Facebook Twitter

№ბს-1304(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 20 აპრილს გ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის №391 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ას ქუჩა №53-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 09 დეკემბერს ა. ე-მა, გ. ლ-ემ, ე. პ-მა და თ. ლ-ემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირეს ...ში, ...ას ქუჩაზე მდებარე 431 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). გ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ში, ...ას ქ. №53-ში მდებარე 854 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის №466 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ლ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოთხოვნილი 854 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა 430 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე. კომისიის მიერ აღიარებული ფართობი გ. ლ-ემ დაირეგისტრირა 2016 წლის 17 მარტს (ს/კ ...). მოსარჩელის მითითებით, ა. ე-ის, გ. ლ-ის, ე. პ-ისა და თ. ლ-ის შეთანხმების საფუძველზე 431 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) გაიმიჯნა და 213 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ ...) დარეგისტრირდა გ. ლ-ისა და თ. ლ-ის საკუთრების უფლება. 2016 წლის 17 ნოემბერს მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით ... (430 კვ.მ) და საკადასტრო კოდით ... (213 კვ.მ) გაერთიანდა და გ. ლ-ემ და თ. ლ-ემ დაირეგისტრირეს ...ში, ...ას N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 643 კვ. მ ფართობით (ს/კ ...).

2016 წლის 29 ნოემბერს გ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მის: ქ. თბილისი, ...ი, მ. ...ას ქუჩ, ჩიხი II, N16 ს/კ ..., საერთო ფართბი - 643 კვ.მ) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა (საერთო ფართობი 432 კვ.მ). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებით, გ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კომისიამ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგივე შინაარსის მოთხოვნაზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა და მიუთითა კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის №466 საოქმო გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატებოდა განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობს. მოსარჩელის მითითებით, მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლების დარეგისტრირებასაც ითხოვდა, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან არის მათი ოჯახის საკუთრება. ამასთან, საკუთრებაში არსებული და შემოერთებული მიწის ნაკვეთი ერთ ღობეშია მოქცეული და წარმოადგენს ერთიან ეზოს, რომელზედაც დგას სახლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მემკვიდრეობით გადადიოდა და არსებული ფორმით გადაეცათ მას და თ. ლ-ეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის №391 განკარგულება და კომისიას საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლებოდა წარდგენილი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვლებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ იარსებებდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შეიცვალა ფაქტობრივი მდგომარეობა, კერძოდ, გ. ლ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები. შესაბამისად, აღიარების კომისიას უნდა გამოეკვლია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ცვლილების საკითხი და შემდეგ მიეღო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო განმცხადებლის მიერ ორჯერ ან მეტჯერ იგივე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ყოველ ჯერზე ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რათა დაედგინა წინა განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლის არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და არასწორად დაადგინა ფაქტები, რადგანაც დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის №466 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №71) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ...ას ქუჩა, N53. საერთო ფართობი 430.00 კვ.მ) აღიარებულ იქნა გ. ლ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, ვინაიდან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით სრული ფართობით აღიარებას. კერძოდ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი (საერთო ფართობი - 854.00 კვ.მ), აღემატებოდა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობს (ს/კ №..., საერთო ფართობი - 431.00 კვ.მ.). კასატორის განმარტებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად (ს/კ №... და ს/კ №...), №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა გ. ლ-ისა და თ. ლ-ის საკუთრების უფლება 213 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემდგომ 2016 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით გაერთიანდა აღიარების კომისიის მიერ აღიარებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ N..., რის საფუძველზეც გაერთიანებული მიწის ნაკვეთის ფართობი გახდა 643.00 კვ.მ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაერთიანებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ქუჩა ...ა, ჩიხი II, N16; ს/კ: №.... საერთო ფართობი - 643.00 კვ.მ,) დარეგისტრირდა გ. ლ-ისა და თ. ლ-ის თანასაკუთრების უფლება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის №391 განკარგულებით გ. ლ-ის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი,...ი, ქ....ას ჩიხი II, №16; საერთო ფართობი - 432.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე არ დაკმაყოფილდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა გ. ლ-ის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. კომისიის მითითებით, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, კომისიამ დაადგინა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო გ. ლ-ის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

გ. ლ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით (კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის №466 საოქმო გადაწყვეტილება), შესაბამისად, გ. ლ-ე წარდგენილი 2016 წლის 29 ნოემბერის №422417/12 განცხადებით ითხოვდა თავდაპირველად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იმ დარჩენილი ფართობის აღიარებას, რაზეც, კომისიამ იმსჯელა და ზემოაღნიშნული საფუძვლით 2015 წლის 17 დეკემბრის №466 საოქმო გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ამდენად, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა რომელიც საფუძვლად დაედო 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას, შეიცვალა გ. ლ-ის სასარგებლოდ, ან არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთად ვერ მიიჩნვა 2016 წელს განხორციელებული მიწის ნაკვეთების გაყოფა/გაერთიანების ფაქტი რაზეც სააპელაციო პალატა მიუთითებს ვინაიდან, გარდა იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე აღიარების კომისიას ნამსჯელი ჰქონდა და მიღებული გადაწყვეტილება 2015 წელს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითია მითითებული კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე არსებული მდგომარეობა.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომისიის მიერ საკითხი არსებითად არ იქნა განხილული და გამოკვლეული. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული დოკუმენტაციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №643 ოქმი) მიხედვით, კომისიის მიერ საკითხი განხილულ იქნა სხდომაზე რიგით მე-2 საკითხად და ამავე ოქმის მე-5 გვერდზე მითითებული გარემოებების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე კომისიამ 2018 წლის 12 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, №391 განკარგულების სახით, რომელიც დასაბუთებულია და მითითებულია ყველა ფაქტობრივი გარემოება,რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 მარტის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დაუსწრებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის 7 აპრილს გ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ში, ...ას ქუჩა №53-ში მდებარე 854 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებაზე დართული დოკუმენტების მიხედვით, მითითებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრებოდა №... საკადასტრო კოდის მქონე 431 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის თანამესაკუთრეს გ. ლ-ე წარმოადგენდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ ნაწილს - 430 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და მასზე აღიარებულ იქნა გ. ლ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 10 მარტს გაიცა №11518 საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზე ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას ქუჩა №53-ში მდებარე 430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა გ. ლ-ის საკუთრების უფლება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას ქ. №53-ში მდებარე 431 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა შორის 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიყო ორ საკადასტრო ერთეულად, რომელთაგან 213 კვ.მ მიწის ნაკვეთზე №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა გ. ლ-ისა და თ. ლ-ის საკუთრების უფლება. მესაკუთრეთა 2016 წლის 4 ნოემბრის შეთანხმებისა და მოთხოვნის საფუძველზე კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაერთიანდა გ. ლ-ისა და თ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და გ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და მიღებული მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 643 კვ.მ (ს/კ №...).

2016 წლის 29 ნოემბერს გ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას მე-2 ჩიხი №16-ში მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც მის საკუთრებაში არსებული, ს/კ ... 643 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. მოპასუხის 2018 წლის 12 მარტის №391 განკარგულებით გ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ იმავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიამ 2015 წლის 17 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით იმსჯელა და დაინტერესებულ პირს საკითხის ხელახლა განსახილველად მისთვის ხელსაყრელ ახალ გარემოებაზე არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.

კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ლ-ე ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას მე-2 ჩიხი №16-ში მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს თვითნებურად დაკავების საფუძვლით. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამდენად, კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის მიწის ნაკვეთს - შენობით ან მის გარეშე. ამასთან, შენობის გარეშე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დადასტურებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ასაღიარებელი ნაკვეთის ზემოხსენებული კანონის მიღებამდე ანუ 2007 წლამდე ფლობის ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში, გ. ლ-ე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას ქალაქ თბილისში, ...ში, ...ას მე-2 ჩიხი №16-ში მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე. ხსენებულ მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მსგავს მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე იყო გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან, არ დასტურდებოდა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლა ან ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობა. ამდენად, დავის გადაწყვეტა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმება, ზემოხსენებული გარემოების დადასტურებას საჭიროებს.

საკასაციო სასამართო აღნიშნავს, რომ 2015 წელს გ. ლ-ე ითხოვდა 854 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის მოსარჩელის თანასაკუთრებაში იყო 431 კვ.მ ტერიტორია, რის გამოც, კომისიის მიერ საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულს საფუძვლად დაედო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც თვითნებურად დაკავებულ მიწა შესაძლოა იყოს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამდენად, 2015 წლის მდგომარეობით, გ. ლ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ერთი კვ.მ-ით ნაკლები ფართობის მქონე ტერიტორიაზე.

საკასაციო საყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს გ. ლ-ის თანასაკუთრებაში არსებული 643 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარება წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხსენებული 643 კვ.მ ფართობის ნაკვეთი მოიცავს გ. ლ-ისათვის 2015 წელს აღიარებულ 430 კვ.მ ტერიტორიას. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას გ. ლ-ე 2015 წელსაც. ამდენად, ფაქტობრივად გ. ლ-ე ითხოვს მისთვის აღიარებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რაც ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პრინციპებს. მართალია, განცხადების წარდგენის მომენტისათვის (2016 წლის 29 ნოემბერი) ზემოხსენებული 430 კვ.მ ნაკვეთი უკვე გ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული საკუთრების უფლება მან სწორედ აღიარების გზით მოიპოვა 2015 წელს. შესაბამისად, ადგილი აქვს ნაკვეთების ხელოვნურ გაერთიანებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შესაძლებლობა ექნება საკუთრების უფლების აღიარების გზით გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და კვლავ მოითხოვოს უკვე გაერთიანებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, აღნიშნული ასევე ქმნის მიწის ნაკვეთების დაუსრულებლად აღიარების მოთხოვნის შესაძლებლობას (ერთხელ უკვე აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, შემდგომ უკვე გაერთიანებული ახალი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ა.შ.)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამასთან, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვის პირობებში გ. ლ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძლიანობა, რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და გ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი