Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-996(ს-21) 5 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შ. ფ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველო

გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოდან განსახილველად წარედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შ. ფ-ას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის დადგენილებით, შ. ფ-ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის დადგენილებაზე საჩივარი წარადგინა შ. ფ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით შ. ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის დადგენილება; ამავე განჩინების მე-3 პუნქტით განემარტა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილებაზე შ. ფ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი/მოთხოვნა, რაც განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე და სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების პროცედურას და ვადებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების კანონიერების შესამოწმებლად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, მისი განხილვა მთავრდება საჩივრით გასაჩივრებული დადგენილების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებების კანონიერება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ფ-ას საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან 2021 წლის 30 სექტემბრის გასაჩივრებული დადგენილება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ფ-ას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა