Facebook Twitter

საქმე #ბს-39(კ-21) 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 23 აგვისტოს დ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, დ. ჩ-ასათვის 03.07.2019წ. #2163 განცხადების მოთხოვნებზე წერილობითი პასუხის გაცემის დავალება და დ. ჩ-ას მიმართ მიყენებული მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქმეზე ფაქტების ასახვა და მათი ნამდვილობის დასაბუთება მხარეთა ვალდებულებაა, ხოლო ფაქტების დადგენა და მათი სამართლებრივი შეფასება - სასამართლოს კომპეტენცია. სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი ნორმები სწორად გამოიყენოს და დაასაბუთოს გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული ფაქტების ნაწილის დადგენაზე სასამართლომ თავი აარიდა. კასატორის მითითებით, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმ გარემოების დადგენა ნამდვილია თუ არა სხდომიდან მისი გაძევების შესახებ მონაცემები.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე ორი სადავო ფაქტია, ერთი, თითქოს კასატორი სხდომიდან იქნა გაძევებული და მისი გაძევება მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის საფუძველზე. რაც მიანიშნებს არა მხოლოდ სხდომიდან კასატორის გაძევების შესახებ არანამდვილი მონაცემების დამუშავებაზე, არამედ იმაზეც, რომ პავლაძის მიერ მოხდა მოსამართლის ქმედების სამართლებრივი შეფასებაც. ამასთან, სასამართლოს არ დაუდგენია ის ფაქტი, რომ პავლაძის წერილით ადრესატს მიეწოდა დ. ჩ-ას შემდეგი პერსონალური მონაცემები - „სხდომიდან იქნა გაძევებული“.

კასატორი უშვებს, რომ ნორმის მითითება ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს კონკრეტული გარემოების სამართლებრივ შეფასებას, თუმცა პავლაძის მიერ სასამართლო სხდომიდან კასატორის გაძევების შესახებ წერილში ყალბი ცნობის შეტანით კანონდარღვევა რჩება მისი სარჩელის მყარ არგუმენტად.

კასატორის მითითებით, მისი განცხადების მეორე მოთხოვნის მიზანი იყო საბჭოსგან მიეღო ინფორმაცია მის მიერ დანიშნული მოსამართლის მიერ სასამართლო სხდომის დარბაზში მოსარჩელის, როგორც სასამართლო პროცესის მონაწილისადმი მორალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, გააჩნდა თუ არა საბჭოს კანონისმიერი პასუხისმგებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-39(კ-21), დ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის გამო პროცესუალური მოწინააღმდეგის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განაცხადა თვითაცილება.

ადმინისტრაციულ საქმე #ბს-39(კ-21) საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2021 წლის 13 სექტემბერს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ...ის უფროსის გ. პ-ის 2019 წლის 17 ივნისის #756/1182-03-ო წერილში მიეთითა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიმდინარე წლის 17 მაისის GOV 2 19 00019853 წერილით გადმოგზავნილი მოქალაქე დ. ჩ-ას #18218 განცხადებასთან დაკავშირებით, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ადრესატს ეცნობებოდა შემდეგი: „1. განცხადებით მოთხოვნილია, რომ დადგინდეს და აღმოფხვრილ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა აფციაურის მხრიდან #3/5341-18 საქმეზე 11.04.2019წ. სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმში მოსარჩელე დ. ჩ-ას სხდომაზე არგამოცხადების თაობაზე ყალბი მონაცემის შეტანის ფაქტი ან გაქარწყლდეს ამ სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულების რეალობა. როგორც განცხადებაზე დართული მასალებიდან ირკვევა, დ. ჩ-ა, მისი სარჩელის განხილვის ფარგლებში, 11.04.2019წ. ჩატარებული მოსამზადებელი სხდომიდან გაძევებულ იქნა მოსამართლის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, „მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას“. ამავე კოდექსის 212-ე მუხლის შესაბამისად, „სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, „სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ“.

დადგენილია, რომ 2019 წლის 3 ივლისს, დ. ჩ-ამ #2163 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ...ის უფროსის გ. პ-ის 17.06.2019წ. #756/1182-03-ო წერილში აღნიშნული პირი მოსამართლის ქმედებებს სამართლებრივ შეფასებებს აძლევს, რომლითაც ხელს აფარებს მოსამართლე ნანა აფციაურის უკანონო ქმედებებს და შეცდომაში შეჰყავს მასთან ერთად წერილის ადრესატი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა: 1. დავალებოდა საბჭოს ...ის უფროსს გ. პ-ეს უზრუნველეყო მონაცემთა პრინციპების დარღვევით ზემოხსენებული არანამდვილი მონაცემის წაშლა მისივე წერილიდან; 2. დაჩქარებული წესით ყოფილიყო განხილული მისი მეორე მოთხოვნა და განმცხადებელს შემჭიდროვებულ ვადებში მისწოდებოდა დასაბუთებული ინფორმაცია, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნანა აფციაურის მიერ სხდომის დარბაზიდან 11.04.2019წ. (მოსამზადებელი სხდომის გახსნამდე) დ. ჩ-ას გაძევების გამო მისდამი მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს ადმინისტრაციული წესით დავისას (საქმე #3/4668-19) წარმოადგენდა თუ არა სათანადო მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან მისი რომელიმე სამსახური.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, დ. ჩ-ას 03.07.2019წ. #2163 განცხადების მოთხოვნებზე წერილობითი პასუხის გაცემის დავალება და დ. ჩ-ას მიმართ მიყენებული მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ...ის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსმა დ. ჩ-ას მის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართა 2019 წლის 9 აგვისტოს #943/2163-03-ო წერილით, სადაც მიეთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება). ამავე კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, „თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე“. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ სამართლის ნორმის განმარტების უფლებამოსილება სცილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს.

2019 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა #994/2163-01-ო წერილით მიმართა დ. ჩ-ას და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე წლის 3 და 15 ივლისს შესული #2163-ო და #2445-ო განცხადებების პასუხად, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა, რომ შეფასება მისცემოდა ...ის უფროსის გ. პ-ის მიერ დ. ჩ-ას და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეცდომაში შეყვანის ფაქტს და დამდგარიყო მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამასთან, გ. პ-ეს დავალებოდა მისი 2019 წლის 17 ივნისის #756/1182-03-ო წერილიდან არანამდვილი მონაცემის წაშლა, განმცხადებელს ეცნობა, რომ ...ის უფროსის გ. პ-ის 2019 წლის 17 ივნისის #756/1182-03-ო წერილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მითითებით, დ. ჩ-ას ეცნობა, თუ რა უფლებამოსილება აქვს მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში, ასევე, თუ როგორ ხდება სასამართლო სხდომის ოქმზე შენიშვნების წარდგენა. ამავე წერილით, განმცხადებელს განემარტა, რომ გ. პ-ის მიერ არ განხორციელებულა მოსამართლის ქმედებების სამართლებრივი შეფასება და იგი მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარის მითითების ვალდებულება სარჩელის წარდგენისას თავად მოსარჩელეს აქვს, შესაბამისად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არც სხვა ადმინისტრაციული ორგანო თუ ნებისმიერ სხვა პირი არ არის უფლებამოსილი და მით უფრო, ვალდებული, ნებისმიერ პირს დაუდასტუროს ან უარყოს, კონკრეტულ სასამართლო დავაში წარმოადგენს თუ არა იგი სათანადო მოპასუხეს და მან უნდა აგოს თუ არა პასუხი მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ წერილით არ განხორციელებულა მოსამართლის ქმედებების სამართლებრივი შეფასება, აღნიშნულ წერილში მითითებული გარემოებები მხოლოდ განმარტებითი ხასიათისაა და ვერ იქნება განხილული, როგორც საბჭოს გადაწყვეტილება/შეფასება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ამასთან, არ არსებობს დ. ჩ-ას პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა