Facebook Twitter
საქმე #ბს-950(კ-20) 21 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი (მოსარჩელე) – ა. ნ-ი (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი – შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2016 წლის 21 ივნისს რ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 5 ნოემბრის ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ #018662 აქტითა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #... ოქმით რ. ხ-ს დაუდგინდა ბუნებრივი გაზის უკანონო დატაცების ფაქტი. 2015 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით რ. ხ-ს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. მითითებული დადგენილების შესაბამისად, შპს „...ის“ უფლებამოსილ პირს არანაირ დამატებით სახდელზე არ უმსჯელია, თუმცა შპს „...ის“ სპეციალური მმართველის 2015 წლის 2 დეკემბრის #... წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ აბონენტს დაერიცხა უკანონოდ დატაცებული ბუნებრივი გაზის საფასური საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ“ #... აქტში მითითებული გაზდანადგარებისა და მოწყობილობების (3-სანათურიანი გაზქურა ღუმელით, 12-ლიტრიანი წყალგამაცხელებელი და უკრაინული გამათბობელი - 2 ცალი) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე, რამაც შეადგინა 1794.6 მ3 ბუნებრივი გაზი - 818.69 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, მან გაასაჩივრა შპს „...ის“ სპეციალური მმართველის წერილით დარიცხული თანხა იმ მოტივით, რომ მას მხოლოდ ერთი გამათბობელი ჰქონდა დაერთებული, საიდანაც ხდებოდა გაზის დატაცება და შესაბამისად, თანხის დარიცხვა იყო უკანონო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 თებერვლის #9/21 გადაწყვეტილებით რ. ხ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცემის პროცესში მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმის მასალები.
ამდენად, მოსარჩელემ რ. ხ-ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 თებერვლის #9/21 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც რ. ხ-ს მხოლოდ ერთი გამათბობლის მიერ დატაცებული ბუნებრივი აირისათვის დაერიცხება თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 5 ნოემბერს შპს „...ის“ უფლებამოსილი პირის მიერ რ. ხ-ის მიმართ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ აქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #..., რომელთა შედგენის საფუძვლად დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება, კერძოდ, მრიცხველამდე მილზე დაერთებულია d15 მმ ონკანი, ონკანზე დამაგრებულია რეზინქსოვილის მილი, რომელიც აბონენტს აწვდის აღურიცხავ გაზს, აბონენტი ბუნებრივ აირს მოიხმარს უკანონოდ. ამავე აქტის მიხედვით, მომხმარებელი მოიხმარს დანადგარებს: 3-სანათურიანი გაზქურა ღუმელით, 10-ლიტრიანი წყალგამაცხელებელი და 2 ცალი უკრაინული გამათბობელი. ამავე ოქმის თანახმად, მის თანდართულ მტკიცებულებას წარმოადგენს ფოტომასალა.
ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ 2015 წლის 5 ნოემბრის #1939931 აქტის მიხედვით, ჩაიჭრა აირშედუღებით მოქმედი განშტოება, რომლითაც აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა მრიცხველის გვერდის ავლით, ბუნებრივი აირის დანადგარზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ 2015 წლის 18 ნოემბრის #15/70 დადგენილებით რ. ხ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
შპს „...ის“ #226815 უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გაანგარიშების ფურცლის თანახმად, 3-სანათურიანი გაზქურის ხარჯი შეადგენდა 1.07 მ3/სთ, საათების რაოდენობა - 6, დღეების რაოდენობა - 90 (სულ ხარჯი: 577.8 მ3), 10-ლიტრიანი წყალგამაცხელებლის ხარჯი - 2.2 მ3/სთ, საათების რაოდენობა - 6, დღეების რაოდენობა - 90 (სულ ხარჯი: 1188 მ3), 2 ცალი გამათბობლის ხარჯი - 0.6 x 2 = 1.2 მ3/სთ, საათების რაოდენობა - 6, დღეების რაოდენობა - 4 (სულ ხარჯი: 28.8 მ3).
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯამში ხარჯმა შეადგინა 1794.6 მ3. შპს „...ის“ 2015 წლის 2 დეკემბრის #... აქტის თანახმად, რ. ხ-ის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარების წარმადობისა დაანგარიშების საფუძველზე, უკანონოდ მოხმარებულმა გაზმა შეადგინა 1794.6 მ3 ბუნებრივი გაზი, რისთვისაც მას დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული გაზის საფასური - 818.69 ლარი.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ რ. ხ-მა 2015 წლის 9 დეკემბერს #10262/01 საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ზიანის ოდენობის კორექტირება იმ სახით, რომ დადგენილიყო ერთი თვის მანძილზე უკანონოდ მოხმარებული გაზის საფასური.
რ. ხ-მა 2015 წლის 14 დეკემბერს #10503/01 საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და შპს „...ის“ 2015 წლის #15/70 დადგენილებისა და 2015 წლის 2 დეკემბრის #... აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ 2015 წლის 16 დეკემბრის #ხ-4716 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ კომპანია უსაფუძვლოდ მიიჩნევდა რ. ხ-ის მოთხოვნას პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე და მასზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა განხორციელდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რ. ხ-ის წარმომადგენელის - მაია დარბაიძის მონაწილეობით, კომისიამ განიხილა რ. ხ-ის 2015 წლის 9 დეკემბრის #10262/01 და 2015 წლის 14 დეკემბრის #10503/01 საჩივრები. სხდომაზე მაია დარბაიძემ დააფიქსირა, რომ მისი მარწმუნებელი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს არ უარყოფდა, თუმცა არ ეთანხმებოდა დარიცხვას, ვინაიდან ოქმში დაფიქსირებული იყო 10-ლიტრიანი გამაცხელებელი, ხოლო დარიცხვის აქტში - 12-ლიტრიანი. გარდა ამისა, რ. ხ-მა აგვისტო-სექტემბერში გადაიხადა 27 ლარი, სექტემბერ-ოქტომბერში - 32 ლარი, იმ დროს, როდესაც გამათბობლების აქტიური გამოყენება არ ხდებოდა. ამასთან, აქტებში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა პერიოდის განმავლობაში მოიხმარდა აბონენტი გაზს უკანონოდ.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 თებერვლის #9/21 გადაწყვეტილებით რ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ის“ 2015 წლის 18 ნოემბრის #15/70 დადგენილება, ვინაიდან დადგენილება რ. ხ-ს კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით ჰქონდა გასაჩივრებული. ამავე გადაწყვეტილებით საფუძვლიანად იქნა მიჩნეული #226815 აბონენტზე კომპანიის მხრიდან უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად 818.69 ლარის დარიცხვა; ასევე, განუხილველად დარჩა #226815 აბონენტზე მრიცხველის საფასურად დარიცხული თანხის გაუქმების მოთხოვნა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს „...ის“ #... ქვითრით დგინდება, რომ #226815-641 აბონენტმა - ხ-მა 2015 წლის 17 მარტიდან 2015 წლის 17 აპრილამდე მოიხმარა 145 მ3 გაზი, რისთვისაც დაერიცხა საფასური - 67.10 ლარი. #25476602 ქვითრის მიხედვით, 2015 წლის 17 აპრილიდან 2015 წლის 15 მაისამდე დაერიცხა საფასური - 47.94 ლარი, ხოლო #... ქვითრის შესაბამისად, 2015 წლის 17 აგვისტოდან 2015 წლის 16 სექტემბრამდე მან მოიხმარა გაზი 61 მ3, რისთვისაც დაერიცხა საფასური - 27.83 ლარი. #... ქვითრის თანახმად, 2015 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 19 ოქტომბრამდე ხ-მა მოიხმარა 72 მ3 გაზი და მას დაერიცხა საფასური - 32.85 ლარი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მითითებული წესის მე-9 მუხლით რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, რომლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამავე პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.
საქალაქო სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას - გაფრთხილებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მომხმარებელს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდებოდა მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები. აღნიშნული კი შეიძლება დადგენილიყო კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, რომლითაც დადასტურდებოდა მომხმარებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მისი ბრალეულობა მის ჩადენაში და იგი დაექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს #14 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელსაც საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდებოდა, რომ რ. ხ-ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შპს „...ის“ 2015 წლის 18 ნოემბრის #15/70 დადგენილებით. ამავე დადგენილებით მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევით გასაჩივრების გამო, მითითებული დადგენილება „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ უცვლელად დარჩა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის 2016 წლის 12 თებერვლის #9/21 გადაწყვეტილებით, რომელიც ამ ნაწილში მოსარჩელეს სადავოდ აღარ გაუხდია. შესაბამისად, ვინაიდან იგი დაეთანხმა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...ის“ 2015 წლის 18 ნოემბრის #15/70 დადგენილება წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესულ აქტს.
საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავად ადასტურებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და კანონიერ ძალაში შევიდა დადგენილება ამ სამართალდარღვევის ჩადენის გამო სახდელის დაკისრების შესახებ, მომხმარებელს - რ. ხ-ს წარმოეშვა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის - შპს „...ისათვის“ გადახდის ვალდებულება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს #14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო დარიცხვის საფუძვლიანობის თაობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).
ამავე წესების ამავე რედაქციის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ხ-ის მფლობელობაში არსებობდა 3-სანათურიანი გაზქურა, 10-ლიტრიანი წყალგამაცხელებელი და 2 ცალი გამათბობელი. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მითითება უკანონოდ მოხმარებული გაზის საფასურის დარიცხვისას ყველა დანადგარის (მოწყობილობის) ხარჯის გათვალისწინებასა და დარიცხვის პერიოდთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ზემოხსენებული არგუმენტის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, დარიცხვა უნდა მომხდარიყო მითითებული ნორმის გათვალისწინებით, კერძოდ, მომხმარებლის გაზის ყველა დანადგარის ან/და ხელსაწყოს დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით), რაც განხორციელდა კიდეც.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის განმარტება როგორც მხოლოდ 1 გამათბობლით ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების თაობაზე, ასევე, დარიცხვის პერიოდის არასწორად განსაზღვრის შესახებ და არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო დადგენილიყო, მოსარჩელე რა პერიოდის განმავლობაში მოიხმარდა უკანონოდ ბუნებრივ აირს.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმებთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-ის წარმომადგენელმა - მაია დარბაიძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს დაურთო გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, კერძოდ, 2017 წლის 30 მარტს, რ. ხ-ი გარდაიცვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე შეჩერდა წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით ა. ნ-ი ცნობილ იქნა გარდაცვლილი რობერტი ხ-ის უფლებამონაცვლედ; განახლდა საქმის წარმოება რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ნ-ის (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მა (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, რ. ხ-ს წარდგენილი ჰქონდა გადახდების შესაბამისი ამონაწერები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი იგი იხდიდა მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადს. გარდა ამისა, თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც უდავოდ ვერ დადასტურდა, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება მოსარჩელის მხრიდან საერთოდ მრიცხველის გვერდის ავლით ხდებოდა. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული დოკუმენტები იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოს დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის დაევალებინა დარიცხული თანხების კორექტირება.
კასატორი მიიჩნევს, რომ რამდენადაც რ. ხ-ის მხრიდან მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადების გადახდა დასტურდებოდა, აღნიშნული ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ იგი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გაანგარიშების ფურცელში მითითებულ დანადგარებს დატაცებული ბუნებრივი აირის ხარჯზე არ მოიხმარდა.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ რ. ხ-ი მხოლოდ და მხოლოდ ერთ გამათბობელს მოიხმარდა, რომელიც დაერთებული იყო დ15 მმ ონკანზე რეზინქსოვილის მილით დატაცებულ ბუნებრივ გაზზე. სხვა ყველა დანადგარი, კერძოდ, 3-ნათურიანი გაზქურა, ერთი უკრაინული გამათბობელი და 10-ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი, დაერთებული იყო მრიცხველზე და მარაგდებოდა აღრიცხული ბუნებრივი გაზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ნ-ის (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი. ამასთან, ამავე განჩინებით კასატორს - ა. ნ-ს (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ა. ნ-ის (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. დასახელებული წესების მე-9 მუხლით რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, რომლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. იმავე პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას - გაფრთხილებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მომხმარებელს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუკი კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით დადასტურდება მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს #14 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებზე“, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელსაც საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ. ხ-ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შპს „...ის“ 2015 წლის 18 ნოემბრის #15/70 დადგენილებით. იმავე დადგენილებით მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. ამასთან, დადგენილია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევით გასაჩივრების გამო, მითითებული „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ დადგენილება უცვლელად დარჩა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის 2016 წლის 12 თებერვლის #9/21 გადაწყვეტილებით, რომელიც ამ ნაწილში მოსარჩელეს სადავოდ აღარ გაუხდია. შესაბამისად, ვინაიდან იგი დაეთანხმა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ შპს „...ის“ 2015 წლის 18 ნოემბრის #15/70 დადგენილება წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესულ აქტს.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის არა მისი მამკვიდრებლის - რ. ხ-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არამედ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისათვის შპს „...ისათვის“ გადასახდელი თანხის ღირებულებას. აღნიშნულს მოწმობს თავად სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაც, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო გადასახდელი თანხა მხოლოდ ერთი გამათბობლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის დაანგარიშდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს #14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).
ამავე წესების ამავე რედაქციის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა არ წარმოადგენს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებლის დასჯისა და სანქცირების სამართლებრივ საშუალებას. დასახელებული საკანონმდებლო საფუძვლები მიზნად ისახავს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ამოღებას. ამდენად, მაშინ, როდესაც არსებობს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის ობიექტურად განსაზღვრის შესაძლებლობა, არსებითია მომხმარებლის მიმართ ზუსტი ოდენობით იქნეს გაანგარიშებული გადასახდელი თანხის ოდენობა. თუმცა საკასაციო პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდეს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა, რაც, ცხადია, ავტომატურად შეუძლებელს ხდის მისთვის გადასახდელი ზუსტი ღირებულების დაანგარიშებასაც. სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არის გათვალისწინებული უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის დაანგარიშების ერთგვარი ფორმულა, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზანშეუწონელია მითითებული გამოანგარიშების მეთოდის ყველა სიტუაციაზე ავტომატური გავრცელება. აუცილებელია, რომ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების თაობაზე ოქმის შედგენისას და მოხმარებული ბუნებრივი გაზისათვის გადასახდელი ღირებულების განსაზღვრის პროცესში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ რ. ხ-ის მფლობელობაში არსებობდა 3-სანათურიანი გაზქურა, 10-ლიტრიანი წყალგამაცხელებელი და 2 ცალი გამათბობელი, თუმცა თავად კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ რ. ხ-ი უკანონოდ დატაცებულ ბუნებრივ გაზს მხოლოდ ერთი გამათბობლის ფუნქციონირებისთვის იყენებდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული გარემოება არც შპს „...ს“, არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მხედველობაში არ მიუღიათ. კერძოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებითია სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, იყო თუ არა ხილული დატაცებული ბუნებრივი გაზის მხოლოდ ერთ კონკრეტულ გამათბობელზე დაერთება და მისი მხოლოდ აღნიშნული გამათბობლისათვის გამოყენება, თუ მოპოვებული ბუნებრივი გაზი საცხოვრებელ სახლში არსებულ ყველა მოწყობილობაზე ერთობლივად მოიხმარებოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია რ. ხ-ის (აბონენტის ნომერი: 226815-641) მიერ 2015 წლის 17 მარტიდან ამავე წლის 17 აპრილის, 2015 წლის 17 აგვისტოდან ამავე წლის 16 სექტემბრისა და 2015 წლის 16 სექტემბრიდან ამავე წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდისათვის ბუნებრივი გაზის მოხმარების ქვითრები (#..., #..., და #...), საიდანაც დგინდება, რომ რ. ხ-ს გადახდილი აქვს 70.60 ლარი, 33.60 ლარი და 27.60 ლარი (ტომი I, ს.ფ. 67-68). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბარათი (სახელი: ხ-ი; მისამართი: ...ი, ...ას შენ. შ.9, ბინა 0; დაბეჭდილი 2015 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით), რომლითაც ასევე დგინდება, რომ აბონენტის ჩვენება შემდგომ პერიოდებშიც (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ყოველთვიურად მზარდია, ხოლო რ. ხ-ს ამავე პერიოდებშიც გადახდილი აქვს ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რ. ხ-ი არ მოიხმარდა მხოლოდ უკანონოდ დატაცებულ ბუნებრივ გაზს. იგი საკუთარ აბონენტზე მიწოდებულ გარკვეული რაოდენობის ბუნებრივ გაზსაც რეგულარულად იყენებდა საცხოვრებელ სახლში არსებული დანადგარების ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასეთი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს, უკანონოდ დატაცებული ბუნებრივი გაზი საცხოვრებელ სახლში არსებულ კონკრეტულად რომელ მოწყობილობაზე მოიხმარებოდა (მაგალითად, ხილული იყო თუ არა უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი გაზის მილის კონკრეტულად ამ მოწყობილობაზე მიერთება) და აღნიშნულის გამოკვლევის შემდგომ, იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსათვის რ. ხ-ის მიერ დატაცებული ბუნებრივი გაზის ოდენობისა და მისი ღირებულების სწორედ ამ დანადგარ(ებ)ის სიმძლავრეების წარმადგობის დაანგარიშების დავალების საკითხზე. ამასთან, თუკი სააპელაციო პალატა დაადგენს, რომ უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი გაზის კონკრეტულ მოწყობილობაზე მიერთება ვერ დგინდება ან ასეთი გარემოების დადგენა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს რ. ხ-ის მიერ საკუთარი აბონენტისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფაქტი და შეაფასოს, არსებობს თუ არა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სპეციალური მეთოდით დაანგარიშებული უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის რ. ხ-ის აბონენტზე დარიცხული გაზის მოცულობით შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით კასატორს - ა. ნ-ს (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო ხარჯების განაწილების პროცესში მხედველობაში უნდა მიიღოს აღნიშნული გარემოება.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ-ის (რ. ხ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა