა, ვინაიდან ვ. კ-ს პენსია შეუწყდა მოქმედი იმპერატიული ნორმების საფუძველზე, გადაწყვეტილების შესახებ მხარეს ეცნობა და ჩაბარდა იგი ბინაზე, ამრიგად, გაუგებარია კანონის რომელი მოთხოვნა დაარღვია სააგენტომ.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ უფლების მემკვიდრეობით გადასაცემად აუცილებელია მისი რეალიზება მამკვიდრებლის სიცოცხლეში კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე დ. კ-ისათვის მისი მამკვიდრებელის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 21 აგვისტოს #04/18817 წერილობითი მიმართვის კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მოსარჩელე დ. კ-ის სასარგებლოდ, მისი მამკვიდრებელის მიერ 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას; გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც განსაზღავს, რომ პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. კ-ის მამას - ვ. კ-ს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა 2020 წლის 1 მარტიდან იმ საფუძვლით, რომ მის მიერ რწმუნებულზე (სახელმწიფო პენსიის ამღებზე) გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა. ამასთან, აღნიშნული თარიღიდან მას სახელმწიფო პენსია არ მიუღია. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მამის - ვ. კ-ის მიერ მისი კუთვნილი სახელმწიფო პენსიის აღების მიზნით გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა 2020 წლის მარტში, ხოლო მისმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს - „...ს“ განცხადებით მიმართა 2020 წლის 25 თებერვალს და აწ. გარდაცვლილი ვ. კ-ის ავადმყოფობის გამო, ითხოვა სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიღება - საცხოვრებელ მისამართზე მომსახურება. ამდენად, ვ. კ-მა სიცოცხლეში, მინდობილობის ვადის გასვლამდე და სახელმწიფო პენსიის შეჩერებამდე, კანონით დადგენილი წესით მიმართა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უშუალოდ მისთვის სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიტანის მოთხოვნით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.
ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელის მამა - ვ. კ-ი გარდაიცვალა 2020 წლის 22 მაისს, ხოლო მოსარჩელე დ. კ-ი არის მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. ამასთან, მოსარჩელე დ. კ-მა, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი მამის მიერ, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 21 აგვისტოს #04/18817 წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე დ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მას მისი მამის გარდაცვალებამდე არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე - დ. კ-ის მამას - ვ. კ-ს კანონის საფუძველზე ჰქონდა მიმართული შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის კუთვნილი სახელმწიფო პენსიის ავადმყოფობის გამო ადგილზე მიტანის მოთხოვნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი არ გაითვალისწინა მოსარჩელის მამის სიცოცხლეში გამოხატული ნება მისთვის პენსიის საცხოვრებელ ბინაზე მიღების თაობაზე, რის უფლებასაც მას კანონი ანიჭებდა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მისთვის საპენსიო თანხების გაუცემლობა კანონსაწინააღმდეგოა, შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში მიუღებელი საპენსიო თანხები. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ვ. კ-ი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის ქმედუუნარო და საჭიროებს მხარდამჭერს, იგი ობიექტურად ვერ შეძლებდა მიმართვას სოციალური მომსახურეობის სააგენტოსათვის პენსიის განახლების თაობაზე და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო პენსიის შეჩერების თაობაზე აქტის გამოცემამდე ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების გზით მოეკვლია გარემოებები, მათ შორის, პენსიონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, პენსიის მიმღებს ხომ არ ქონდა მიმართული საბანკო დაწესებულებისათვის პენსიის სახლში მიტანის მოთხოვნით და სწორედ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა