Facebook Twitter

საქმე #ბს-584(2კ-21) 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ტ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 19 ივნისს კ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს იძულებით გადაადგულებულ პირს, რომელმაც 2019 წლის 11 მაისს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-477/ო ბრძანებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის მოტივით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს მან ა. ჯ-თან დადო საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. გორი, ...ი #..., ბინა #19) ნასიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ბინის გამოსყიდვა მოსარჩელის მიერ 2 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო, თუმცა მატერიალური მდგომარეობის გამო მან ვერ შეძლო საცხოვრებლის გამოსყიდვა დათქმულ ვადაში და გარიგების პირობების შესაბამისად, აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით გადავიდა ა. ჯ-ზე. შესაბამისად, მოსარჩელე დარჩა საცხოვრებლის გარეშე.

ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-477/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13 მარტის #03-477/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-477/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კ. ტ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-477/ო ბრძანებით კ. ტ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის (თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების) მოტივით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, ერთი მხრივ, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან, ხოლო მეორე მხრივ, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, მაგრამ იმ ეტაპზე მისი საცხოვრისით დაკმაყოფილება არ განხორციელდა, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ფლობდა უძრავ ქონებას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოსარჩელემ გაასხვისა კუთვნილი უძრავი ნივთი, მეორე მხრივ კი, სააგენტომ მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულების ფიქტიურობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა ბინის ამჟამინდელი მესაკუთრის - ა. ჯ-ის ხელწერილი ქირის გადახდასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არ გააჩნდა საფუძველი არ დაედასტურებინა მოსარჩელის ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ ბინის გასხვისება ვერ ჩაითვლებოდა ფიქტიურად და მოსარჩელის საცხოვრისით დაკმაყოფლებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მას გააჩნდა უძრავი ქონება, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გასანაწილებელი ფართების ოდენობის გამო, პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, 207 განაცხადიდან დაკმაყოფილებულ იქნა მხოლოდ 22 განაცხადი, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები გადაეცათ 1.5 ქულა მინიჭებულ დევნილ ოჯახებს. ასევე დადგენილია, რომ კ. ტ-ის განაცხადი არ განუხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა უძრავი ქონება. იმ პირობებში, როდესაც დადგენილ იქნა აღნიშნული მიზეზით მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონშეუსაბამობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით კვლევას - მოსარჩელის ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას, რის შემდეგაც უნდა გამოცემულიყო ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის მომენტისათვის უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ კ. ტ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განიხილა დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა შეეფასებინა უარის თქმის საფუძვლის კანონიერება, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შევსებული განცხადებისა და გასანაწილებელი ბინების ოდენობაზე, თუმცა არ უმსჯელია პრიორიტეტულობის პრინციპზე და არ განუმარტავს იგი.

კასატორი აღნიშნავს, რომ კ. ტ-ის მხრიდან საცხოვრებლად გამოსაყენებელი უძრავი ნივთის ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება სააგენტოს მიერ წარედგინა ორივე ინსტანციის სასამართლოს. კერძოდ, მონიტორინგის ოქმებიდან უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრობს 1998 წლიდან დღემდე და შეუზღუდავად ფლობს მას. ამდენად, სააგენტოსათვის გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც დაადგინა რომ სააგენტოს საკითხი არ ჰქონდა ჯეროვნად შესწავლილი და გამოკვლეული.

კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, განსახილველ შემთხვევაში, სხვა განმცხადებელსაც ჰქონდა 1.5 ქულა და სააგენტოს არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი იდენტურ ქულიან განმცხადებლებს შორის. ამდენად, შესაძლოა არსებობდა განმცხადებელი ნაკლები ქულით, რომელიც უფრო რთული საცხოვრებელი პირობების გამო (რაც რეალურად დასტურდებოდა) პრიორიტეტულად საჭიროებდა სასწრაფო და აუცილებელ განსახლებას. კასატორი მიუთითებს, რომ ჯერ მიმდინარეობს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი საკუთრება და ხელი არ მიუწვდებათ სათანადო საცხოვრებელზე. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ხელმძღვანელობს ამ პრინციპის საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადდნენ მხარის მისამართზე, მონიტორინგის ოქმიდან კი ცალსახად და უტყუარად დასტურდებოდა, რომ მხარე რეალურად ფლობდა და შეუზღუდავად სარგებლობდა 2017 წელს გასხვისებული ბინით. სააგენტო თვლის, რომ მან პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება, სათანადოდ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით არის დაუსაბუთებელი.

კასატორის - კ. ტ-ის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ინკვიზიციურობის პრინციპის ფარგლებში სათანადოდ მოიძია და გამოიკვლია მასალები და მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახი საჭიროებდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ მიზეზად მითითებული აქვს მისი გასხვისებულ ბინაში ცხოვრების ფაქტი. ამდენად, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ მისცა სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საკითხის კვლავ სააგენტოში დაბრუნება და ხელახლა განხილვა გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას, ვინაიდან სააგენტო კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაწყვეტილებას არ აღასრულებს და ამის მიზეზად საცხოვრებელი რესურსის არქონას მოიშველიებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე წლით გააჭიანურებს კასატორის ოჯახის განსახლების საკითხს, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ტ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ტ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #03-477/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის #3-477/ო ბრძანებით კ. ტ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის (თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების) მოტივით. ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ გასანაწილებელი ფართების ოდენობის გამო, პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, 207 განაცხადიდან დაკმაყოფილებულ იქნა მხოლოდ 22 განაცხადი, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები გადაეცათ 1.5 ქულა მინიჭებულ დევნილ ოჯახებს. ამასთან, კ. ტ-ის განაცხადი დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ განუხილავს, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა უძრავი ქონება.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (ქ. გორი, ...ი, #...) ოჯახი ცხოვრობს 1998 წლიდან. ოჯახი 1992-1998 წლებში ცხოვრობდა გორის ...ი - „...ი“. მოსარჩელემ ბინა 2017 წელს გამოსყიდვის უფლებით გაასხვისა ა. ჯ-ზე. იმ შემთხვევაში, თუ კ. ტ-ი ორი თვის ვადაში ვერ გამოისყიდდა ბინას, ვალდებულება შეწყვეტილად ჩაითვლებოდა. 2018 წლის მდგომარეობით, ამონაწერში ბინის მესაკუთრედ ა. ჯ-ი ფიქსირდება, თუმცა კ. ტ-ის ოჯახი კვლავაც ამ მისამართზე ცხოვრობს. ამასთან, კ. ტ-ის განმარტებით, ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ ა. ჯ-ს იგი უხდის ქირას 250 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა ბინის ამჟამინდელი მესაკუთრის - ა. ჯ-ის ხელწერილი ქირის გადახდასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს მოსარჩელის ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მისი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის ფაქტი და საქმეში არსებული მასალებით იკვეთება, რომ რეალურად მოსარჩელე ქირით ცხოვრობს შესაბამის მისამართზე, აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - მოსარჩელის ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას, რის შემდეგაც გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის დაწესებული რიგითობის - პრიორიტეტულობის საფუძველზე უნდა გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ტ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა