ბს-980(კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ემ 09.09.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ. ლ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 18.04.2016წ. №150 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 22.08.2016წ. №02/121 ბრძანების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. შ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ლ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 18.04.2016წ. №150 დადგენილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 22.08.2016წ. №02/121 ბრძანება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 18.04.2016წ. №150 დადგენილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო ლ. ლ-ე დაჯარიმდა 3 000 ლარით. ამავე დადგენილებით ლ. ლ-ეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (ამოშენებული აივნის დემონტაჟი). აღნიშნული აივნის გაგრძელებაზე, მისი გაფართოების მიზნით წარმოებული უნებართვო მშენებლობის გამო, ზედამხედელობის სამსახურმა ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გასცა შესაბამისი მითითება დარღვევის გამოსასწორებლად. აივანი, რომლის კედლების ამოშენებისა და ბეტონის ფილით გადახურვის გამო 18.04.2016წ. №150 დადგენილებით პასუხისმგებლობა დაეკისრა მოსარჩელეს, ამავე მდგომარეობაში (კედლებამოშენებული და ბეტონის ფილით გადახურული) არსებობდა 14.04.2015წ. №74 მითითების გაცემისა და 03.08.2015წ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოცემის მომენტისათვის. ამდენად, 2015 წლის აპრილში გამოვლინდა ლ. ლ-ის კუთვნილი აივნის ამოშენებისა და ბეტონის ფილით გადახურვის ფაქტი, თუმცა ზედამხედველობის სამსახურს აღნიშნული დარღვევის გამო საქმის წარმოება არ დაუწყია. სამსახურმა 14.04.2015წ. №74 მითითება შეადგინა და საქმის წარმოება დაიწყო მხოლოდ აღნიშნული აივნის გაგრძელებაზე, მისი გაფართოების მიზნით ღია აივნის მიშენების გამო. აღსანიშნავია, რომ 14.04.2015წ. №74 მითითების გაცემის და 31.07.2015წ. შემოწმების აქტის შედგენისას ლ. ლ-ისათვის არ მიუთითებიათ, რომ მას არამარტო არსებული აივნის გაფართოების მიზნით ჰქონდა უნებართვო მშენებლობა განხორციელებული, არამედ თვით არსებული (ძირითადი) აივნის კედლები და გადახურვაც ჰქონდა უკანონოდ მოწყობილი, ამასთან, ლ. ლ-ეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა აღნიშნული აივანი საკუთრების უფლებით. არსებულ აივანზე მიშენებული ნაწილის დემონტაჟის და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ 14.04.2015წ. №74 მითითება ლ. ლ-ემ შეასრულა, რის გამოც 03.08.2015წ. დადგენილებით მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. სართულის ფართის გაზრდა მოხდა არსებული აივნის გაფართოებით მასზე უნებართვო მიშენების შედეგად, რაც მესაკუთრემ მოშალა და აღადგინა პირვანდელი მდგომარეობა (აღნიშნული დადასტურებულია სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 03.08.2015წ. დადგენილებით), ხოლო 18.04.2016წ. №150 დადგენილება გამოიცა არა აივანზე მიშენების გამო (რამაც გაზარდა სართულის ფართობი 1 კვ.მ.-ზე მეტად), არამედ არსებული აივნის კედლების ამოშენებისა და მისი ბეტონის ფილით გადახურვის გამო. 14.04.2015წ. №74 მითითების შედგენის დროს არსებობდა, როგორც ღია, ისე დახურული (ამოშენებული) აივანი და ამავე მითითებით ლ. ლ-ეს დარღვევად ჩაეთვალა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე არსებული აივნის გაფართოება და მისი გადახურვა ნებართვის გარეშე. ზემოაღნიშნული მითითება ზედამხედველობის სამსახურმა 31.07.2015წ. შემოწმების აქტით შესრულებულად ჩათვალა და ლ. ლ-ის მიმართ შეწყვიტა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) საფუძვლით. ამის შემდეგ ლ. ლ-ეს რაიმე სახის მშენებლობა არ განუხორციელებია. ამდენად, ზედამხედველობის სამსახურისთვის 14.04.2015წ. №74 მითითების შედგენის დროს უკვე ცნობილი იყო აივნის ამოშენებული ნაწილის შესახებ, თუმცა გამოვლენილ დარღვევას რეაგირება არ მოჰყოლია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი დებულებები მოქმედებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის დროს (იხ. სუს 17.12.2015წ. №ბს-149-146 (3კ-14) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38.1 მუხლით, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას მიიღოს დადგენილება დამრღვევის მიმართ სახდელის გამოყენების შესახებ შემოწმების აქტის შედგენიდან (რომლითაც დასტურდება მითითების შეუსრულებლობა) 2 თვეში (25.13 მუხლი), ასევე ადგენს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს და მიუთითებს, რომ გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25.14 მუხ.). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოება („კოდექსის“ 25.11 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), რაც ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურმა ისე განიხილა ლ. ლ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი (მათ შორის აივნის დემონტაჟის შესახებ), რომ არ გამოუკვლევია და სამართლებრივად არ შეუფასებია ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინის, ფართით - 31.98 კვ.მ., რომელშიც შედის აივნის ფართი, საჯარო რეესტრში ლ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრაცია. სადავო დადგენილება შეეხება იმ შენობის დემონტაჟს, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 18.04.2016წ. №150 დადგენილების გამოცემის მომენტისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ლ. ლ-ის საკუთრებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 26.07.2019წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 01.03.2016წ. №21 მითითების საფუძველზე ლ. ლ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მასზედ, რომ ლ. ლ-ის მიერ აივანზე უნებართვოდ იქნა ამოშენებული კედლები. ზედამხედველობის სამსახურის მითითებით ლ. ლ-ეს დაევალა 20 დღის ვადაში მოეხდინა მიშენებული ფართის დემონტაჟი ან სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. ლ. ლ-ის მიერ 01.03.2016წ. №21 მითითების პირობები არ იქნა შესრულებული, ანუ 20 დღიან ვადაში მას არ განუხორციელებია ობიექტის დემონტაჟი, ასევე არ წარმოუდგენია სათანადო დოკუმენტაცია. ზედამხედველობის სამსახურის 18.04.2016წ. №150 დადგენილების საფუძველზე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ. ლ-ე დაჯარიმდა 3000 ლარის ოდენობით და დადგინდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში, ბ. 23-ში უნებართვოდ საცხოვრებელ ბინაზე აივნის ამოშენება. ამონაწერით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან (საკადასტრო კოდი ..., განცხ. №... და №...), ასევე აზომვითი ნახაზის მიხედვით დგინდება, რომ ლ. ლ-ემ 2011 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკურულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ბინა 28.46 კვ.მ. ფართის ოდენობით, ხოლო აივნის მიშენებით და ამოშენებით დაირეგისტრირა 34,36 კვ.მ. ფართი, ანუ 5,90 კვ.მ-ით მეტი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინინებით დადგენილია, რომ ლ. ლ-ის მიერ ფართის მიშენებით, ასევე აივნის ამოშენებით განხორციელდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რაც გამოიხატა სართულის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ.-ზე მეტად შეცვლაში, ასევე ექსტერიერის არსებითად შეცლაში. ლ. ლ-ის მიერ საცხოვრებელ ბინაზე უნებართვოდ ფართის მიშენება/ამოშენება საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების მე-4 მუხლის და 36-ე მუხლის თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას, რაც მას არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლოს 04.11.2021წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკისსამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ „...ა“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 12.07.2011წ. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ბ. 23-ზე, რომლის ფართი შეადგენდა 28,46 კვ.მ.-ს, დარეგისტრირდა ლ. ლ-ის საკუთრების უფლება. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლ. ლ-ის მიმართ გაიცა 14.04.2015წ. №74 მითითება. ამ მითითების მიხედვით ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ბინა 23-ში გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე არსებული აივნის გაფართოება და ნებართვის გარეშე მისი გადახურვა. დამრღვევს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა. საჯარო რეესტრის 23.04.2015წ. გადაწყვეტილებით მითითებულ ბინაზე აზომვითი ნახაზის საფუძველზე ლ. ლ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 34,36 კვ.მ. ფართზე. ზედამხედველობის სამსახურის 31.07.2015წ. შემოწმების აქტის თანახმად 14.04.2015წ. ͏№74 მითითება შესრულდა. ზედამხდველობის სამსახურის 03.08.2015წ. №239 დადგენილებით ლ. ლ-ის მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმის წარმოება შეწყდა მითითების პირობების შესრულების გამო.
ზედამხედველობის სამსახურის 01.03.2016წ. №21 მითითების თანახმად, მითითება გაიცა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ბ. 23-ში გამოვლენილ დარღვევაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე აივნის ამოშენების შესახებ და განისაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადა აივნის ამოშენების ნაწილის დემონტაჟისათვის. 07.04.2016წ. შემოწმების აქტის თანახმად 01.03.2016წ. №21 მითითება არ შესრულდა. ზედამხედვლობის სამსახურის 18.04.2016წ. №150 დადგენილებით ქ. ბათუმში, ...ის ქ. ͏..., ბ. 23-ში უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო ლ. ლ-ე დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით და დადგინდა ლ. ლ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ქ. ..., ბ. 23-ში უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (ამოშენებული აივნის დემონტაჟი). აღნიშნული დადგენილება ლ. ლ-ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 22.08.2016წ. ͏№02/121 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის 04.12.2017წ. გადაწყვეტილებით მითითებულ ბინაზე აზომვითი ნახაზის საფუძველზე ლ. ლ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 31,98 კვ.მ. ფართზე. საკასაციო პალატა მიუთითებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სამშენებლო სამართალდარღვევა განიმარტებოდა, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა ამავე კანონის IV თავით. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე ბ. 23-ის აივანთან (მის ნაწილთან) მიმდინარეობდა ორი სამშენებლო სამართალდაღვევის საქმის წარმოება: პირველი - 2015წ. არსებული აივნის გაფართოებისა და ნებართვის გარეშე მისი გადახურვის შესახებ, ხოლო მეორე - 2016წ. შესაბამისი ნებართვის გარეშე აივნის ამოშენების თაობაზე. საქმეში დაცული მასალებით უდავოა, რომ პირველი სამშენებლო სამართალდარღევის საქმისწარმოებისას სახეზე იყო მეორე სამართალდაღვევა - ნებართვის გარეშე აივნის ამოშენების თაობაზე. აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს, როგორც 14.04.2015წ. №74 მითითების გამოცემისას სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტის ფოტო-სურათები, ასევე თავად ამ მითითების შინაარსი, რომელიც დარღვევად მხოლოდ არსებული აივნის გაფართოებასა და ნებართვის გარეშე მის გადახურვას მიუთითებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით არის დენადი სამართალდარღვევა, იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ობიექტზე უნებართვოდ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულება არ ქმნიდა ცალ-ცალკე ოქმების შედგენის და დაჯარიმების საფუძველს, ვინაიდან სახეზეა ერთი სამართალდარღვევა. ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორი სხვადასხვა სამართლებრივი აქტით განხორციელდა დროში ერთდროულად არსებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება. თუ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების დროს ერთ ობიექტზე აღმოჩნდა რამდენიმე სამართალდარღვევა, უნდა შედგეს ერთიანი სამართალდარღვევის ოქმი, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული თითოეული სამართალდარღვევისთვის სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით დაჯარიმება (სუსგ 06.06.2013წ. საქმე №ბს-215-213(კ-12)). კასატორები არ მიუთითებენ ერთ ობიექტზე აღმოჩენილ სხვადასხვა სამშენებლო სამართალდარღვევაზე სხადასხვა სამართლებრივი აქტის გამოტანის სამართლებრივ საფუძველზე და ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კონკრეტული საფუძვლების კრიტიკას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი