Facebook Twitter

ბს-307(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-ემ 07.11.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ა. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 15.07.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და კომისიისთვის ქობულეთში, ...ის ქ. N82-ის მიმდებარედ არსებულ 4485,4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ა. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ც-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2017წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნით ა. ა-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2016 წ. N... წერილის თანახმად, საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი ფარავს ქ. ქობულეთის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა. ც-ის საკუთრებაში აღიარებულ მიწის ნაკვეთს. პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ა. ა-ის მიერ ქობულეთში, ...ის ქუჩის №82-ის მიმდებარედ 4485.4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რადგან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 3582 კვ.მ.-ზე, 2008 წელს კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საკუთრებაში გადაეცა ა. ც-ეს, ხოლო შემდგომში - 2010 წელს ბათილად იქნა ცნობილი ა. ც-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ა. ც-ის ან სხვა პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გამორიცხეს ა. ა-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა ნ. გ-ემ, მ. ლ-ემ, დ. ა-ემ და ვ. ა-მა განმარტეს, რომ ა. ა-ე ცხოვრობს ქობულეთის რაიონი, სოფელ ...ში, იგი არის მ. გ-ის ოჯახის ნათესავი (მოყვარე). ნ. გ-ის მამამთილს მ. გ-ეს სადავო მიწის ნაკვეთზე გამავალი წყლის არხის მეორე მხარეს გააჩნდა ბოსელი, სადაც უვლიდა საქონელს და სარგებლობდა 1000 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთით. ასევე მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებული იყო ჩაის პლანტაციები, ტრაქტორის გამოყენებით გაწმენდილი იქნა დ. ა-ის მიერ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები აწარმოა ა. ც-ესთან შეთანხმებით და ფინანსური დახმარებით, ამასთანავე, როგორც მისთვის ცნობილია აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ა. ც-ის საკუთრებას. მესამე პირის ა. ც-ის განმარტებით ქ.ქობულეთში, ...ის ქ. N82-ის მიმდებარედ ბაბუას - რ. ც-ეს გააჩნდა საკარმიდამო 0.4 ჰა მიწის ნაკვეთი ჩაის ნარგავებით, 1992 წლიდან მან (ა. ც-ემ) შემოღობა აღნიშნული ტერიტორია და სარგებლობდა. ამასთანავე, გარკვეულ წლებში სადაო ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული შპს ,,...ისგან’’. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება საქმეზე დართული საიჯარო ხელშეკრულებით, რომლის გაცემის თარიღია 15.04.2004წ.. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს 2007 წლამდე ა. ა-ის მიერ სადაო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად დაკავების ფაქტს. ამდენად, საქმის მასალების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა ა. ა-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რის გამო საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მართლზომიერად იქნა მიჩნეული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება ა. ა-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე გაცილებით ადრე - 1993 წლიდან. კომისიის მიერ ჩატარებული დათვარიელების აქტითაც დგინდება, რომ ნაკვეთი შემოღობილია, მასზე დგას დამხმარე შენობა-ნაგებობა და გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია როგორც დამხმარე ნაგებობა, ასევე კაპიტალური საცხოვრებელი ფართი, რომელიც ა. ა-ემ ააგო და თავად ცხოვრობდა აღნიშნულ შენობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე. სწორედ ა. ა-ემ შემოღობა მიწის ნაკვეთი, ამოძირკვა ნაკვეთზე არსებული ჩაის პლანტაცია და გააშენა მრავალწლიანი ნარგავები. კომისიას და სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ საქმის გარემეობები. კასატორი მიიჩნევს, რომ ა. ც-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი - მიწის ნაკვეთზე ა. ც-ის მფლობელობის დაუდასტურებლობა, არ გამორიცხავდა კანონის ამოქმედებამდე ა. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი და ა. ც-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მხოლოდ 150 კვ.მ.-ის ნაწილში ფარავს ერთმანეთს, აღნიშნული ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება და უგულებელყო ა. ა-ის არგუმენტები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ. გ-ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. ა-ეს 1993 წლიდან თვითნებურად დაკავებული და შემოსაზღვრული ჰქონდა ქ. ქობულეთში, ...ის ქ. 82-ის მიმდებარედ არსებული 4485,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ადრეულ წლებში ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი იყო საქმეში მესამე პირად ა. ც-ის ჩართვა, რადგან სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება მის უფლებებზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე ა. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, მათ შორის, კასატორის მიერ მითითებული პირი - ნ. გ-ე არ ადასტურებს ა. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობას. ნ. გ-ის განმარტების მიხედვით, ა. ა-ეს ნათესაური კავშირი ჰქონდა და მეგობრობდა მის მამამთილთან - მ. გ-ესთან, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ეხმარებოდა ნაკვეთზე გარკვეული სამუშაოების შესრულებაში, ნაკვეთის ფართი იყო დაახლოებით 1000 კვ.მ.. მისივე განმარტებით ა. ა-ე ცხოვრობს სოფ. ...ში, სადავო ნაკვეთზე არასდროს უცხოვრია. ამასთანავე, მოწმემ აღნიშნა, რომ ნაკვეთზე არსებული ჩაის ნარგავები მოსწორებულ იქნა დ. ა-ის მიერ. თავის მხრივ მოწმის სახით დაკითხულმა დ. ა-ემ განმარტა, რომ ცხოვრობს სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ქ. ქობულეთში, ...ის ქ. 84-ში, ნაკვეთი მოასწორა და შემოღობა კ. ც-ის მითითებით, ა. ა-ეს სადავო ნაკვეთით არ უსარგებლია. კ. ც-ის და არა ა. ა-ის მიერ ნაკვეთის ფლობაზე მიუთითეს აგრეთვე მოწმის სახით დაკითხულმა სხვა პირებმაც - ვ. ა-მა და მ. ლ-ემ. ვ. ა-მა აღნიშნა აგრეთვე, რომ სადავო ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა 1994 წლიდან დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ა. ც-ის მშობლების ნებართვით. ამდენად, კასატორის მითითება, რომ 1993 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, რომელიც თავადვე გაასუფთავა ჩაის პლანტაციისაგან და შემოღობა, არ ეფუძნება რაიმე დადასტურებად გარემოებას. მათ შორის ის მოწმეც კი, რომლის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობითაც ა. ა-ე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს, არ ადასტურებს აღიარების საფუძვლების არსებობას და მიწის ნაკვეთის სხვა მფლობელზე უთითებს.

კასატორის მითითება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კ. ც-ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს მხოლოდ 150 კვ.მ. ფართის ნაწილში ფარავს აგრეთვე არ არის დასაბუთებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2016წ. წერილისა და თანდართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით დასტურდება, რომ ა. ა-ის მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ფარავს კომისიის მიერ ა. ც-ისათვის აღიარებული მიწის ნაკვეთის თითქმის სრულ ფართს. ამასთანავე, მართალია კასატორი აღნიშნავს, რომ ა. ც-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს, თუმცა არ უთითებს ნაკვეთის მდებარეობის მაიდენტიფიცირებელ კონკრეტულ მონაცემებზე. ამდენად, ა. ა-ე საკუთარი ახსნა-განამრტების გარდა რაიმე სხვა მტკიცებულებით მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს ვერ ადასტურებს. ამასთანავე, ამჟამად მის მიერ ნაკვეთის ფლობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ იკვეთება საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, რადგან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანია თვითნებური ფლობის დადასტურება კანონის ამოქმედებამდე (მე-2 მუხ. „გ“ ქვ.პ.), რის გამო კომისიის ადგილზე დათვარიელების ოქმზე მითითება არ ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას ან საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების არსებობას. რაც შეეხება საქმეში კ. ც-ის მესამე პირად ჩაბმას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება (სასკ-ის 16.4 მუხ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება;

3. დ. ა-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2019წ. N45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი