№ბს-1202(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. კ-ე
მესამე პირი (სასკ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 1 თებერვალს ლ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის - 54 745 ლარის (44 745 ლარი განაცდური ხელფასი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით გადახდილი თანხა) და მორალური ზიანის - 1650 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ლ. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1650 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 54 745 ლარის (44 745 ლარი განაცდური ხელფასი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით გადახდილი თანხა) ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულ, სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიებზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ წინაპირობას ქმნიდა ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით, საქმეზე №1/აგ-968-16, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი, ლ. კ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამამართლებელი განაჩენი იწვევდა ლ. კ-ის რეაბილიტაციას, ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
მორალურ ზიანთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის უკანონო ბრალდება წარმოადგენდა მორალურ ზიანს, ამასთან, დადგენილი იყო მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობა გონივრული იყო და წარმოადგენდა მოსარჩელის სამართლიან დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, დაუშვებელია კასატორის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს პროკურატურას, ვინაიდან, ლ. კ-ეს მსჯავრი დადებული ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე უსაფუძვლოა პროკურატურისათვის ლ. კ-ის სასარგებლოდ გადახდილი ჯარიმის 10 000 ლარის დაკისრება, ვინაიდან, აღნიშნული თანხის დამატებითი სასჯელის - ჯარიმის სახით დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა უშუალოდ სასამართლოს მიერ.
ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ, 2017 წლის 21 დეკემბრის ცნობაზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პროკურატურას, ლ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 14 915 ლარი გამრავლებული 3 წელზე, რაც უსაფუძვლოა, რადგან, აღნიშნული 14 915 ლარი, რომელიც შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება 2009 წლის მდგომარეობით, მოცემულია დაბეგვრის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2010 წლის 2 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ლ. კ-ეს შორის. ლ. კ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ლ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულ ლ. კ-ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. კ-ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება.
2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდებულების ლ. კ-ისა და სხვათა მიმართ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენის გადასინჯვა. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით, საქმეზე №1/აგ-968-16 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი. ლ. კ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. განემარტა გამართლებულს, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის №7 ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა იმის გამო, რომ ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება გამრუდდა, ამგვარი მსჯავრდების გამო სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი არ დამტკიცდება, რომ მანამდე უცნობი გარემოებების დროულად აღმოჩენის ან გამოვლენის შეფერხება მთლიანად ან ნაწილობრივ ამავე პირის მიზეზით მოხდა.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ საქმეში, მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნიდა მოსარჩელის მსჯავრდება და შემდგომ მისი რეაბილიტირება (მსგავს საქმეებზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება; 2009 წლის 8 აპრილის №ბს-972-936(3კ-08) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, განსახილველ შემთხვევაში ლ. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1650 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არსებული ფაქტობრივი მოცემულობის (პირობითი მსჯავრის ხანგრძლივობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ა.შ.) გათვალისწინებით პროპორციულად მიიჩნევს, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ - 1650 ლარის დაკისრებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მართალია იზიარებს მოპასუხისათვის ლ. კ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის დაკისრების საფუძვლიანობას, მაგრამ არ იზიარებს ზიანის სახით დაკისრებული განაცდური ხელფასის თანხის ოდენობას - 44 745 ლარს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მსჯავრდების შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დადგენილია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, რეაბილიტირებული პირისათვის, გათვალისწინებულია მატერიალური ზიანის სახით იმ თანხის ოდენობით ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების არ არსებობის პირობებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის №ბს-306(2კ-20) განჩინება; 2021 წლის 2 ივნისის №ბს-873(2კ-20) განჩინება; 2018 წლის 15 ნოემბრის №ბს-496-496(კ-18) განჩინება).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის ცნობაზე, რომლის თანახმადაც, შპს „საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟში“, 2009 წელს, ლ. კ-ის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენდა 14 915 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 2983 ლარს (ს.ფ. 48-49).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ეს უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელსაც იგი მიიღებდა უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების არ არსებობის პირობებში, კერძოდ, 2009 წლის წლიური ხელზე ასაღები შემოსავალი ანუ 11 932 ლარი (14 915 ლარს - 2 983 ლარი) უნდა გამრავლდეს სამზე, რაც ჯამში შეადგენს - 35 796 ლარს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თანხას ასევე უნდა დაემატოს ლ. კ-ის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა - 10 000 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო ჯარიმის თანხასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურების/დაბრუნების საფუძველი წარმოშობილია არა სახელშეკრულებო ან/და სხვა საფუძვლებიდან, არამედ მოპასუხის ქმედებიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, საფუძველს აცლის კასატორის პოზიციას მისთვის ჯარიმის თანხის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 1650 (ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 45 796 ლარის (35 796 ლარი მიუღებელი ხელფასი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით გადახდილი თანხა) ანაზღაურება.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. აბუსერიძე