საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-625(კ-21) 26 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი - სსიპ „...ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. ჯ-მა 2018 წლის 9 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. სარჩელისა და მოპასუხე მხარის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის იძულებითი აღსრულების წესით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე N2/9589-16) აღსრულების დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ...ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმეზე N2/9589-16) იძულებითი აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააღსრულებო ბიურომ და სსიპ ...მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სსიპ ...ის სააპელაციო საჩივრები; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, თბილისის სააღსრულებო ბიურომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გაწყვეტილების იძულებითი აღსრულება განახორციელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა და კანომდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ ...ის მოსაზრების გათვალისწინებით, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 21 ნოემბრის №83179 წერილობითი მიმართვით №A18079310 სააღსრულებო წარმოების მასალების ასლები შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამრიგად, მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შესრულება/შეუსრულებლობა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება განიხილებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჯ-მა.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული გადაწყვეტილებებით და განჩინებებით დადასტურებულია, რომ ქ. ჯ-ი უვადო ხელშეკრულების საფუძველზე აღდგენილ უნდა იქნეს სსიპ ...ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ...ის მიმართულებით სრული პროფესორის თანამდებობაზე. კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზე იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ჯ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენდა შუალედურ და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო აქტს, ვიდრე არ დადგებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შედეგი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. სააპელაციო სასამართლო ვერ მიუთითებს, რა ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა იძულებითი აღსრულების განსახორციელებლად. სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისაგან არ გამიჯნა სისხლის სამართლის წესით განსახორცილებელი და სააღსრულებო ბიუროს მიერ შესასრულებელი ქმედებები. სამართალდამცავი ორგანოებისადმი ფორმალური ხასითის წერილის გაგზავნა ვერ უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სააღსრულებიო ბიუროს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, გაატაროს ყველა ღონისძიება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მიუთითებს სუს 24.04.2014წ. Nბს-476-464-(კ-13) გადაწყვეტილებაზე).
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებითაც დგინდებოდა, რომ გასული იყო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების გონივრული ვადა და მოწინააღმდეგე მხარე შეგნებულად აჭიანურებდა აღსრულებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე არ იზღუდება განახორციელოს მესამე პირთან მიმათებაში იძულებითი ღონისძიება და მისი ანგარიშიდან, თუნდაც დღეის მდგომარეობით, ქ. ჯ-თან მიმართებაში არსებული დავალიანების ჩამოჭრა განახორციელოს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად, ქ. ჯ-ის განთავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველთვიურად უზრუნველყოს ქ. ჯ-ის ხელფასის ოდენობის თანხის ჩამოჭრა. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ქ. ჯ-ის უვადო კონტრაქტის საფუძველზე შესაბამის პოზიციაზე აღდგენა, რაც შემდგომ დააზუსტებს იძულებითი განაცდურის თანხის ოდენობას. მესამე პირის ანგარიშიდან საინკასო დავალების საფუძველზე გადახდევინების განხორციელებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქ. ჯ-ის სამსახურში აღდგენა და არა პირიქით, როგორც ამას აღსრულების ეროვნული ბიურო მიუთითებს.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილიც უპირობოდ ავალდებულებს მოვალეს ქ. ჯ-ის სამსახურში აღდგენას, თუმცა დღეის მდგომარეობით ქ. ჯ-ი აღდგენილი არ არის სამსახურში კონკრეტულ პოზიციაზე და მისთვის არ აუნაზღაურებიათ იძულებითი განაცდური, ასევე აღსრულების ხარჯი. კასატორი თვლის, რომ არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება არსებითად მოიცავს მისთვის მიუღებელი შემოსავლის მიღებას და უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლების სანაცვლოდ შესაბამის კომპენსირებას. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის სააღსრულებო ბიურო არ უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, 2018 წლის პირველი მაისიდან დღემდე შესაბამისი თანხის (ყოველთვიურად 3000 ლარის) სსიპ ...ის ანგარიშიდან ქ. ჯ-ისათვის ჩასარიცხად. ბიუროს მხრიდან კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებად ვერ ჩაითვლება უნივერსიტეტისადმი მხოლოდ ზოგადი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სააღსრულებო ბიუროს მოქმედებების კანონიერების შემოწმება მათი საკმარისობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები აღსრულებას ექვემდბარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით (კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კანონთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. სასამართლო აქტების შესრულების სავალდებულოობა კონსტიტუციური პრინციპია (საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 62.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური, რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება აღსრულების შეწყვეტის, შეჩერების, გაუქმების აუცილებლობა ან/და აღსრულების პრაქტიკული შეუძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით, რომელშიც საბოლოო სახით არის წარმოდგენილი სასამართლო განხილვის შედეგები (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი) და შესაბამისად იგი ლოგიკურად გამომდინარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეფასებიდან. აქედან გამომდინარე აღმასრულებელს, როგორც საჯარო მოხელეს, უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში, ვიდრე ამას აღსასრულებელი სასამართლო აქტი ითვალისწინებს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ჯ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ...ის 2016 წლის 9 მარტის N430-02 ბრძანება ქ. ჯ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ქ. ჯ-ი სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებულ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ...ის მიმართულების სრული პროფესორის თანამდებობაზე; მოპასუხე სსიპ ...ს ქ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 3000 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც 2018 წლის 21 ივნისს ქ. ჯ-მა წარადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროში.
კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 16 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 26 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მოცემული ეტაპისთვისაც მას მიმდინარე სტატუსი გააჩნია. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა შეასრულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოქმედებები: 2018 წლის 26 ივნისს მოვალე სსიპ ...ს გაეგზავნა №A18079310-004/002 და №A18079310-004/003 წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
სსიპ ...ის 2018 წლის 24 ივლისის №35/2931 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ უნივერსიტეტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ქ. ჯ-ის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი ვერ აკმაყოფილებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებასთან მიმართებაში უნივერსიტეტმა მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც ქ. ჯ-თან გაფორმებული იყო ვადიანი ხელშეკრულება, განაცდურის ანაზღაურება უნდა მომხდარიყოს სწორედ ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2018 წლის პირველ მაისამდე. სსიპ ,,...ის“ 2018 წლის 30 ივლისის №35/3050 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა ქ. ჯ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 1 აგვისტოს №A18079310-006/001 წერილით ეცნობა, რომ 2018 წლის 18 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ ითვალისწინებდა რაიმე წინაპირობის არსებობას სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით განაცდურის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ქ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწვეტილების აღსრულებამდე.
სსიპ ...ის რექტორმა 2018 წლის 8 აგვისტოს გამოსცა N2323-02 ბრძანება ...ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის, ქ. ჯ-ის დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე რექტორის 2016 წლის 9 მარტის №430-02 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით დადგინდა ქ. ჯ-ის აღდგენა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ...ის მიმართულების სრულ პროფესორად, მასთან 2013 წლის 8 ივლისს გაფორმებული N489 შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ბრძანება გადაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სსიპ ...ის 2018 წლის 8 აგვისტოს №35/3183 წერილით.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს №58471 წერილით სსიპ ...ს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის №2/9589-16 დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა უნდა აღსრულებულიყო ქ. ჯ-ის, როგორც უნივერსიტეტში უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან მიმართებაში. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ქ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სსიპ ...ის 2018 წლის 7 სექტემბრის N35/3543 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ უნივერსიტეტმა აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2/9589-16 საქმეზე - უნივერსიტეტის 2018 წლის 8 აგვისტოს N2323-02 ბრძანების საფუძველზე ქ. ჯ-ი აღდგენილ იქნა ძველ პოზიციაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ამასთანავე, ქ. ჯ-ს აუნაზღაურდა განაცდური ხელშეკრულების მოქმედების სრულ პერიოდზე. ამდენად, აღდგა ის მდგომარეობა, რაც იარსებებდა, შრომითი ხელშეკრულება რომ არ შეწყვეტილიყო.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით განიმარტა ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმგვარად, რომ ქ. ჯ-ი აღდგენილ უნდა იქნეს მეცნიერებეთა და ხელოვნების ფაკულტეტის, ...ის მიმართულების სრული პროფესორის თანამდებობაზე, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 8 ოქტომბრის №A18079310-011/001 წერილით გადაეგზავნა სსიპ ...ს.
სსიპ ...ის 2019 წლის 2 აპრილის №35/1365 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე აკადემიური თანამდებობა იყო არჩევითი ვადიანი თანამდებობა. ვინაიდან ქ. ჯ-ის შემთხვევაში გასული იყო აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა, ხოლო სასამართლომ დააკისრათ უვადო დანიშვნა არჩევით თანამდებობაზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება შესაძლოა განაპირობებდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევას. აღნიშნული სამართლებრივი პრობლემის გამო უნივერსიტეტმა მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონსულტაციისთვის. სამინისტროს პასუხს აცნობებდნენ დაუყოვნებლივ.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 10 აპრილის №27473 წერილით სსიპ ...ს ეცნობა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მიმართვა არ წამოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შეჩერების ან გადადების საფუძველს. შესაბამისად, უნივერსიტეტს შემჭიდროვებულ ვადებში უნდა აღესრულებინა №2/9589-16 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა ქ. ჯ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 6 აგვისტოს N58923 წერილით სსიპ ...ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო ქ. ჯ-ის აღდგენა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე და არა მისი დანიშვნა შესაბამის თანამდებობაზე. თანამდებობაზე აღდგენის საფუძველს წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 21 ნოემბრის N83179 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცნობა, რომ №A18079310 სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით (კრედიტორი - ქ. ჯ-ი, მოვალე - სსიპ ...ი) სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იყო კრედიტორის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითედას მოვალის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესრულებლობის თაობაზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნა №A18079310 სააღსრულებო წარმოების მასალების ასლები.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო წარმოების ეფექტურად წარმართვისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნებისათვის, თბილისის სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყო შესაბამის სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება - მოვალეს გაუგზავნა წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; განუმარტა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება მისი ნამდვილი შინაარსის გათვალისწინებით; გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მიზნით, წარადგინა შუამდგომლობა სასამართლოში გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კვლავ არაერთხელ მიმართა სსიპ ...ს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის დროულად შესრულებლობის აუცილებლობის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასულებელმა მოვალეს არაერთხელ განუმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ხოლო 2019 წლის 21 ნოემბრის N83179 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა სააღსრულებო წარმოების მასალები.
საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესის მიმდინარეობის პირობებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების დავალების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კასატორის მიერ მითითებული სუს 24.04.2014წ. Nბს-476-464-(კ-13) გადაწყვეტილება ხაზს უსვამს აღსრულების პროცესის წარმართვას უსაფუძვლო დაბრკოლებების შექმნის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა არ უკავშირდება თბილისის სააღსრულებო ბიუროს უმოქმედობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყო მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულება - აღსრულებას დაქვემდებარებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანის მიზნით, განახორციელა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები, რისი განხორციელებაც კვლავ გრძელდება. ამდენად, არ დასტურდება მოსარჩელის უფლების შეზღუდვა მის ინტერესში არსებულ სააღსრულებო ფურცელზე წარმოების ჩატარების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;
3. ქ. ჯ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 28.06.2021წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა