№ბს-241(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები (სასკ 16.2) - ა. ა-ი; თ. გ-ი; (სასკ 16.1) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 ივლისს ლ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ „ა. ა-ისა და თ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე“ 2017 წლის 12 ივნისის №1-1364 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ა-ი და თ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2828876 ბრძანება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მისი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა, რამეთუ ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, უკვე ბათილად ცნობილ აქტში (სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 10 მარტის №4/62 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №ნ09/12/74 სანებართვო მოწმობა). ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2828876 ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლს, რადგან ამ უკანასკნელის საფუძველზე ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე მოქმედ და არა გაბათილებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2828876 ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით, არსებობდა სხვა მესამე პირთა ინტერესი (ა. ა-ი, თ. გ-ი) და განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს №03/237 ბრძანებით ა. ა-ის საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, ვინაიდან სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ ის ფაქტი ესწრებოდა თუ არა ა. ა-ი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სხდომას, რომელზეც დამსწრეთა ხმების 100%-ით ი. ჭ-ეს მიეცა თანხმობა ეწარმოებინა სხვენის ფართში მანსარდის მოწყობის სამუშაოები და სააგენტოს დაევალა ი. ჭ-ის განცხადების ხელახალი შესწავლა და საკითხის ხელახალი გამოკვლევა. პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ის კანონიერი ნდობის პრინციპი ვერ გადაწონიდა კანონიერი მმართველობითი საქმიანობის პრინციპს, რადგან აქტი ამავდროულად მესამე პირის უფლებას არსებითად ეწინააღმდეგებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ნივთი მდებარე თბილისში, ...ის ქუჩა №35-ში, შესაბამისად, არ იკვეთება კასატორის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2828876 ბრძანებასა და სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 10 მარტის №4/62 ბრძანებასთან მიმართებით.
ბათილად ცნობილი აქტის მიმართ კასატორს გააჩნდა კანონიერი ნდობა, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელი იყო აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სასამართლოს არ განუხორციელებია სადავო აქტის გაუქმების შედეგად კასატორის, საზოგადოებისა და სხვა პირთა ზიანისა და სარგებლის შეპირისპირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით, (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადეგნილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას.
მოცემულ საქმეში უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ი. ჭ-ის განცხადების საფუძველზე სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2015 წლის 10 მარტის №4/62 ბრძანებით გაიცა ნებართვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №35-ში ი. ჭ-ის სხვენის ფართში მანსარდის მოწყობაზე. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 10 მარტიდან 2016 წლის 10 სექტემბრამდე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს №03/237 ბრძანებით, ა. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის №4/62 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მის საფუძველზე გაცემული №ნ09/12/74 სანებართვო მოწმობა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი. ჭ-ის განცხადების განხილვა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დადგენილია, რომ აღნიშნულ საკითხზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპისთვისაც არ ყოფილა გამოცემული. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ კასატორის (მოსარჩელის) მიერ, განსახილველი დავის ფარგლებში, გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს №03/237 ბრძანება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2828876 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის №ნ09/12/74 ბრძანებაში და მშენებლობის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 10 მაისი. ამავე ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ წინამდებარე ბრძანება განხილული უნდა ყოფილიყო, 2015 წლის 10 მარტის №ნ/09/12/74 სანებართვო მოწმობასთან ერთად.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ უკვე გაუქმებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა აბსოლუტურად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
კასატორის კანონიერი ნდობის საკითხთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, განსახილველ საქმეში კანონიერების პრინციპისა და მესამე პირთა ინტერესების უპირატესობის თაობაზე და მიუთითებს, რომ იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როდესაც უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. ნ-ეს საკასაციო საჩივარზე 01/04/2019 წ. საგადახდო დავალება №32-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. დ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01/04/2019 წ. საგადახდო დავალება №32-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი