Facebook Twitter

ბს-589(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“, შპს „ა...მა“ და შპს „ო...მა“ 13.09.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ მოსარჩელეებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ ჩატარებული სხდომის ოქმების აუდიო-ჩანაწერების გადაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინებით შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, მისი გაცნობის უფლება არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე მხარეებზეც კი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მომზადება და მიღება დაკავშირებულია ინფორმაციის მოძიების, შესწავლის, შეფასების პროცესთან, რომელშიც ხშირად სხვადასხვა დანაყოფი თუ თანამშრომელი მუშაობს, თუმცა პირისთვის ცნობილი ხდება ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო შედეგი, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ერთიანი მიდგომის შემუშავებასთან, სხვადასხვა პოზიციის შედეგად მხარის დაბნეულობის გამოწვევის თავიდან აცილებასა და აღმასრულებელი პრივილეგიის უზრუნველყოფასთან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის მიერ განხორციელდა სხდომის აუდიოჩაწერა, თუმცა არ მომხდარა აუდიოჩანაწერის შენახვა და მისი გაცემა დაინტერესებულ პირზე იმ საფუძვლით, რომ აუდიოჩანაწერი იყო შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტი. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 27.06.2003 წ. №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომებზე, კომისიისა და მისი აპარატის სამუშაო თათბირებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება ოქმში, რომელშიც უნდა მიეთითოს: კომისიის დასახელება, სხდომის ან თათბირის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომის ან თათბირის თავმჯდომარისა და მდივნის, აგრეთვე სხდომის მონაწილეთა ვინაობა, სხდომაზე ან თათბირზე დამსწრეთა და მოწვეულთა ვინაობა, განხილვის საგანი, სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილება ან დავალება. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე. სხდომისა და თათბირის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. ამავე „წესების“ 183 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახოს უწყებრივ არქივში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული დოკუმენტაცია. კომისიის სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისთვის, გარდა სახელმწიფო, პროფესიული, პირადი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა. კომისიის უწყებრივ არქივში ჩაბარებამდე დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა ევალებათ კომისიის სტრუქტურულ დანაყოფებს. კომისიის არქივის დოკუმენტებს მიეკუთვნება: ა) საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა კომისიის სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის პროცესში; ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადაცემული ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; გ) ბეჭდვითი გამოცემა, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს; დ) კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და მასალები. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა არის ღია, რომელზე დასწრებაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სხდომის მიმდინარეობის შესახებ იქმნება შესაბამისი ოქმი, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად ასევე მიეთითება განხილვის საგანი, სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილება ან დავალება. ნორმატიული აქტით ასევე ცალსახად განსაზღვრულია, რომ ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. ამდენად, სხდომის ოქმი წარმოადგენს სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველ ოფიციალურ, წერილობით დოკუმენტს, რომლის გაცნობის უფლებაც უნდა მიეცეს დაინტერესებულ პირს. რაც შეეხება სხდომის აუდიოჩაწერას, „წესებით“ ცალსახად არის განმარტებული, რომ ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების საფუძველზე, აღნიშნული კი გულისხმობს, რომ აუდიოჩაწერა წარმოადგენს ოქმის დადგენილი წესით შედგენის დამხმარე საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს უფლებამოსილ პირს, რომ ოქმში სრულად და ამომწურავად მიუთითოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია, მხარეთა პოზიცია, რაც შესაძლებელია სრულყოფილად ვერ განხორციელდეს ოქმის მიმდინარეობის პარალელურად მხოლოდ წერილობითი ჩანაწერების გაკეთების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, სხდომის აუდიოჩაწერის და ოქმის, გარდა მატერიალური სახისა, აუდიოჩანაწერის სახით შექმნისა და შენახვის ვალდებულება ნორმატიულად გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას, რომელთა გაცემის მოვალეობაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრება. ამასთანავე, დამატებით გასათვალისწინებულია, რომ მოპასუხემ არ გასცა შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაცია, თუმცა კანონის შესაბამისად გასცა სხდომის ოქმი მატერიალური სახით, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს და რომელიც აძლევს პირს სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრდა შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ „წესების“ 183 მუხლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახოს უწყებრივ არქივში დადგენილი ვადით და ყველა დაინტერესებულ პირზე გასცეს დაუბრკოლებლად. კომისიის არქივის დოკუმენტებს მიეკუთვნება: საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტები, რომელიც შეიქმნა კომისიის სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის პროცესში; ასევე კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და მასალები. კომისიის გადაწყვეტილება არის საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტი, რომლის მომზადების და გამოცემის მასალებს მიეკუთვნება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერი, მათ შორის აუდიო ვერსია, რომელიც თავის მრივ სხდომის ოქმის საფუძველია, შესაბამისად, მისი შენახვის ვალდებულება ეკისრება კომისიას, ხოლო დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გაცნობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სზაკ-ის 106-ე, 112-ე მუხლები არ ადგენენ ოქმის წერილობითი ფორმის სავალდებულოობას. აღნიშნული მუხლებით დადგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე ოქმის შედგენის საჭიროება, შესაბამისად, ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობით, ასევე ტექნიკური საშუალების გამოყენებით. „წესების“ მე-14 მუხლის თანახმად, კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფიქსირდება ოქმში, რომელიც ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების საფუძველზე. კომისია სხდომის ჩაწერისას იყენებს ტექნიკურ საშუალებას, კერძოდ, აუდიო-ჩაწერას. სააპელაციო პალატა თავადვე უთითებს, რომ აუდიოჩანაწერის წარმოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კომისიის მიერ ოქმის შედგენის მიზნებისთვის, ვინაიდან რიგი გარემოებების ასახვა ოქმში შესაძლოა მხოლოდ აუდიოჩანაწერის მეშეობით გახდეს შესაძლებელი. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, ოქმში ასახული ცალკეული გარემოების ნამდვილობის დადგენის ერთადერთი საშუალება აუდიოჩანაწერია. სააპელაციო პალატის მოსაზრება აუდიოჩანაწერის შიდაუწყებრივ დოკუმენტად მიჩნევის შესახებ, არ არის დასაბუთებული. კანონმდებელი არ ახდენს შიდაუწყებრივი ინფორმაციის განმარტებას, თუმცა სზაკ-ის 99.1 მუხლიდან გამომდინარე, ასეთი ინფორმაცია უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს აქტის მომზადებასთან და უნდა გააჩნდეს შიდაუწყებრივი ხასიათი. კასატორთა მოსაზრებით, შიდაუწყებრივი ხასიათის ინფორმაცია მოიცავს აღმასრულებელი პრივილეგიით დაცულ ინფორმაციას. შიდაუწყებრივი ხასიათის შეიძლება იყოს ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც არ აქვს რაიმე მნიშვნელობა წარმოების მხარეებისა და მესამე პირებისათვის, მაგ.: ვიზირების ფურცელი, მოხელის საკონსულტაციო დასკვნა, მოხსენებითი ბარათი და სხვ.. დაინტერესებული პირისათვის რაიმე მნიშვნელობა არ აქვს პროფესიული მოხელე რა სახითა და მოცულობით მონაწილეობდა შესაბამისი აქტის პროექტის მომზადების პროცესში, რადგან წარმოების საბოლოო შედეგი აისახება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება კომისიის სხდომის ოქმის შედგენის მიზნით გაკეთებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც არ შეიძლება გაუთანაბრდეს შიდაუწყებრივი ხასიათის, აღმასრულებელი პრივილეგიით დაცულ ინფორმაციას. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს (მე-18 მუხ.). კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერი ასახავს მოსარჩელეების (კასატორების) საქმესთან დაკავშირებით კოლეგიური ორგანოს საჯარო სხდომის მიმდინარეობას, კერძოდ, მოსარჩელე ორგანიზაციებისა და მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებებს, შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს განკარგულებაში მყოფი, მოსარჩელეებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის გაცემა დაუშვებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას (საქართველოს კონსტიტუციის 18.2 მუხ.). კომისიის სხდომის მოთხოვნილი აუდიოჩანაწერი არ შეიცავს ასეთი სახის ინფორმაციას, კომისიის სხდომა ან მისი ნაწილი, დახურული არ ყოფილა. კასატორები თვლიან, რომ კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერი უნდა დაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის შესახებ არსებულ ინფორმაციად და არა შიდაუწყებრივი ხასიათის ინფორმაციად. კასატორები აღნიშნავენ, რომ კომისია არ არის ვალდებული მოახდინოს სხდომის აუდიოჩაწერა, თუმცა როცა ასეთი ჩაწერა ხორციელდება, ჩანაწერი უნდა იყოს დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი, მხარე უფლებამოსილია მიიღოს სხდომის ოქმი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მისი ჩაწერა. სხდომის აუდიოჩანაწერის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მხარის ინტერესი შესაძლოა მდგომარეობდეს სხდომის ოქმში ასახული მონაცემების სისწორის გადამოწმებაში, მასში ცვლილების შეტანის საჭიროების დასაბუთებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 27.06.2003წ. N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ თანახმად, კომისიის სხდომების მიმდინარეობის დაფიქსირება სავალდებულოა შესაბამის ოქმში, რომელშიც უნდა მიეთითოს სხვადასხვა მონაცემი, როგორებიცაა: კომისიის დასახელება, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომის თავმჯდომარის, მდივნის, სხდომის მონაწილეთა, სხდომაზე დამსწრეთა და მოწვეულთა ვინაობა, განხილვის საგანი, ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება (14.1 მუხ.). კომისიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას შედგენილ ოქმში დამატებით უნდა აისახოს საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათი განხილვის შედეგები, საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი, ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების გადაწყვეტილების საჯაროდ წაკითხვის, გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ (40.1 მუხ.). ნორმატიულად დადგენილი გამონაკლისების გარდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი („ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხ. 1-ლი, მე-2 პ.).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის შესადგენად გამოყენებული აუდიო ჩანაწერის ასლის გადაცემა იმ საფუძვლით, რომ იგი შეადგენს სხდომის ოქმის შემადგენელ ნაწილს და ამდენად, ექვემდებარება ადმინისტრაციულ ორგანოში შენახვას. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 16.2 მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლის ვადით. ამდენად, უკეთუ კომიის მიერ განხორციელებული აუდიო ჩანაწერი, კომისიის სხდომის ოქმის შემადგენელი ნაწილია, კომისიას სხდომის ოქმთან ერთად მისი შენახვის ვალდებულებაც წარმოეშობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, სხდომის ოქმი შესაძლებელია შედგეს ტექნიკური საშუალებით ჩაწერით ან წერილობით სახით, როდესაც ხორციელდება სხდომის მიმდინარეობის აღწერა წერილობითი ფორმით. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ კომისიის მიერ შედგა სხდომის ოქმი წერილობით ფორმით, თუმცა კასატორები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ოქმის შედგენისას გამოყენებულ იქნა აუდიო ჩაწერა, ამიტომ აღნიშნული ჩანაწერი ოქმის შემადგენელი ნაწილია და მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კასატორის ამ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან გამიჯვნას საჭიროებს ოქმი, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის ტექნიკური საშუალებების დახმარებით დგება და ოქმი, რომლის შედგენისთვისაც გამოიყენეს ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული ორი სახის ოქმს შორის სხვაობის საილუსტრაციოდ, მიზანშენოწილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ ნორმების ურთიერთშედარება. „წესების“ 14.2 მუხლის თანახმად, ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მიხედვით, ოქმის შედგენისთვის გამოიყენება ტექნიკური საშუალება. ამდენად, კომისიის შემთხვევაში - ოქმი ფორმდება ჩანაწერის საფუძველზე, ხოლო სასამართლო სხდომის შემთხვევაში - ოქმი ფორმდება ჩაწერით, რაც ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში ჩანაწერი არის ოქმის შედგენის დამხმარე საშუალება, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩანაწერი თავადვე არის ოქმის ნაწილი. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ტექნიკური საშუალებით განხორციელებული ჩანაწერი ოქმს თან ერთვის, მხარეს უფლება აქვს მიიღოს ჩანაწერის ასლი და სხდომის მდივანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს განხორციელებული ჩანაწერის გაშიფვრას, როცა შესაბამისი მოთხოვნა არსებობს (სსკ-ის 290-ე მუხ.), შედგენილ ოქმში აღარ აისახება მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა პაექრობის შინაარსი, მიეთითება, მხოლოდ მხარეთა და მოწმეთა გამოსვლის დრო და ხანგრძლივობა (სსკ-ის 288.2 მუხ.), რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები ჩაწერილია ტექნიკური საშუალებით, ხოლო ჩანაწერი ოქმის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, ჩანაწერის წერილობითი ფორმით ასახვის, ე.წ. გაშიფვრის საჭიროება აღარ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის მოწესრიგებებს არ ვხვდებით „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“, რომლის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის განხილვის ოქმში აისახება საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათი განხილვის შედეგები, საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი და სხვ. („წესების“ 40.1 მუხ. „ე“, „ვ“ ქვ.პ.). „წესები“ არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს აღნიშნული მონაცემების სხდომის ოქმში ასახვასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ სხდომის ოქმად მიიჩნევა უშუალოდ სხდომის მიმდინარეობის ამსახველი წერილობითი დოკუმენტი და არა სხდომის ოქმის შედგენისათვის გამოყენებულ დამხმარე საშუალებებში ასახული ჩანაწერები. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა გამახვილდეს ყურადღება „წესების“ 14.2 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ოქმი ფორმდება სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე. ამდენად, ოქმის შესადგენად გამოიყენება სამი სახის დახმარე საშუალება: სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერი, სტენოგრამა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალა. აღნიშნული საშუალებები ერთმანეთის გვერდით სახელდება (გამოყოფილია მძიმით, დაკავშირებულია „და“ კავშირით), მათ შორის რაიმე იერარქია არ არის დადგენილი, ამასთანავე ნორმაში მიეთითება: „სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერი, სტენოგრამა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალები“, რაც გულისხმობს, რომ სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერიც და სტენოგრამაც სხდომისთვის მომზადებულ მასალებში მოიაზრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმაში მიეთითებოდა „სხდომისთვის მომზადებული მასალები“ და არა „სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალები“. ამდენად, ცალსახაა, რომ სტენოგრამაც (აუდიოჩანაწერი) არა ოქმის ნაწილად, არამედ ოქმის შესადგენად გამოყენებულ დამხმარე საშუალებებს შორის მოიაზრება, როგორებიცაა: მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ. („წესების“ 14.2 მუხ.). თუ მივიჩნევთ, რომ სხდომის აუდიოჩანაწერი, სტენოგრამა ოქმის შემადგენელი ნაწილია, მაშინ „წესების“ 14.2 მუხლის ფორმულირების გათვალისწინებით, ოქმის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩავთვალოთ აგრეთვე განმარტებითი ბარათები და გადაწყვეტილების პროექტი, რაც არ ეფუძნება რაიმე სამართლებრივ დასაბუთებას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არსებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერი წერილობითი ოქმის შესადგენად გამოყენებული დამხმარე საშუალებაა, ისევე როგორც მოხსენებითი ბარათები და გადაწყვეტილების პროექტი, რის გამო აუდიო ჩანაწერი წარმოადგენს ოქმის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და სზაკ-ის 99.1 მუხლის შესაბამისად, არ არის მხარისათვის ხელმისაწვდომი. კასატორთა მოსაზრება, რომ მსგავსი სახის დოკუმენტაციას მიეკუთვნება მხოლოდ აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული მონაცემები არ არის დასაბუთებული. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს არაერთი შიდაორგანიზაციული ხასიათის მოქმედებები და მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის გადაწყვეტილებისა თუ კონკრეტული დოკუმენტის პროექტის მომზადება და მის სრულყოფაზე მუშაობა, როგორც ეს ხდება კომისიის სხდომის ოქმის შემთხვევაში, კერძოდ, კეთდება ოქმის მიმდინარეობის აუდიო და წერილობითი ჩანაწერი, ხდება „წესების“ 14.2 მუხლში მითითებული მასალების გამოყენება, მათი ურთიერთშეჯერება, ტექნიკურად დამუშავება და ყალიბდება საბოლოო პროდუქტი - სხდომის ოქმი, რომელიც გადაეცემა მხარეს. ყველა სხვა მასალა და დოკუმენტაცია კი, რომელიც აღნიშნული ოქმის შესადგენად იქნა გამოყენებული, მხოლოდ დამხმარე მასალაა და ამდენად, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას წარმოადგენს.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ნორმატიულად დადგენილია კომისიის მიერ სხდომის ოქმის და არა მისი შედგენისათვის გამოყენებული დამხმარე დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება. ასევე უდავოა, რომ კომისია არ ინახავს სხდომის აუდიო ჩანაწერს და მას იყენებს მხოლოდ წერილობითი ოქმის სათანადოდ შედგენის მიზნებისთვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ მოეთხოვება იმ მასალის ადმინისტრაციული წარმოების მხარისათვის გადაცემა, რომელიც მასთან დაცული არ არის და რომლის შენახვის ვალდებულებაც მას ნორამტიულად არ ეკისრება.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას სხდომის ოქმზე შენიშვნების წარდგენასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული წარმოებისას გამართული სხდომის აუიდო ჩანაწერის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერების შეფასება და არა სხდომის ოქმზე შენიშვნის წარდგენის თაობაზე მხარის უფლების რეალიზაციის საკითხები. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ უთითებს მხარის აღნიშნული უფლების გამოყენების შეუძლებლობაზე. გასათვალისწინებელია, რომ მხარეს ოქმის შინაარსის სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ შეზღუდვია, მას გადაეცა სხდომის ოქმი წერილობითი ფორმით, რომელიც უდავოა, რომ შეიცავდა ნორმატიულად გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, მასში ასახული იყო ზეპირი მოსმენის სხდომის მიმდინარეობა, მხარეთა განმარტებები და სხვ.. შესაბამისად, უკეთუ მხარე მიიჩნევდა, რომ ოქმის შინაარსი იყო არასრული ან არაზუსტი, მას შეეძლო განეცხადებინა აღნიშნულის შესახებ. სხდომის აუდიოჩანაწერის არარსებობა არ ქმნიდა მხარის დასახელებული უფლების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას. სხდომის ოქმის შედგენის ფორმისა და პროცედურის მიუხედავად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა (სზაკ-ის 112-ე მუხ.). წერილობითი ოქმის ჩაბარებას არც კასატორები უარყოფენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ო...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2018წ. განჩინება;

3. შპს „ა...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.03.2019წ. №1552463499 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.03.2019წ. №238 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. შპს „ო...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.03.2019წ. №1552481901 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი