Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-710(2კ-20) 25 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ა“

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრი (ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ამ 2018 წლის 31 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 14 მაისის №04-14/3838 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51602 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №04-14/2378 გადაწყვეტილების ნაწილობრივ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 ოქტომბრის №04/51978 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51602 და 2018 წლის 1 ოქტომბრის №04/51978 გადაწყვეტილებები, შპს „...ის“ 2018 წლის 11 მაისის №1391/02 და 2018 წლის 13 ივნისის №1741/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №04-14/2378 გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 14 მაისის №04-14/3838 გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამედიცინო დაწესებულებამ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „...ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, არ არსებობს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები კანონსაწინააღმდეგოა და საქმის თავიდან განხილვა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებას გააჭიანურებს, რაც ზიანის მომტანი იქნება სამედიცინო დაწესებულებისთვის.

კასატორი ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-3, მე-9, მე-20 მუხლებზე, ასევე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, ცალსახად დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების მკვეთრი გამიჯვნა. არც ერთი ნორმა არ ანიჭებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეითავსოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფუნქცია. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აშკარად გასცდა ინსპექტირების ფარგლებს, რადგან ინსპექტირებისას მას უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეედარებინა მონაცემების სისწორე, თუმცა, არსებული გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, თუ რამდენად მართებულად, ჯეროვნად და ხარიხიანად შესრულდა სამედიცინო მომსახურება, რაც მხოლოდ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.

კასატორის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანების, მე-2 მუხლის, „ბ“ პუნქტის თანახმად, გ) პროგრამული შემთხვევა არის ერთეული შემთხვევის, მკურნალობის ეპიზოდის ფარგლებში დაფიქსირებული დიაგნოზი, ჩარევა (ჩარევები) და დაზუსტება. შესაბამისად, 36-ე დადგენილების დანართის №1-ის, 22-ე მუხლის, მე-5 პუნქტზე დაყრდნობით საქმეში მოცემული შემთხვევების დაკორექტირება ეწინააღმდეგება კანონს, რადგან სახეზეა ორი კონკრეტული მდგომარეობა, რეანიმაციული მდგომარეობა და თერაპიული მდგომარეობა, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შესაბამისი მდგომარეობების ღირებულება, 36-ე დადგენილებით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით. მოცემულ შემთხვევებში პაციენტებს უტარდებოდათ რეანიმაციული მომსახურება, ხოლო შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ხდებოდა გადაყვანა თერაპიულ მომსახურებაზე, რაც სხვადასხვა პროგრამულ შემთხვევას წარმოადგენს და სხვადასხვა ღირებულებით განისაზღვრება ანუ რეანიმაციული მომსახურების თანმდევ მომსახურებას ან მის გართულებას აღნიშნული არ წარმოადგენს და ამ ორი მდგომარეობის ერთ შემთხვევად გაერთიანება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რათა სამედიცინო მომსახურების ხარიხის, მართებულებისა და თუ საჭიროების კუთხით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ...ის მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობა, სრულად შეესაბამება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განმარტება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხეს გააჩნდა ყველა საჭირო მტკიცებულება, რათა სათანადოდ გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა აღნიშნული ვერ განახორციელა. ამდენად, კასატორი ითხოვს შპს „...ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აგრეთვე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ შემთხვევებს განესაზღვრა სატატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ იმის გამო, რომ კლინიკამ უარი თქვა ნაწილობრივ ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლებს, გასაჩივრებულ აქტებში მისი გამოყენება დასაბუთებულია ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიმართ. დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა დადგენილებით დამტკიცებული კოდების არასწორად მიწოდებას, რის გამოც კლინიკას განესაზღვრა ნაწილობრივ ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ნაწილში და ვინაიდან მან უარი განაცხადა აღნიშნულზე, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ იმავე დადგენილების ნორმების სრული დაცვით უარი ეთქვა თანხის სრულად ანაზღაურებაზე.

კასატორის მთითებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თითოეულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეფასა ისინი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 და 24 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებაზე, რომლითაც გამოცხადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (2.1 მუხ.), რომელიც განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით (2.2 მუხ.). ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა აგრეთვე „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით. ამასთანავე, „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ განისაზღვრა, რომ სააგენტო დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით (5.1 მუხ.). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანი სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. ზემოაღნიშნული დადგენილებისა და ბრძანების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ისა“ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მ. მ-ას, რ. ი-ის, ა. ბ-ის, ჯ. მ-ის, რ. რ-ის, ნ. ე-ას, ს. მ-ას, ზ. ხ-ის, ა. მ-ის, ტ. ზ-ის, ს. ა-ას, ტ. ბ-ის, ი. ბ-ის, ა. ს-ის, გ. დ-ის, ხ. ჰ-ას, ე. ხ-ის, რ. ნ-ს, ნ. ს-ის, ჯ. გ-ას, ჩ. ი-ას, ხ. ხ-ის, თ. ნ-ის, ი. ვ-ის, ლ. შ-ის, ბ. გ-ის, ფ. ნ-ას, ბ. ა-ას, გ. მ-ის, ი. მ-ის, გ. ს-ის, ა. დ-ის, ჯ. ჯ-ის, ა. ჰ-ის, რ. მ-ას, ა. გ-ას, ი. გ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 1.1 და 1.3 დანართით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეებს.

აღსანიშნავია, რომ მ. მ-ას, რ. ი-ის, ა. ბ-ის, ჯ. მ-ის, რ. რ-ის, ნ. ე-ას, ს. მ-ას, ზ. ხ-ის, ა. მ-ის, ტ. ზ-ის, ს. ა-ას, ტ. ბ-ის, ი. ბ-ის, ა. ს-ის, გ. დ-ის, ხ. ჰ-ას, ე. ხ-ის, რ. ნ-ს, ჯ. გ-ას, ჩ. ი-ას, ხ. ხ-ის, ი. ვ-ის, ლ. შ-ის, ბ. გ-ის, ფ. ნ-ას, ბ. ა-ას, გ. მ-ისა და ი. მ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%; ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ს-ის შემთხვევაში მიუთითა შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებულ ან შეცვლილ კოდზე (№36 დადგენილების 15.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი); თ. ნ-ის, გ. ს-ის, ა. დ-ისა და ჯ. ჯ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ჰ-ის, რ. მ-ას, ა. გ-ას, ი. გ-ის შემთხვევებში მიუთითა მიწოდებული და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეუსაბამობაზე (№36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...ას“ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ერთჯერადად. ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავოდ ქცეული შემთხვევების დაფინანსება მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში მოხდა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. №36 დადგენილების 15.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება აგრეთვე შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ „...ას“ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 14 მაისის და 23 მარტის გადაწყვეტილებებით, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით ერთჯერადად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, თავის მხრივ, 2018 წლის 27 სექტემბრისა და 13 ივნისის გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციული საჩივრები დააკმაყოფილა ნაწილობრივ; უზრუნველყო მხოლოდ ერთი პაციენტის (მამიკონ მირზოიანის) სასმედიცინო შემთხვევის დაფინანსება, ხოლო დანარჩენი შემთხვევები დააკმაყოფილა ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილია პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების თანხის დაკორექტირების გაურკვეველი დასაბუთება, რადგან არ არის განმარტება იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატება მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევა, არ არის წარმოდგენილი მითითება წარდგენილ სამედიცინო ისტორიებში არსებული ხარვეზების შესახებ. გარდა ამისა, გაურკვეველია, რაში გამოიხატება დარღვევა მის მიერ ჩატარებული მკურნალობისას ან/და რა სახის არგუმენტები უნდა წარადგინოს ჩატარებული მომსახურების მართებულად მიჩნევისთვის. შესაბამისად, მოპასუხემ საკითხის კვლევისას უნდა დააზუსტოს კონკრეტული დარღვევა, კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითებით. ამასთან, №36-ე დადგენილებით განსაზღვრულია სხვადასხვა ნოზოლოგიური კოდები, შესაბამისად, გაურკვეველია ნოზოლოგიური კოდებისა და მათი ტარიფების ცალ-ცალკე განსაზღვრა, თუ ერთი ნოზოლოგიური კოდი (მომსახურება) უნდა მოიცავდეს მეორე ნოზოლოგიური კოდის (მომსახურების) ღირებულებას.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა #IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, რევიზია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პრეროგატივაა, რომელსაც ახორციელებს გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს სჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს შორის მკვეთრადაა გამიჯნული უფლებამოსილებათა ფარგლები. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აშკარად გასცდა ინსპექტირების ფარგლებს, რადგან ინსპექტირებისას მას უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეედარებინა მონაცემების სისწორე, თუმცა, არსებული გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამედიცინო მომსახურება, რაც მხოლოდ სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ სწორად უნდა აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია და სააგენტოს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა შეიძლება გახდეს. დასახელებული დარღვევის გამოვლენისთვის კი შესწავლილ უნდა იქნეს გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის სახე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეუსაბამობის ხასიათი და ხარისხი, უნდა გამოირიცხოს მხოლოდ მექანიკური შეცდომის არსებობის გამო სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა. ამრიგად, სადავო შემთხვევაში, სააგენტომ უნდა განმარტოს, კონკრეტულ პაციენტებთან მიმართებით ნაზოლოგიური კოდების არასწორი მითითება/კოდებს შორის სხვაობა რაში გამოიხატება, თუკი პორტალსა და სამედიცინო ისტორიაში ერთი და იგივე კოდებია დაფიქსირებული, გარდა ამისა, სააგენტომ სათანადოდ უნდა შეისწავლოს საკითხი, დააზუსტოს კონკრეტული დარღვევები, რაც უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნითაა შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 27 მარტს საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით, ნაცვლად 300 ლარისა გადახდილი აქვს 1935.46 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 1635.46 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, ჯამში - 1845.46 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ისა“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის (ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 27 მარტს №0 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ 1935.46 ლარიდან 1635.46 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, ჯამში - 1845.46 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 2020 წლის 17 სექტემბერს №73610 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე