Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-753(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ს-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ს-ემ 2019 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მ. ს-ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №04/60726 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის აპრილისა და მაისის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის - 400 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მ. ს-ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №04/60726 წერილობითი მიმართვა; მოპასუხეს დაევალა მ. ს-ის სასარგებლოდ 2019 წლის აპრილისა და მაისის თვეების დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება; აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-მე-17 და „ სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8-მე-9 მუხლებზე, რომლებიც იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებს, წყაროსა და ვადებზე. დასახელებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეჩერების საფუძველია იმ გარემოების არსებობა, როცა პენსია გაიცემა მინდობილობით, ხოლო მინდობილობის ვადის გასვლის შემდეგ 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა პენსიის შეჩერების ვალდებულება, ხოლო პენსიის შეწყვეტა გამოიწვია კანონით განსაზღვრულმა შემთხვევამ - პენსიონერის გარდაცვალებამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუმართაობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია აგრეთვე პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, დასახელებული კანონი ითვალისწინებს გარდაცვლილი პენსიონერის სახელმწიფო პენსის მისი მემკვიდრეების მიერ მიღებას, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მინდობილობის ვადის გასვლის საფუძვლით საპენსიო პაკეტის მიმღებ პირს - დ. შ-ას სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2019 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2019 წლის 30 მაისს იგი გარდაიცვალა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იმავე წლის 14 ნოემბერს მ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – დ. შ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხის გაცემა (2019 წლის აპრილ-მაისი), თუმცა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა ადმინიტრაციული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს სადავო აქტით განემარტა, რომ პენსიონერ დ. შ-ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსთვის არ მიუმართავთ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. ს-ე წარმოადგენს დ. შ-ას პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს. დედის კუთვნილი სახელმწიფო პენსიის აღების მიზნით მოსარჩელისთვის გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა 2019 წლის მარტში, ხოლო მან, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს - „...ს“ განცხადებით მიმართა 2019 წლის 16 თებერვალს და ავადმყოფობის გამო, ითხოვა სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიღება - საცხოვრებელ მისამართზე მომსახურება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიმღებმა - დ. შ-ამ, სიცოცხლეში, მინდობილობის ვადის გასვლამდე და სახელმწიფო პენსიის შეჩერებამდე, კანონით დადგენილი წესით მიმართა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უშუალოდ მისთვის სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიტანის მოთხოვნით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ არსებობდა პენსიონერის წერილობითი განცხადება საცხოვრებელ მისამართზე მომსახურების თაობაზე და შესაბამისად, საპენსიო ორგანოს ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, საპენსიო თახა ჩაერიცხა პენსიონერის ანგარიშზე პენსიონერის ბინაზე მომსახურების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, წერილობით უნდა ეცნობებინა პენიის მიმღები პირისთვის პენსიის გაცემის შეჩერებისა და ბინაზე მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთანავე, უტყუარად დასტურდება, რომ მ. ს-ემ დედის მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა დედის გარდაცვალებიდან - 2019 წლის 30 მაისიდან არათუ ერთი წლის, არამედ 6 თვის ვადაში - 2019 წლის 14 ნოემბერს. ამრიგად, მ. ს-ემ მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია. მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი, მისი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.

ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის, მ. ს-ის სასარგებლოდ, 2019 წლის აპრილისა და მაისის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე