საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-275(კ-21) 26 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 4 მაისს ნ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 06 მარტის №A17003361-014/010 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის №1925 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/3173-2015) აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 06 მარტის №A17003361-014/010 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის №1925 ბრძანება და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ქმედების განხორციელება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/3173-2015) აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე, 82-ე მუხლებზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებზე, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მათ უპირობო და სავალდებულო შესრულებას. „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს №2/9054-14 განჩინებით ნ. მ-ის სასარგებლოდ გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „...ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით წარმოება დასრულებულია, ამდენად არსებობს საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გარანტია. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის №2ბ/3173-2015 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოსარჩელის სასარგებლოდ - შპს „...ს“ ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ევროს ექვივალენტი თანხის გადახდა. შესაბამისად, სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, სადავო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უარი ეთქვა მოსარჩელისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც აღსრულებულია და წარმოადგენს გარანტს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ამდენად, გასაჩივრებული თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 06 მარტის №A17003361-014/010 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის №1925 ბრძანებასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 601 მუხლის მესამე ნაწილზე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 06 მარტის №A17003361-014/010 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის №1925 ბრძანებაც. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების დავალების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არასაკმარისად არის დასაბუთებული, შესაბამისად, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი თვლის, რომ სადავო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ყველა ის სააღსრულებო მოქმედება, რაც გამომდინარეობს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციიდან. გასაჩივრებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 მარტის N17003361-014/010 წერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იგი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება მოსარჩელისათვის. წერილით მხარეს განემარტა საქმეზე განხორციელებული მოქმედება და საინკასო დავალების საფუძველზე მოვალისათვის თანხის გადახდევინების შემაფერხებელი გარემოება, რაც ვერ შეფასდება აღსრულებაზე უარის თქმად.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო 2018 წლის 23 აპრილის N1925 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. საბანკო დაწესებულებების მიერ მოვალის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო წესით თანხის ჩამოჭრა რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“. ამ „წესის“ 21-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, საგადახდო ანგარიშზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ანგარიშიდან ოპერაცია (მათ შორის შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული საინკასო დავალების შესრულება) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყადაღისაგან თავისუფალი თანხების ფარგლებში, ამავე მუხლით გათვალისწინებული ცალკეული გამონაკლისების გარდა. ამდენად, კასატორის განმარტებით, მოვალის საბანკო ანგარიშზე ყადაღის არსებობისას, საინკასო დავალება შესაძლებელია შესრულდეს მხოლოდ ყადაღისგან თავისუფალი თანხების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოვალის საბანკო ანგარიშებზე არ ფიქსირდება ყადაღისაგან თავისუფალი თანხა, შესაბამისად, საბანკო დაწესებულება ვერ ახორციელებს საინკასო დავალების შესრულებას. სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს N2/9054-14 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით/განჩინებით აუქმებს მის მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეს არ ერთვის სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, აღმასრულებელი კი არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით, შესაბამისი დოკუმენტის გარეშე, გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიებით გამოყენებული ყადაღა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს კასატორის მოსაზრებაზე, რომელიც გასაჩივრებული 2018 წლის 6 მარტის №A17003361- 014/010 წერილის სამართლებრივ ბუნებას შეეხება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 6 მარტის №A17003361- 014/010 წერილით დაინტერესებული პირი ინფორმირებულია საკითხის იმგვარი გადაწყვეტის თაობაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის სასურველი შედეგი. ამდენად, გასაჩივრებული წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და არსებობს მისი კანონიერების შემოწმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები აღსრულებას ექვემდბარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით (კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კანონთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. სასამართლო აქტების შესრულების სავალდებულოობა კონსტიტუციური პრინციპია (საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 62.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება. სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის №2ბ/3173-2015 გადაწყვეტილებით შპს „...ს“ ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ევროს ექვივალენტი თანხის გადახდა. ამავე თარიღით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. მ-ის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი.
ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს №2/9054-14 განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „...ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს სასარჩელო მოთხოვნის - 12 250 ევროს ფარგლებში. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 14 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 5 მარტს ნ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ №A17003361 სააღსრულებო საქმეზე, მოვალე შპს „...ის“ ანგარიშზე არსებობდა მის სასარგებლოდ დაყადაღებული თანხის ოდენობა და მოითხოვა აღნიშნულ თანხაზე აღსრულების მიქცევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2ბ/3173-2015). თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 6 მარტის №A17003361- 014/010 წერილით ნ. მ-ს ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო რამდენიმე სააღსრულებო საქმე მოვალე შპს „...ის“ მიმართ. აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორთა სასარგებლოდ მოვალის ანგარიშებზე სხვადასხვა დროს რეგისტრირებული იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს ყადაღები, რომლებიც ჩანაცვლებულ იქნა საინკასო დავალებებით, თუმცა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხა არ იქნა ჩარიცხული.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის №1925 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 6 მარტის №A17003361- 014/010 წერილთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ 21-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, საგადახდო ანგარიშზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ანგარიშიდან ოპერაცია (მათ შორის შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული საინკასო დავალების შესრულება) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყადაღისაგან თავისუფალი თანხების ფარგლებში, ამავე მუხლით გათვალისწინებული ცალკეული გამონაკლისების გარდა. ამავდროულად, ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ადასტურებს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ აღსრულების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს მის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს N2/9054-14 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა შპს „...ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე. ამდენად, ერთი მხრივ, მოვალის საბანკო ანგარიშებზე ყადაღისაგან თავისუფალი თანხის არარსებობის პირობებში მოპასუხე შეუძლებლად მიიჩნევს მოსარჩელის სასარგებლოდ საინკასო დავალების შესრულებას, ხოლო მეორე მხრივ - მიუთითებს კანონიერ ძალაში არსებულ სასამართლოს განჩინებაზე, რომლის მიღების მიზანსაც წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულება და მისი სამომავლო უფლების დაცვა (2014 წლის 14 აგვისტოს N2/9054-14 განჩინების მიღებით და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის (12 250 ევროს) ფარგლებში საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა, რომ მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის მიუღებლობით გაძნელდებოდა ან შეუძლებელი გახდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე პირის არახელსაყრელი ფაქტის წინაშე დაყენების თავიდან აცილება და სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლები შეეხება სარჩელზე ცალკეული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისა და სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების წესს. ამავე კოდექსის 1991 მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით (განჩინებით) სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესაძლებლობა არსებობს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გაურკვეველია სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებასთან დაკავშირებით კასატორის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე მითითება, იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ამასთანავე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სასამართლო გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, თუ მოპასუხე სადავო აღსრულების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად თვლის მოსარჩელისვე სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის არსებობას, მოსარჩელისათვის კანონიერი ინტერესების დაცვაში დახმარების მიზნებისათვის, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა, მითითებული დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტში თავადვე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომელიც აღმასრულებელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, მათ შორის - განუმარტოს მხარეებს მათი უფლება-მოვალეობანი, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო აქტების ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთან, საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ", N40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ. ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 სექტემბერი, 2005 წელი).
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეულ მძიმე შედეგზე - მართლმსაჯულების აღუსრულებლობაზე. „...ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით..“ (სუს 07.03.2013წ. Nბს-727-711(კ-12) განჩინება). „..სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში..“ (სუს 24.04.2014წ. Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით მკაცრად არის განსაზღვრული აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციები და მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონთან ზუსტი შესაბამისობით აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააღსრულებო წარმოების ეფექტურად წარმართვისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნებისათვის, თბილისის სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა დაცვით ვერ უზრუნველყო შესაბამის სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 6 მარტის №A17003361-014/010 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 185-ე, 201-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 6 მარტის №A17003361-014/010 ადმინისტრაციულ-სამართლებრიი აქტი, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის №1925 ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/3173-2015) აღსრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2021 წლის 11 მარტს N02303 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა