Facebook Twitter

საქმე #ბს-482(კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 2 ივლისს ს. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 4 აპრილს მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 1000 კვ.მ-ს, ხოლო ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი - 235 კვ.მ-ს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 მაისის #1167 განკარგულებით საბა კვანტრაშვილს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, თუმცა მოპასუხემ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი განუცხადა.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 მაისის #1167 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ს. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #29, საკადასტრო კოდი: #..., საერთო ფართობი - 1000 კვ.მ.) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 235 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ს. კ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 მაისის #1167 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #29, ს/კ #..., საერთო ფართობი - 1000 კვ.მ.) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 235 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ს. კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 მაისის #1167 განკარგულებით ს. კ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #29-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 235 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგინდა ს. კ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღების) მიხედვით, არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტი წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ს. კ-ი აღნიშნული კონფიგურაციით ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

ზემოხსენებული განკარგულებით კომისიამ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ #... (04.04.2018წ.) საინფორმაციო ცნობაზე და მასზე თანდართულ მცხეთის რაიონის ...ის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის ამონარიდზე, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლით დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. აღნიშნულის საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, განიხილებოდა საერთო საკუთრების ობიექტად და არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც გასაჩივრებული განკარგულებიდან დგინდებოდა, ადმინისტრაციული ორგანოს უარი დაეფუძნა ორთოფოტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ #... (04.04.2018წ.) საინფორმაციო ცნობას და მასზე თანდართულ მცხეთის რაიონის ...ის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის ამონარიდს.

სააპელაციო პალატამ მოიხმო საქმეში წარმოდგენილo 2005 წლის ორთოფოტო, სადაც ნათლად არის ასახული მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ხილვადია ზუსტი კონტურები. ამდენად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებას, რომ ორთოფოტოთი არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტი წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, მათ შორის, ორთოფოტოებით, ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ს. კ-ის საკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ ფართობის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობდა. ამასთან, არ დასტურდებოდა მათ შორის რაიმე სახის მიჯნის არსებობა, რაც გამორიცხავდა სადავო აქტის მართლზომიერებას.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (კანონის ახალი რედაქციის მიხედვით - სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა).

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 მაისის წერილით ირკვევოდა, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-2) ზონაში და მასზე ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური ზოლის სპეციალური შეზღუდვა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ კომისიას მოთხოვნის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა განხილვის დროისათვის მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით და არა მცხეთის რაიონის ...ის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომიდნარე, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განცხადების წარდგენის დროიდან არა მცხეთის რაიონის, არამედ ქალაქ თბილისის ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ორთოფოტოების მიხედვით არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტი განმცხადებლის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით. ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ს. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს და მათ შორის რაიმე სახის მიჯნა არ არსებობს, როგორც ამას სასამართლო უთითებს, ცალსახად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს. კ-ი აღნიშნული კონფიგურაციით სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

კასატორი მიუთითებს, რომ თავად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს დადგენილად და მოსარჩელეც ადასტურებს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ს. კ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაცია არ არის სწორი და არ ასახავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთისა და ს. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობის ფაქტს მოთხოვნილი კონფიგურაციით. არ შეიძლება შეფასებულ იქნეს მცირე უზუსტობად და მით უფრო არსებული სახით დაედოს საფუძვლად საკუთრების უფლების აღიარებას.

კასატორის მითითებით, საქმეში დაცული დოკუმენტაციით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობისა და მასზე დართული მცხეთის რაიონის დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის ამონარიდის თანახმად, დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლით დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.

კასატორი ასევე მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ქარსაფარი ზოლი არის მისი მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება. შესაბამისად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, განიხილება საერთო საკუთრების ობიექტად და არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას კომისიის მიერ, რამდენადაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული რედაქცია ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის 25 ივნისს, სადავო აქტის გამოცემის შემდგომ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე არ იყო დატანილი აღნიშნული ინფორმაცია, არ ქმნიდა საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 მაისის #1167 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ს. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #29, საკადასტრო კოდი: #..., საერთო ფართობი - 1000 კვ.მ.) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 235 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 მაისის #1167 განკარგულებით ს. კ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგინდა ს. კ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღების) მიხედვით, არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობა წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით. ასევე, კომისიამ მიუთითა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქარსაფარი ზოლი არის მისი მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, მათ შორის, ორთოფოტოებით, ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ს. კ-ის საკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ. ფართობის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობდა. ამასთან, არ დასტურდება მათ შორის რაიმე სახის მიჯნის არსებობა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ს. კ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლითაც, რომ მცხეთის რაიონის ...ის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის ამონარიდის თანახმად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 მაისის #67-0118144361 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ ქალაქ თბილისშიმ, ...ის ქუჩის #29-ის მიმდებარედ არსებული 235 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-2) ზონაში. მასზე ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური ზოლის სპეციალური შეზღუდვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (კანონის ახალი რედაქციის მიხედვით - სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა). ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს თვითნებურად დაკავებული იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას, მათ შორის, „მ“ პუნქტით გათვალისწინებული სასაფლაო და პანთეონი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კომისიას მოთხოვნის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა განხილვის დროისათვის მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით და არა მცხეთის რაიონის ...ის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განცხადების წარდგენის დროიდან არა მცხეთის რაიონის, არამედ ქალაქ თბილისის ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს, ითვალისწინებს თუ არა კონკრეტულ ზონაში კონკრეტულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას და იმსჯელოს, ადგილი ხომ არა აქვს ზემოხსენებული კანონის 3.2 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა