Facebook Twitter

საქმე №ბს-1187(2კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 24 ივლისს თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის №001645 დადგენილებისა და „თ. ა-ისათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მერიის 2017 წლის 10 ივლისის №1-1583 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება; თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის №001645 დადგენილება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ივლისის №1-1583 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, შენობა-ნაგებობების გაბარიტების ცვლილება უნებართვო მშენებლობითა და რეკონსტრუქციით, რის გამოც, არსებობდა თ. ა-ის დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების სამართლებრივი საფუძვლები. თ. ა-ი დაჯარიმებულია როგორც უნებართვო ობიექტის მოსარგებლე, ხოლო ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობის მშენებლობის წარმოების ფაქტი თავად მოსარჩელემ დაადასტურა ადმინისტრაციულ ორგანოში.

კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო მშენებლობა უკვე განხორციელებული იყო 1988 წელს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას.

კასატორების მითითებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეული არ არის მათი მომზადების ან გამოცემის წესი, ასევე, ისინი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის №001645 დადგენილებისა და „თ. ა-ისათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მერიის 2017 წლის 10 ივლისის №1-1583 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის სახეებს წარმოადგენს ახალი მშენებლობა და რეკონსტრუქცია. დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ხოლო ამავე მუხლის 50-ე პუნქტის შესაბამისად, რეკონსტრუქცია გულისხმობს არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლას, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ახალი მშენებლობა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემას.

აღნიშნული დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. 66.10 მუხლის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდსა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარით. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევად არის მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ისე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №001645 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც მოქალაქე თ. ა-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის მეორე შესახვევი №27ა-ში, შესაბამისი მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის და დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, კერძოდ, არსებულ საცხოვრებელ სახლზე მოწყობილია მიშენება. შენობის გარე კედლებზე დამატებულია ფანჯარა, სარკმელი და ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია კარი. ასევე დამატებით მოწყობილია ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობა და გარე სველი წერტილი.

ამავე დადგენილებით თ. ა-ს დაევალა არსებული შენობა-ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და დამხმარე შენობა-ნაგებობისა და გარე სველი წერტილის დემონტაჟი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის №001645 დადგენილება თ. ა-ის მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 21 დეკემბრის №446625/15 ადმინისტრაციული საჩივრით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ივლისის №1-1583 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ. ა-ის 2016 წლის 21 დეკემბრის №446625/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის №001645 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომელიც 1988 წლის 11 თებერვალს არის შედგენილი, ასევე ორთოფოტოზე, რომელიც სახლისა და ეზოს მდგომარეობას 2005 წლის მდგომარეობით აღწერს. ასევე მიუთითებს მოსარჩელის იმ განმარტებაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სადავო მიშენება უკვე განხორციელებული იყო 1988 წელს და უცვლელად არის 2005 წელს, ხოლო 2005 წლიდან დღემდე სხვა ნაგებობა არ აშენებულა. აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი საქმეში არაა დაცული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება უნებართვო მშენებლობის განხორციელება კონკრეტულად მოსარჩელე თ. ა-ის მხრიდან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევას არ ეფუძნება დასკვნა შესაბამისი მშენებლობის განხორციელების დროის შესახებ. თუ დადგინდებოდა სადავო მშენებლობისა და რეკონსტრუქციის განხორციელება 2009 წლამდე, გამოირიცხებოდა სადავო შემთხვევაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის გავრცელება, ვინაიდან, 2009 წლამდე მოქმედებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება, რომელიც არ შეიცავდა მითითებას I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის შესაბამისი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი