Facebook Twitter

საქმე #ბს-587(2კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 17 იანვარს კ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ პირველი კლასის ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 სექტემბრის #4675707 და 2019 წლის 16 ოქტომბრის #4713507 გადაწყვეტილებებისა და მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის #2054 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის პირველი კლასის ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ მოსარჩელის 2019 წლის 10 ოქტომბრის #AR1712270 განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის #4713507 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში „კ. ს-ის წარმომადგენლის მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის #2054 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 10 ოქტომბრის AR1712270 განცხადებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის #4713507 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კ. ს-ის წარმომადგენლის მ. გ-ის 2019 წლის 10 ოქტომბრის AR1712270 განცხადების არსებითად განხილვა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალების მიღების შემდეგ, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, არქიტექტურის სამსახური გასცემს ან არ გასცემს დასტურს. ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. კასატორის მითითებით, აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს კანონით დადგენილ ფარგლებში მისი განხორციელების თაობაზე. კასატორის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნია პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით შესაბამისი არქიტეტურული პროექტის შეთანხმება.

ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102.1 მუხლზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს გასაჩივრებული აქტის კანონიერება მხოლოდ იმ ფარგლებში, არსებობდა თუ არა ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის 16.10.2019წ. გადაწყვეტილების გამოცემისა და საჩივრის ავტორის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, კერძოდ, მაშინ, როდესაც განმცხადებლის სასარგებლოდ იცვლება ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას ან არსებობს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი მდგომარეობის განმაპირობებელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. მოსარჩელესთან მიმართებით კი, აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102.1 მუხლზე და განმარტავს, რომ 10.10.2019წ. არქიტექტურის სამსახურში განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია 11.09.2019წ. განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის იდენტური იყო. განსხვავებული იყო მხოლოდ მოთხოვნის ფორმულირება, რაც ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა კ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წარედგინა კ. ს-ის წარმომადგენლის #AR1706176 განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #10-ში მდებარე, კ. ს-ის კუთვნილ, #... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე 60 კვ.მ-მდე ფართობის, 5მ-მდე სიმაღლისა და 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 სექტემბრის #4675707 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #10-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე 60 კვ.მ-მდე ფართობის, 5მ-მდე სიმაღლისა და 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ ობიექტის განთავსება იგეგმებოდა ჯიხურების შეზღუდვის ზონაში.

2019 წლის 10 ოქტომბერს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წარედგინა კ. ს-ის წარმომადგენლის #AR1712270 განცხადება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის #4713507 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #10-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 60 კვ.მ-მდე ფართობის, 5მ-მდე სიმაღლისა და 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის რეკონსტრუქციის განხორციელების დადასტურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ არქიტექტურის სამსახურმა განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა 2019 წლის 18 სექტემბრის #4675707 გადაწყვეტილებით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ იკვეთებოდა ახლად აღმოჩენილი ან/და ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო საკითხის არსებითად განხილვის საფუძველი. საყურადღებოა, რომ 16.10.2019წ. #4713507 სადავო გადაწყვეტილებაში, კერძოდ, გრაფაში - ნომეკლატურა განმცხადებლის მოთხოვნაზე, სადაც მითითებულია შემდეგნაირად: I კლასი, 60 კვ.მ-მდე ფართობის 5მ-მდე სიმაღლის და 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა - რეკონსტრუქცია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის #2054 ბრძანებით კ. ს-ის წარმომადგენელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის #4713507 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ განმცხადებლის სასარგებლოდ რაიმე ფაქტორივი ან სამართლებივი მდგომარეობის ცვლილება არ მომხდა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობით, არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნული კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველად იქნა მიჩნეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კ. ს-ის 2019 წლის 10 ოქტომბრის განცხადება და განცხადებაში მითითებული გარემოებები არსებითად არ განხილულა და განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ არ დაუსაბუთებია. ადმინისტრაციულ ორგანოს 2019 წლის 16 ოქტომბრის #4713507 გადაწყვეტილების მიღებისას დეტალურად და ზედმიწევნით უნდა დაედგინა პირველი ადმინისტრაციული წარმოებისაგან განსხვავებით დაფიქსირებული მოთხოვნა. ამასთან, არ გამოკვლეულა და ადგილზე არ შესწავლილა რეალურად არსებობდა თუ არა განცხადებაში მითითებული შენობის საძირკველი და საკითხი ეხებოდა ახალი მშენებლობის შეტყობინების დადასტურებას, თუ უკვე არსებული შენობის რეკონსტრუქციას. გასაჩივრებული ბრძანებით ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გარემოებაზე და არ შეუფასებია, შეიძლება თუ არა იდენტურად ჩაითვალოს მოთხოვნები ახალი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის თაობაზე, საერთოდ არსებობდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის კ. ს-ის 2019 წლის 10 ოქტომბრის AR1712270 განცხადების განხილვის დავალება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარზე 21.06.2021წ. #00823 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.06.2021წ. #00823 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა