Facebook Twitter
№ბს-988(კ-20) 27 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - ც. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ფ-ა
წარმომადგენელი - გ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 22 აგვისტოს ი. ფ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში ი. ფ-ს მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში (...ა) ი. ფ-ს მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის MES 8 17 00240898 გადაწყვეტილებით, ი. ფ-ს უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული ...აში ი. ფ-ს სწავლის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის ი. ფ-ს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. პალატის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/2642-17) ი. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის MES 8 17 00240898 გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და შეეფასებინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ი. ფ-ს ...აში სწავლის ფაქტი. სასამართლოს მითითებით, ი. ფ-ს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №19 11.07.2005) მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ანუ სახეზე იყო კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ დაუმსახურებელი ზიანი არ მიდგომოდა ი. ფ-ს ინტერესებს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე მხარის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი კვლავ სადავოდ იქნა მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ი. ფ-ს ...აში სწავლის ფაქტი, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი) და უარი ეთქვა ი. ფ-ს 2003-2005 წლებში შპს ...აში მიღებული განათლების აღიარებაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ცენტრის მიერ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი ურთიერთშეუსაბამო გარემოებები ეჭვს იწვევდა დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და შეუძლებელს ხდიდა ი. ფ-ს მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. სასამართლოს მოსაზრებით, დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოთქმული მოსაზრება არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელისათვის რაიმე სახის უფლების შემზღუდავი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის №MIA 7 18 01545800 წერილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ი. ფ-ს უმაღლესი განათლების დოკუმენტაცია (მათ შორის ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლის საკითხი და ყველა ბრძანება თუ აქტი) სრულად იქნა შესწავლილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში წარმოებულ №1011000038 საქმეში, რომელიც 2014 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა პროკურორ გ. ხ-ის მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 და 21-ე მუხლების საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, ცენტრმა იხელმძღვანელა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კასატორი მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ - ...ის ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დაცული დოკუმენტაციის (ბრძანებები) შესაბამისად, ი. ფ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ...ის სპეციალობაზე (ჯერ დასწრებულ, შემდეგ დაუსწრებელ სწავლებაზე) სწავლობდა 2003 – 2006 წლებში, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანების შესაბამისად, ი. ფ. ჩარიცხულ იქნა ...ის სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე, 2005 წლის 14 მარტის №30 ბრძანებით იგი დასწრებული სწავლებიდან გადაყვანილი იქნა დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე, 2005 წლის 29 სექტემბრის №175 ბრძანებით დატოვებულ იქნა მე-4 კურსზე განმეორებითი სწავლებისათვის, ხოლო 2006 წლის 18 იანვრის №6 ბრძანებით, გარიცხული იქნა ...ის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსიდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო. ამასთან, ცენტრის №1314315 და №1099766 წერილებით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე, ი. ფ. საკუთარი - №1355193 განცხადების შესაბამისად, ადასტურებს რომ 2003 წელს ჩაირიცხა სსიპ - ...აში და 2005 წელს დაასრულა სწავლა სს ...აში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ურთიერთშეუსაბამო გარემოებები იწვევს ეჭვს დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და შეუძლებელს ხდის ი. ფ-ს მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს ...ა წარმოადგენდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 1999 წლის 13 დეკემბერს გაცემული უმაღლესი საგანამანთლებლო საქმიანობის №01-17-08/2155 ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს. 2005 წლის 10 მარტის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ი. ფ-ს სარჩელის გამო არსებულ №3/5351-18 საქმეში არ არსებობდა კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაადასტურებდა ი. ფ-ს მიერ განათლების მიღების ფაქტს.
კასატორის მითითებით, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/2642-17 გადაწყვეტილების საფუძველზე, ი. ფ-ს მიერ 2003-2005 წლებში, შპს ...აში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებულ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს სავარაუდო სიყალბის ელემენტებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2004 წლის 14 დეკემბერს გაცემული აკადემიური ცნობა სარეგისტრაციო ნომრით 40/2/725. ცენტის მოთხოვნის საფუძველზე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის №76235 (№18035) წერილის თანახმად, ი. ფ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩაირიცხა 2003 წლის 26 ივლისის № 68 ბრძანებით, ...ის სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე, 2004 წლის 08 ივლისის №108 ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე, 2005 წლის 05 თებერვლის №8 ბრძანებით მე-3 კურსზე, 2005 წლის 14 მარტის №30 ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა დაუსწრებელი სწავლების ...ის სპეციალობის მე-4 კურსზე, 2005 წლის 29 სექტემბრის №175 ბრძანებით დატოვენულ იქნა მე-4 კურსზე განმეორებითი სწავლებისათვის, 2006 წლის 18 იანვრის №18 ბრძანებით ი. ფ. გარიცხულ იქნა აკადემიის დაუსწრებელი სწავლების ...ის სპეციალობის მე-4 კურსიდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, 2004 წლის 14 დეკემბერს გაცემული ცნობის №40/2/725 საფუძველზე (რომლითაც დასტურდება, რომ ი. ფ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარა შვიდი სემესტრი) ი. ფ. ჩაირიცხა „...აში“ ...ის (...ი) სპეციალობის მე-4 კურსზე (ბრძანება №2-96,20.12.2004). სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №19, 11.07.2005) მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (ბრძანება №2-28,15.07.2005წ. დიპლომი SSA №... გაცემის თარიღი - 09.12.2005).
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, 2004 წლის 14 დეკემბერს გაცემული №40/2/725 აკადემიური ცნობის შესაბამისად ი. ფ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სწავლობდა 27.07.2002 - 14.12.2004 წლებში. ამასთან, ი. ფ-მ აღნიშნულ პერიოდში გაიარა 7 (შვიდი) სემესტრი. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულ ჩარიცხვის თარიღთან დაკავშირებით შეინიშნება დაუმოწმებელი შესწორება. აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე ცნობაში მითითებული სწავლის დაწყების თარიღი (27.07.2002 წელი) შეუსაბამობაშია სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ №76235 (№18035) წერილით მოწოდებულ ინფორმაციასთან, აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ ი. ფ-ს სტუდენტის სასწავლო ბარათთან. კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანების საფუძველზე შევიდა ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო გეგმაში და დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო განყოფილებებლის კურსანტთა, სტუდენტთა და მსმენელთა სწავლება წარიმართა შეზღუდული პროგრამით, რაც თავისთავად გამორიცხავს ი. ფ-ს მიერ ერთ ან ორ წელიწადში შვიდი სემესტრის გავლის შესაძლებლობას. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არაა "წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი.
კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია, ვინაიდან კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. დაინტერესებული მხარის ქმედების მართლწინააღმდეგობაზე უთითებს ის გარემოება, რომ მის მიერ სს ...აში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილი დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს (საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიაში ჩარიცხვის თარიღი, სწავლის პერიოდი, გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა) და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არ ადასტურებს ამ დოკუმენტის გაცემის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 15 თებერვალს ი. ფ-მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ...აში 2003-2005 წელს მიღებული განათლების აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის MES 8 17 00240898 გადაწყვეტილებით, ი. ფ-ს უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული ...აში ი. ფ-ს სწავლის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის ი. ფ-ს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის MES 8 17 00240898 გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს ი. ფ-სთან მიმართებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე მხარის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კვლავ სადავოდ იქნა მიჩნეული ი. ფ-ს ...აში სწავლისა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტები და 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილებით ი. ფ-ს უარი ეთქვა 2003-2005 წლებში შპს ...აში მიღებული განათლების აღიარებაზე. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს სწორედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღრული იქნება კონკრეტული წინაპირობები პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება პასუხობდეს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს, ვინაიდან არ მოხდეს პირისათვის კონსტიტუციური უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რამაც შესაძლოა აგრეთვე გავლენა იქონიოს პირის მიერ შრომის თავისუფლების რეალიზებაზე.
განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია, ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ამავე კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას ი. ფ-ს სახელზე გაცემული დოკუმენტაციის ურთიერთშეუსაბამობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი შეუსაბამობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი. ფ-ს მიერ მიღებული განათლების აღიარების კანონიერების საკითხზე, რაც დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობას ქმნის.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანების მიხედვით, ი. ფ. ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დასწრებული სწავლების პირველი კურსის კურსანტად, სპეციალობით - ...ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 08 ივლისის №108 ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე. რექტორის 2005 წლის 05 თებერვლის №8 ბრძანებით გადაყვანილ იქნა მე-3 კურსზე, ხოლო რექტორის 2005 წლის 14 მარტის №30 ბრძანების მიხედვით, ი. ფ. გადაყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე, სპეციალობით - ...ა. 2005 წლის 29 სექტემბრის №175 ბრძანებით დატოვებულ იქნა მე-4 კურსზე განმეორებითი სწავლებისათვის, ხოლო რექტორის 2006 წლის 18 იანვრის №6 ბრძანების მიხედვით, ი. ფ. აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გარიცხული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსიდან. ამდენად, ხსენებული ბრძანებებიდან გამომდინარე, ი. ფ-მ საქართველოს შსს აკადემიაში დაასრულა სამი კურსი და მე-4 კურსიდან გაირიცხა აკადემიური მოუსწრებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულის პარალელურად, საქმეში დაცულია 2005 წლის 09 დეკემბერს ...ის მიერ ი. ფ-ს მიმართ გაცემული დიპლომი SSA №... (სარეგისტრაციო №125) მასზედ, რომ ი. ფ. 2003 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა ...ო საქმის ფაკულტეტის სრული კურსი ...ის (...ი) სპეციალობით და კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ფ-ს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. აღნიშნულ დიპლომში ი. ფ-ს ...აში ჩარიცხვის თარიღის შესაძლო გადაკეთებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, შესწავლილ იქნა ყველა დოკუმენტაცია, თუმცა 2014 წლის 21 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება იმ საფუძვლით, რომ გამოცემული იყო ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია ...ის 2005 წლის 15 ივლისის №2-28 ბრძანება, რომლის მიხედვით ი. ფ-ს მიენიჭა კვალიფიკაცია. ი. ფ-ს სახელზე გაცემული SSA №... დიპლომის დანართის მიხედვით, ი. ფ. 2003 წელს შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ...ის სპეციალობაზე და 2005 წელს დაამთავრა ...ა ...ის (...ი) სპეციალობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ი. ფ., ერთის მხრივ, 2003 წელს ჩაირიცხა ...აში, ხოლო პარალელურად, 2003-2005 წლებში სწალობდა საქართველოს შსს აკადემიაში. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ი. ფ-მ განმარტა, რომ იგი ...აში ჩაირიცხა არა 2003 წელს (როგორც დიპლომშია მითითებული), არამედ 2004 წლის დეკემბერში, თუმცა ამ ინფორმაციის გაზიარების პირობებშიც, დასტურდება, რომ ი. ფ. გარკვეული პერიოდი ერთდროულად ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა. ამდენად, სააპელაციო პალატას, უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა სადავო პერიოდში ერთდროულად ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც აშკარა ურთიერთსაპიროსპირო მონაცემებს შეიცავს. მაგალითად, საქმეში დაცულია ი. ფ-ს სახელზე გაცემული საქართველოს შსს აკადემიის მოწმობა №001700, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე 2005 წლის 5 თებერვალს გადაყვანილ იქნა მე-3 კურსზე. აღნიშნული ინფორმაცია ეწინააღმდეგება როგორც 2005 წლის 09 დეკემბერს ...ის მიერ ი. ფ-ს მიმართ გაცემულ SSA №... დიპლომში ასახულ ინფორმაციას, ისე თავად ი. ფ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ი. ფ-ს ...აში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სასამართლო სხდომაზე მხარემ განმარტა, რომ ამგვარი დოკუმენტი არსებობს. ამასთანავე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილადაა ცნობილი, რომ ი. ფ. ...აში ჩაირიცხა ...ის რექტორის 2004 წლის 20 დეკემბრის №2-96 ბრძანებით. თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №MES 1 18 01559346 სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ი. ფ. ...ის 2004 წლის 20 ოქტომბრის №2-96 ბრძანებით ჩაირიცხა საქართველოს შსს აკადემიიდან გადმოყვანის წესით 2004/2005 სასწავლო წლიდან ...ის (...ი) სპეციალობის მე-4 კურსზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუგებარია ი. ფ. ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა პალარელურად (ვინაიდან არსებობს მისი შსს აკადემიაში კურსიდან კურსზე გადაყვანისა და საბოლოოდ მე-4 კურსიდან გარიცხვის ბრძანება), თუ განხორციელდა მისი მე-4 კურსიდან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ...აში გადაყვანა და საბოლოო კვალიფიკაციის სწორედ ...აში მინიჭება.
ამასთან, ...აში გადაყვანასთან და კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ი. ფ-ს ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, მან 2004 წლის დეკემბრამდე საქართველოს შსს აკადემიაში გაირა 7 სემესტრი, ხოლო მე-8 სემესტრი გაიარა საქართველო ...აში და შესაბამისად, 2005 წელს მიენიჭა კვალიფიკაცია.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, ი. ფ. საქართველოს შსს აკადემიაში ჩაირიცხა აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანებით. ამდენად, ი. ფ-ს მოსაზრების გაზიარების პირობებში, მნიშვნელოვანია დადგინდეს არსებობდა თუ არა სტუდენტის მიერ 2003 წლის 26 ივლისიდან 2004 წლის დეკემბრამდე პერიოდში 7 აკადემიური სემესტრის გავლის ფაქტობრივი შესაძლებლობა.
2021 წლის 13 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ი. ფ-მ განმარტა, რომ საქართველოს შსს აკადემიაში 2004 წელს განხორციელდა შსს აკადემიის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც სწავლება ხორციელდებოდა დაჩქარებული წესით, რაც იძლეოდა ზემოაღნიშნული დროის განმავლობაში 7 სემესტრის გავლის შესაძლებლობას, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რამდენად იყო შესაძლებელი, თუნდაც 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანების არსებობის პირობებში 2003 წლის 26 ივლისიდან 2004 წლის დეკემბრამდე სტუდენტის მიერ 7 აკადემიური სემესტრის გავლა. სააპელაციო პალატას არც აღნიშნული გარემოებები არ გამოუკვლევია და შეუფასებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საქართველოს შსს აკადემიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეცვლილი სასწავლო გეგმისა და დაჩქარებული წესით მიმდინარე სწავლების პირობებში - ი. ფ-ს მიერ 7 სემესტრის გავლის შესაძლებლობა უნდა შეაფასოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წარსულში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმა სწავლის შედეგების ფაქტობრივი გაბათილებაა და ავტომატურად არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირის მიერ უკვე მოპოვებული შრომის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების ფარგლებში ასევე უნდა გამოარკვიოს სადავო აქტისადმი მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დაუდგენლობის და შეუფასებლობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი. ფ-ს მიერ მიღებული განათლების აღიარების კანონიერების საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და საბოლოოდ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.








ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე



ნ. სხირტლაძე