Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-133(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „...ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2015 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 14 ივნისამდე, არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრება 8920.50 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2415.80 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისში, სოფელ ...აში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №2, №3 და №4 შენობა-ნაგებობებით არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებდა შპს „...ი“. აღნიშნული დასტურდება ფოტომასალით, ადგილზე დათვალიერების ოქმით, საკონტროლო-სალარო აპარატების მისამართების ცვლილების შესახებ განაცხადით და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს არ დააკისრა თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ არსად არ არის აღნიშნული შპს „...ის“ მიერ დაკავებული ფართების ზუსტი ჩამონათვალი, თუმცა წარდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ ფართის ნაწილი შპს „...ს“ გამოყენებული აქვს სასურსათო მაღაზიისთვის და საწყობისთვის. ცხადია, მათი ერთად მოწყობა ვერ მოხერხდებოდა. ამრიგად, კასატორი თვლის, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ დგინდებოდა რა სახის საქმონობას ახორციელებდა და კონკრეტულად რომელ ფართს იყენებდა შპს „...ი“.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს შპს „...ისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის საფასურის დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთანავე, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობაზე, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნეს, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო მის წარდგენამდე სამი წლის პერიოდში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...ი“ თბილისში, სოფელ ...აში მდებარე, ... საკადასტრო კოდით, მიწის ნაკვეთზე ფლობდა მხოლოდ №3 შენობა-ნაგებობას 2015 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 14 ივნისამდე პერიოდში. მითითებულ ნაკვეთზე არსებული სხვა შენობა-ნაგებობებით შპს „...ის“ მიერ მფლობელობის დამადასტურებელი მტიცებულებები საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...აში მდებარე 1576 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები ... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო 2016 წლის 14 ივნისს დასახელებული ქონების მოსარგებლედ საჯარო რეესტრში აღირიცხა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

საქმის მასალებში წარმოდგენილია აგრეთვე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 მარტის №001665516 დასკვნა, რომლის მიხედვით, ... საკადასტრო მიწის ნაკვეთზე არსებული 171,06 კვ.მ ფართის ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 766 ლარს, ამ ქონების ნაწილისათვის - 63,47 კვ.მ ფართისთვის 2015 წლის 29 სექტემბრიდან (ხანდაზმულობის გათვალისწინებით) 2016 წლის 14 ივნისამდე პერიოდისთვის გადასახდელის თანხის ოდენობა შეადგენს 2415.80 ლარს. შესაბამისად, შპს „...ს“ უნდა დაკისრებოდა 2415.80 ლარის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-88(კ-20), 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-449(კ-20) განჩინებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის ხანდაზმულობის საკითხზე მითითება, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე