Facebook Twitter

ბს-860(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ხ-მა 02.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ზ. ხ-მა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.03.2017წ. N1-720 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.03.2017წ. N1-720 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ხ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2019წ. განჩინებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ადრესატისათვის აქტის ოფიციალურად გაცნობა, რაც გულისხმობს აქტის ადრესატისათვის გადაცემას, ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარისათვის დადგენილების პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, ადმინისტრაციულ ორგანოს გამონაკლისის სახით ენიჭება უფლება ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე დადგენილების განთავსებით უზრუნველყოს აქტის ოფიციალურად გაცნობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ. ხ-ისათვის დადგენილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარების მცდელობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ, თუმცა ადრესატის დედამ გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ადრესატის დედის - თ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. ხ-ს აქვს მხედველობის პრობლემები და მას შესაძლოა არც ჰქონდა გზავნილის რაიობის აღქმის რეალური შესაძლებლობა. პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის განუხილველად დატოვებისას მერიას არ შეუფასებია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.19 მუხლის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება კორესპონდენციის განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა მშენებარე ობიექტის ფასადი, ბინის მთავარი შესასვლელი და სხვ.. ორგანომ სცადა გზავნილის ადრესატისათვის პირადად ჩაბარება, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა, რაც ქმნიდა აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით ჩაბარების წინაპირობას. გასათვალისწინებელია, რომ გზავნილის ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხდა ადრესატის დედის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის გამო. ადრესატის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა გაცემულია სადავო აქტის მიღების შემდეგ, რის გამო მერია ვერ გაითვალისწინებდა აღნიშნულ ცნობას სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის დედის ჯანმრთელობის ცნობიდან არ დგინდება მხედველობის ისეთი პრობლემის არსებობა, რაც მას ხელს შეუშლიდა გზავნილის ჩაბარებაში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მან შეძლო მოგვიანებით გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარება. კასატორმა აღნიშნა, რომ არსებობდა დადგენილების ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წინაპირობები. დადგენილება ობიექტზე 30.11.2016წ. განთავსდა, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან უნდა მომხდარიყო დადგენილების გასაჩივრების 15-დღიანი ვადის ათვლა. ზ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მერიას წარედგინა ამ ვადის დარღვევით, რაც ქმნიდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებად, უკეთუ ორგანომ გზავნილის პირადად ჩაბარების ყველა სხვა საშუალება ამოწურა. ორგანომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს კანონის დანაწესი აქტების გაგზავნის შესახებ, არამედ უნდა განახორციელოს რეალური ქმედებები გზავნილის ჩასაბარებლად. ადრესატისათვის კორესპონდენციის ერთხელ გაგზავნა ვერ იქნება ასეთ ღონისძიებად მიჩნეული, რადგან ფოსტის მეშვეობით გზავნილის ერთხელ ჩაუბარებლობა არ ადასტურებს გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების რეალურ შეუძლებლობას და შესაბამისად, არ წარმოშობს თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობას. საქმის მასალების მიხედვით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.11.2016წ. დადგენილება ზ. ხ-ს საცხოვრებელ მისამართზე (...ი, ...ი „...ი“) გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ და ვერ ჩაბარდა, რადგან ადრესატის დედამ - თ. ხ-მა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. საქმეში დაცულია შპს „...ის“ მიერ გაცემული ცნობა თ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით პაციენტს აღენიშნება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზია H40.1 (პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა). შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ შესაძლოა გზავნილის ჩაბარებაზე უარი გამოწვეული ყოფილიყო სწორედ აღნიშნული პრობლემებით, გზავნილის შესახებ ინფორმაციის მიღების შეუძლებლობით. ამდენად, დაუსაბუთებელია ზ. ხ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათადანო სანქციას ითვალისწინებდა (25.9 მუხ.), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდებოდა დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო საქმის წარმოებას იწყებდა დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (25.2 მუხ.), მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრებოდა ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად (მე-15 მუხ., „ღ“ ქვ.პ.), მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებდა დამრღვევს, რაზედაც დგებოდა შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახებოდა ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით (25.5 მუხ.), უკეთუ შემოწმების აქტში დაფიქსირდებოდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებდა დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ (25.9 მუხ.), ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრიდა სამართალდარღვევას (25.7 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ 21.01.2020წ. Nბს-468-465(კ-17)). ამასთანავე, აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება. პირს უნდა მიეცეს აქტის შინაარსის, მიმდინარე წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღების ობიექტური შესაძლებლობა. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს სადავო აქტს. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მითითება და შემოწმების აქტი ზ. ხ-ს პირადად არ ჩაბარებია, როგორც მითითება, ასევე შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტზე (ჭიშკარზე, ღობეზე), ზ. ხ-ს არ ჩაბარებია აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართული სხდომის უწყებები, მათი განთავსება ასევე მოხდა ობიექტზე ისე, რომ პირადად ჩაბარების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, მართალია მითითებასა და შემოწმების აქტზე არის მინაწერი მათი ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შესახებ, თუმცა უკუგზავნილები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა გაგზავნის კონკრეტული თარიღის, გაგზავნის მისამართის ან ჩაუბარებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიღება, წარმოდგენილი არ არის, ამასთანავე, მინაწერების მიხედვით მითითებისა და შემოწმების აქტის გაგზავნა მოხდა მხოლოდ ერთხელ. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჯარიმისა და დემონტაჟის დაკისრების შესახებ 11.11.2016წ. დადგენილების მიღება მოხდა ისე, რომ დაინტერესებულს პირს - ზ. ხ-ს არ ჰქონდა ინფორმაცია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ. ამასთანავე, საქმის მასალებით არ იკვეთება აღნიშნული დოკუმენტების ზ. ხ-ისათვის ჩაბარების რეალური მცდელობა. აღნიშნული გარემოებები აგრეთვე უნდა იქნეს გათვალისწინებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საქმის მასალების მიხედვით, ზ. ხ-მა არ იცოდა მის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ, რამაც მოუსპო კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის გამოსწორების უფლებით სარგებლობის, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის, თავისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ზ. ხ-ი არ აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენას, უთითებს უნებართვო მშენებელობის მწარმოებელ სხვა სუბიექტზე, ამასთანავე, ზ. ხ-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სავარაუდო უნებართვო ობიექტის მისამართი არ ემთხვევა ერთმანეთს. ყველა ეს გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს.

საკითხის ხელახლა განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე ის გარემოება, რომ სარჩელზე თანდართულია საციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 01.05.2017წ. ამონაწერი, რომლის თანახმად, ზ. ხ-ის ოჯახი რეგისტირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 28 650 ქულით და იღებს შემწეობას. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი, რაც აგრეთვე უნდა იქნეს გათვალისწინებული ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის ხელახლა განხილვისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი