Facebook Twitter

საქმე #ბს-461(3კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 30 აგვისტოს ა. ბ-ემ, თ. ბ-ემ, ჯ. ბ-ემ, დ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და საქართველოს მთავრობის მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის #1/2-161 და 2018 წლის 1 ივნისის #1/2-162 ბრძანებების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 ივლისის #1-1/372 ბრძანების, ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 68 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 ივნისის #... და 2018 წლის 1 ივნისის #... გადაწყვეტილებების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ...ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის #1811 განკარგულებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ...ას შორის 2018 წლის 2 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების, ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 68 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ...ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთის (ს/კ ..., ფართობი - 68346.00 კვ.მ) მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის თაობაზე იშუამდგომლეს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ აჭარელი მუსლიმების შთამომავლებს, რომლებიც მე-19-მე-20 საუკუნეში, მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდებში ...ის რაიონის სოფლებში ჩამოასახლეს. მოსარჩელეების ოჯახების შემოსავლის ძირითადი წყარო ტრადიციულად მესაქონლეობაა. ამასთან, სოფლების გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობა განიცდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სიმწირეს. ისინი იყენებენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (სოფელი დაცლილია მოსახლეობისგან და შედის სოფელ ...ს შემადგენლობაში) არსებული სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) (ს/კ ...; ...) დანიშნულების მიწის ნაკვეთს (დაახლოებით 8 ჰა), რომელიც ერთადერთი ტერიტორიაა სათიბი დანიშნულებით გამოსაყენებლად.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მითითებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უფლებათა, სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები აქვთ. სამეურნეო საქმიანობისა და სოფლის ცხოვრების ყოველდღიური გამოწვევების არსებობის პირობებში, მოსახლეობას მათივე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მიზნით, 2018 წლის ნოემბრამდე შესაბამისი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ფართობი - 68346 კვ.მ), რომლის მიმართაც მოსარჩელეებს გააჩნიათ ინტერესი და საკუთრების უფლების დამადასტურებელი ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები.

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ...ას ისე, რომ აღნიშნულ წარმოებაში მოსარჩელეები, როგორც დაინტერესებული პირები არ ყოფილან ჩართულნი. როდესაც მოსარჩელეებმა 2018 და 2019 წელს მიმართეს საჯარო რეესტრს, წარადგინეს მათ ხელთ არსებული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოითხოვეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეებს დაუდგინა ...ის საკუთრებაში რეგისტრირებული (ს/კ ...) უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან ზედდება და შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 ივლისის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა საჩივარი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეთა განმარტებით, ...ის მუნიციპალიტეტს ჰქონდა ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, მოსარჩელეების მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის, საძოვრად/სათიბად გამოყენების თაობაზე. მოცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გარკვეული სამშენებლო მასალები. პირუტყვი აპრილიდან-მაისის ჩათვლით, ასევე შემოდგომის დასაწყისში მოცემულ მიწაზე ამოსული ბალახით იკვებება, ხოლო პირუტყვის მთაში გაშვების შემდეგ, მოსარჩელეები ბალახს სხვა ადგილობრივებთან ერთად თიბავენ ზამთრის საკვებად გამოყენებისთვის. სარჩელის თანახმად, მოცემული ნაკვეთის მიმდებარედ #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარე მიტოვებული ...ის ნანგრევებს (რომელიც ასევე დარეგისტრირებულია ...ის საკუთრებაში) მოსარჩელეები სხვა მოსახლეებთან ერთად მუდამ იცავდნენ (ჰქონდათ შემოღობილი პირუტყვისგან დასაცავად).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ...ა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთის (ს/კ ..., ფართობი - 68 346.00 კვ.მ) მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია აეკრძალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთის (ს/კ ..., ფართობი - 68346.00 კვ.მ) მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია აეკრძალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ემ, თ. ბ-ემ, ჯ. ბ-ემ, დ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ა. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ა. ბ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად მიჩნევისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის #1/2-161 და 2018 წლის 1 ივნისის #1/2-162 ბრძანებები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 ივლისის #1-1/372 ბრძანება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 ივნისის #... და 2018 წლის 1 ივნისის #... გადაწყვეტილებები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ...ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის #1811 განკარგულება; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ...ას შორის 2018 წლის 2 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 8 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება ა. ბ-ის დაინტერესებაში/უფლების დამდგენ დოკუმენტებში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-ემ, ჯ. ბ-ემ, დ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორის - საქართველოს მთავრობის მითითებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.05.2018წ. #1187 განკარგულებით განხორციელდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხა ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და 68 346 კვ.მ სასოფლ-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები. სახელმწიფოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიკუთვნებული ჰქონდა სახელმწიფო ტყის ფონდისათვის და მისი განკარგვა განახორციელა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვისა და ტყის ფონდში დარჩენილი მიწის ნაკვეთების კორექტირების შესახებ. სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იყო სახელმწიფო ტყის ფონდის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, მისი განკარგვა ვერ მოხდებოდა, ვიდრე არ განხორციელდებოდა მისი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა. ამასთან, კასატორი ეჭქვეშ აყენებს მიღება-ჩაბარების აქტებსა და პრეზიდენტის სახელით გამოსაცემ საკუთრების უფლების მოწმობებს, რომლებიც თითქოს ეყრდნობა მიღება-ჩაბარების აქტებს, თუმცა ისიც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

კასატორი მიუთითებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ თუკი წარდგენილი ნახაზები არ აძლევდა ექსპერტს მიწის ნაკვეთის საზღვრების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რადგან ნახაზები არ იყო შესრულებული კოორდინატთა სისტემაში, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ ა. ბ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები კვეთდა და მოქცეული იყო საპარტიარქოსათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილები არ ემთხვევა ერთმანეთს. სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის დაინტერესებაში არსებულ/უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული მიწის ნაკვეთის ნაწილში და არა მიწის ნაკვეთების ნაწილში, შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, რა ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში გაბათილდა სადავო აქტები (68 346 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონკრეტული რა ფართი გაბათილდა). გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, განსხვავებით სარეზოლუციო ნაწილისაგან, მიუთითებს 1997 წლის 12 მაისის #24 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთების ნაწილში (0,99 ჰა) სადავო აქტების გაბათილებაზე, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იძლევა ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა ნაწილში იქნა გაბათილებული სადავო აქტები.

კასატორის მითითებით, 1997 წლის 12 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #24 აქტით ...ის რაიონში, სოფელ ...ში მცხოვრებ ა. ბ-ეს გამოეყო 5 მიწის ნაკვეთი, 2 მიწის ნაკვეთი ...ში, ხოლო სამი - ...ში (პირველი და მეორე მიწის ნაკვეთი მდებარეობს სახლთან, ხოლო მოსარჩელე ცხოვრობდა ...ში). ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 ოქტომბრის დასკვნით კვლევა ჩატარდა 2 მიწის ნაკვეთზე (3900 და 600 კვ.მ), რომლის დასავლეთით მდებარეობს მდინარე, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი ყველა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობად იქნა მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი.

მოცემულ დავაში არ არის დადგენილი არც სხვა მოსარჩელეთა დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და არც ა. ბ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა (ა. ბ-ის) დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი შესაძლოა სხვა ტერიტორიაზე მდებარეობდეს დაურეგისტრირებელი ფართის არსებობის ან სათანადო წესით შესრულებული აზომვითი ნახაზების არქონის გამო.

ამასთან, კასატორის განმარტებით, უნდა შეფასდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი მოიცავს თუ არა ყველა დავას, რომელშიც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად საჯარო რეესტრი მონაწილეობს, თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ მოთხოვნა ამ დანაწესის გამოყენებას ხელს უშლის.

კასატორების - თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ისა და ლ. ბ-ის განმარტებით, სასამართლომ ისე გამორიცხა მოსარჩელეების მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის კანონისმიერი და ფაქტობრივი საფუძველი და შესაბამისად, საკუთრების უფლებით დაცული ინტერესის არსებობა სადავო მიწის მიმართ, რომ არ უმსჯელია სადავო მიწის საკოლმეურნეო სტატუსზე, სპეციალურ სამართლებრივ რეგულაციებზე. სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში, ერთი მხრივ, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელეებისა და მათი ოჯახების მიერ სადავო მიწის გრძელვადიანი და მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, მეორე მხრივ, მოპასუხეთა მხრიდან საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებათა წარმოუდგენლობა. სადავო მიწის ნაკვეთზე კასატორთა პრეტენზია ემყარება ამავე ქონებით 1900-იანი წლებიდან მათი და მათი წინაპრების მხრიდან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს. საუბარია ე.წ. საკომლო მეურნეობის მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც კასატორები ფლობენ როგორც კომლის წევრები.

კასატორთა განმარტებით, ნივთზე მართლზომიერ მფლობელობას, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს, აღიარებს საქართველოში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობა. მოსარჩელეების მიერ მიწის ნაკვეთების მართლზომიერად ფლობის ფაქტის დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილია მიღება-ჩარების აქტები, სარეგისტრაციო მოწმობები, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, გადასახადის გადამხდელთა სია. აღნიშნული დოკუმენტები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ მართლზომიერ მფლობელებს. სხვა პირზე საკუთრების უფლების წარმოშობის შემაფერხებელ ფაქტობრივ გარემოებას არა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ფიქსირებული, უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლება ქმნის, არამედ კონკრეტულ პირზე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გაცემული საკუთრების უფლების მოპოვებისათვის საჭირო უფლებადამდგენი დოკუმენტების არსებობაც. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს იმ სახის დოკუმენტებს, რომლებიც მათ ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

კასატორები მიუთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავენ, რომ კანონი არ ადგენს უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურების/ამავე საკითხზე მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხებს. ხუთივე მოსარჩელის შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები იდენტური იყო, უფლების დამდგენი დოკუმენტები კი, მსგავსი. კასატორების მოსაზრებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა განსახილველი დავის მიმართ გადაწყვეტის მიზნებისათვის არ იძენს პრინციპულ მნიშვნელობას, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევა საკმარის საფუძველს სადავო აქტების გასაუქმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინეს.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 31 მაისის #1/2-161 გასაჩივრებული ბრძანებით უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, ასევე 68 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 1 ივნისის #1/2-162 ბრძანებით 2018 წლის 31 მაისის #1/2-161 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება და მოთხოვნილ იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 68 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2018 წლის 31 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 68346 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 1 ივნისის #... და #... (01.06.2018წ.) გადაწყვეტილებები და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 68 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). ამასთან, გასწორდა რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი (ს/კ ...) დაზუსტებული ფართობი - 68346 კვ.მ, ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს მთავრობის განკარგულება #1187, ბრძანება #1/2-162.

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ...ას შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა ...ას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ M... გადაწყვეტილებით ...ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი (ს/კ ...) დაზუსტებული ფართობი - 68 346 კვ.მ, ირიცხება ...ის საკუთრებაში. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა ნიშნავს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, გაცვლას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, განაწილებას და განადგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით დარეგულირებულია, რომ სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევებისა) შეიძლება იყოს ასევე ...ა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. ამავე კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა უფლება რაიმე სახით დაცული არ ყოფილა. კასატორი ფიზიკური პირების განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მათ მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული და უფლებადამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული ნაკვეთების სხვა ადგილმდებარეობას დაადასტურებდა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება, რომელზეც კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდება, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში სადავო ადგილმდებარეობა არ არის მითითებული, ექვემდებარება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას.

ა. ბ-ის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის #24 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ ა. ბ-ეს სარგებლობაში გამოეყო უძრავი ქონება, მდებარე: ...ის რაიონი, სოფ. ..., 0,99 ჰა, 5 მიწის ნაკვეთად. ნაკვეთის დასახელება: 1. სახლთან - 0.22 ჰა - სახნავი; 2. 012ჰა - სახნავი; 3. მდინარესთან - 0,20 ჰა - სახნავი; 4. ...ი - 0,06 ჰა - სათიბი; 5. „---„ 0,39 ჰა - სათიბი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითეთბულია სოფელი მოხის საკრებულოს 1997 წლის 19 ივნისის დადგენილება (ოქმი #1).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 დეკემბრის #004539420 დასკვნაზე, სადაც ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე #... საკადასტრო კოდით დაფარულ ტერიტორიაზე მდებარეობს თუ არა #24 მიღება-ჩაბარების აქტით ა. ბ-ისათვის მიწის რეფორმით ...ში გამოყოფილი მე-4 და მე-5 მიწის ნაკვეთების (ფართობი 3900 კვ.მ და 600 კვ.მ), რომლებსაც თოთოეულს დასავლეთით მდინარე ესაღვრება, იმ კონფიგურაციის და საზღვრების გათვალისწინებით, როგორც ეს #24 მიღება-ჩაბარების აქტშია აღწერილი, ექსპერტმა მიუთითა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, ...ის ტერიტორიაზე წარდგენილი ა. ბ-ის სახელზე გაცემული 1997 წლის 12 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #24-ის და თანდართული ნახაზების მიხედვით, მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე. ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, ...ის ტერიტორიაზე მდინარის მხარეს დღეის მდგომარეობით მდებარეობს ს/კ #... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ძირითადად მთლიანად მოიცავს მდინარესთან არსებულ მიწის ტერიტორიას. დასკვნის თანახმად, ა. ბ-ის სახელზე გაცემული 1997 წლის 12 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი #24-ით გადაცემული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც დასავლეთით ესაზღვრება მდინარე, მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მდებარეობს ს/კ #... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. ამასთან, ექსპერტის მითითებით, წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანდართული ნახაზები არ არის შესრულებული კოორდინატთა სისტემაში და შეუძლებელია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა და შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ზუსტი საზღვრების დადგენა.

ამდენად, მიწის ნაკვეთის #24 მიღება-ჩაბარების აქტის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 დეკემბრის #004539420 ზემოაღნიშნული დასკვნისა და მოწმის ჩვენების ერთობლიობაში შეფასებით, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სახელმწიფო სახელზე აღირიცხა და შემდგომ განიკარგა ა. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება კასატორი ფიზიკური პირების მოთხოვნას საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც იმ გამოსაკვლევ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ექსპერტიზაზე წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები (ჯ. ბ-ის 0,12 ჰა ნაკვეთის გარდა), მათი ყველას ფართობის გათვალისწინებით, მდებარეობდეს #... საკადასტრო კოდით დაფარულ ტერიტორიაზე ან კვეთდეს მას, განიმარტა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში საკმარისად არის დაურეგისტრირებელი მიწის ფართობები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს 16 800 კვ.მ-ს (1,68 ჰა) მდებარეობდეს ს/კ #... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გარეთ. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების თანდართული ნახაზები არ არის შესრულებული კოორდინატთა სისტემაში და შეუძლებელია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა და შესაბამისად მიწის ნაკვეთების ზუსტი საზღვრების დადგენა, რის გამოც შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები, მათი ყველას ფართობის გათვალისწინებით, მდებარეობდეს, როგორც ს/კ #... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ასევე ს/კ #... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გარეთ.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 დეკემბრის #004539420 დასკვნით საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოცემულ შეთხვევაში, სადავო ქონების - ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 68 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის გარდა ა. ბ-ის უფლებისა, არ ყოფილა სხვა მოსარჩელეთა რაიმე სახის უფლება, რომელიც სადავო ფართზე სხვა პირის/ების უფლებას დაადასტურებდა. ამასთან, ვერ დადასტურდა ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, თ. ბ-ისა და ლ. ბ-ის სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გარდა, აკმაყოფილებდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განეხორციელებინა სახელმწიფოზე, ხოლო შემდეგ - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის #1811 განკარგულებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ...ას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება დაერეგისტრირებინა ...ის საკუთრებად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ გასაჩივრების უფლების მქონე ...ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოცემული დავა განეხილა ერთპიროვნულად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი 11 ნაწილის „ა.გ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტების დეფინიციიდან გამომდინარე.

რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ასაბუთებს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე ან 262-ე მუხლებით დადგენილი წესით იგი უფლებამოსილია მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 15.04.2021წ. საგადახდო დავალებით ააიპ ...ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ააიპ ...ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ის, ლ. ბ-ის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. ააიპ ...ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, დ. ბ-ისა და ლ. ბ-ის, საკასაციო საჩივარზე 15.04.2021წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა