საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-737(კ-20) 16 ნოემბერი, 2021 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები - აზ. მ-ი, პ. მ-ი, შ. მ-ი, ნ. მ-ი, ს. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 3 ივლისს ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში იყო №A18018487 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 12 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლზე უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის შესახებ, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა მოსარჩელე, ხოლო მოვალეები იყვნენ: აზ. მ-ი, პ. მ-ი, შ. მ-ი, ნ. მ-ი, ს. მ-ი.
საქმის მწარმოებელი აღმასრულებლის მიერ განხორციელდა და მიმდინარეობდა სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №513 ბრძანებით სააღსრულებო წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის მოტივით და გაუქმდა სააღსრულებო პოლიციელის მიერ გატარებული ყველა მოქმედება.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №513 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ აზ. მ-ი, პ. მ-ი, შ. მ-ი, ნ. მ-ი, ს. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა.
კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. სასამართლოები მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ თითქოს მოსარჩელემ გაუშვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. კასატორის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის ,,ხანდაზმულობის თავი“ არეგულირებს არა მხოლოდ ხანდაზმულობის ვადებს, არამედ ამ ვადების შეჩერების და შეწყვეტის შემთხვევებს. აგრეთვე იმ ურთიერთობებს, რომელზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, კასატორის მითითებით, მართალია, ეს მუხლი ეხება სასამართლოს მიმართვის შემთხვევას, მაგრამ უნდა გავრცელდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაზეც.
კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ხდება დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობის პრეზუმფციით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე 2016 წლიდან ცდილობდა თავისი უფლების დაცვას გადაწყვეტილების აღსრულების გზით, რის გამოც მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც დაუდგინა ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით მოსარჩელემ მიმართა კიდეც სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბერს, რაზეც სასამართლომ გამოიტანა განჩინება 2017 წლის 6 ნოემბერს. ამდენად, მოსარჩელე ცდილობდა დარღვეული უფლების აღდგენას მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია.
კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული ზედაპირულად. ამ ნორმის მიზანია, დაუკარგოს პირს აღსრულების უფლება მაშინ, როდესაც იგი 10 წლის განმავლობაში არ დააყენებს მოთხოვნას და არც არანაირ მოქმედებას არ განახორციელებს აღსრულების მიზნით. სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლის მოქმედების პირობები.
გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წელს წარმოებაში მიიღო სააღსრულებო ფურცელი და განახორციელა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები, რის გამოც მოსარჩელემ 2016 წელს დაწყებული დავა შეწყვიტა ბიუროსთან. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ გააუქმა სააღსრულებო მოქმედებები და მიუთითა ხანდაზმულობაზე. ამ მოქმედებით დარღვეულია მოსარჩელის უფლება, ვინაიდან მას გააჩნდა კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უნდა გავრცელდეს იმ ნორმებზეც, რომლებსაც დაეყრდნო აღსრულების ეროვნული ბიურო N513 აქტით სააღსრულებო საქმის გაუქმებისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №513 ბრძანების კანონიერების შემოწმება, რომლითაც გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული A18018487 სააღსრულებო საქმე, იმ მოტივით, რომ გასული იყო აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილ ვადაში სააღსრულებო წარმოების დაწყების ფაქტის დადასტურება და მეორე მხრივ, აღსრულების ვადის გასვლის გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლის კანონიერება. საკასაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს - აქვს თუ არა ადგილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის აღსრულების შეუძლებლობას და სწორად მიუთითა თუ არა სადავო საკითხთან მიმართებაში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესები. სამოქალაქო კოდექსის ნორმების მიზნებისათვის, ხანდაზმულობა უკავშირდება მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან ხანგრძლივი დროის გასვლას, რაც გავლენას ახდენს მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია - განპირობებულია თუ არა ურთიერთობის მონაწილის მხრიდან კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში სათანადო ზომების მიუღებლობა, უფლების რეალიზებისადმი ინტერესის დაკარგვით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა, უნდა დადგინდეს ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 128.3 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ვადა წარმოადგენს კრედიტორის უფლებადამცავ ნორმას, რამდენადაც უფლება მოთხოვნაზე, თუნდაც ის შეეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნას, არ შეიძლება უფლების მომპოვებელ პირს გააჩნდეს დროში შეუზღუდავად. კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ეს უფლება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადის ათვლა უკავშირდება შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას („..ბუნებრივია, 10 წლიანი ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (სუს 28.07.2017წ. Nას-871-813-2017 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის (საქმე №2/8490-06) გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა ა. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, გამოთხოვა მოპასუხეების - აზ. მ-ის, პ. მ-ის, შ. მ-ის, ნ. მ-ის და ს. მ-ის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელისათვის გადაცემა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/8490-06) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია 2007 წლის 19 ოქტომბერი. სააღსრულებო ფურცელში მითითებულ იქნა მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: აზ. მ-ი, პ/ნ - ...; პ. მ-ი, პ/ნ - ...; შ. მ-ი, პ/ნ- ...; ნ. მ-ი და ს. მ-ი.
ა. მ-მა 2018 წლის 9 თებერვალს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას (დელეგირებული ფუნქციები) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისს გაცემული №2/8490-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება მოვალეების - აზ. მ-ის (პირადი ნომერი - ...), პ. მ-ის (პირადი ნომერი - ...), შ. მ-ის (პირადი ნომერი - ...), ნ. მ-ის (პირადი ნომერი - ...) და ს. მ-ის (პირადი ნომერი - ...) მიმართ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის 10 - წლიან ვადას, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით დადგენილი უფლებით სარგებლობა უფლების მომპოვებელ პირს არ შეუძლია ნებისმიერ დროს, დროში შეუზღუდავად. მატერიალური უფლებების რეალიზაციისათვის გათვალისწინებულია მოთხოვნის ვადები, რომლის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით უდავოა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა მოსარჩელის (კრედიტორის) უფლება, კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 ოქტომბერს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა 2015 წლის 12 ივნისს, ხოლო სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა 2018 წლის 9 თებერვალს ანუ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან სააღსრულო ბიუროს 2018 წლამდე, წარმოებაში არ მიუღია კასატორის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე