№ბს-121 (კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 17 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შპს „...“-ის მიმართ.
მოსარჩელემ შპს ,,...’’-ისთვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 24 882,12 აშშ დოლარის (პირგასამტეხლო - 15 201,12+9 680; ხოლო საიჯარო ქირა 1 აშშ დოლარი) ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ არის ხანდაზმული, ვინაიდან სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი, 28.03.2016 წლიდან, განთავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა), ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 01 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 01 იანვრამდე. ასევე გათავისუფლებულ იქნა 2014 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან. ასევე ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 01 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
შესაბამისად, სააგენტოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მყიდველის მიერ არ განხორციელებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურისა და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა კანონით (და არა ხელშეკრულებით) დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ხელშეკრულება 2017 წლის 01 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად. მხარის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება ხანდაზმული არ ყოფილა, მისი შესრულების ვადა კანონით გადავადებულ იქნა 2017 წლის 01 იანვრამდე, ხოლო მისი გადაუხდელობისათვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2016 წლის 01 იანვრიდან იყო გამოთვლილი და არა მანამდე პერიოდისათვის, რის გამოც 2017 წელს სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი 2016 წლიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ, რომელიც ასევე არაა ხანდაზმული, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იყო გათვალისწინებული არ წარმოადგენდა ხანდაზმულ მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის №ბს-339-335(2კ-14) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენის დრომდე (17.11.2017 წ.) 3 წლით ადრე - 2014 წლის 17 ნოემბრამდე შესასრულებელი ვალდებულებების ნაწილში ამოწურული იყო 2007 წლის 17 მაისის ხელშეკრულებიდან და 2008 წლის 21 აპრილის №98, 2008 წლის 13 მაისის №150, 2008 წლის 13 მაისის №151 და 2008 წლის 02 ივლისის №197 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებიდან (ხელშეკრულება) გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადები, რაც ასევე ეხება ამავე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და აღნიშნული ხელშეკრულებების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს ეპატია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხები და პრივატიზაციის საფასურის გადახდის პერიოდი გადაუვადდა კონკრეტულ თარიღამდე - 2017 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს გაშვებული ხანდაზმულობის ვადის ავტომატურად აღდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან, შპს „...-ს“ თანხმობა - განახლებული ვადის ფარგლებში სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების/ვალდებულების აღიარების შესახებ არ გამოუხატავს, რაც თავისთავად, საფუძველს აცლის ხანდაზმული მოთხოვნის მიმართ ვადის ხელახლა ათვლის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდთან მიმართებაში ხანდაზმულია. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მოპასუხის მიერ 2015 წელს შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებაში და განმარტავს, რომ მართალია, 2015 წელს შესასრულებელი ვალდებულებები და მათგან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება ვერ იქნება მიჩნეული ხანდაზმულად, თუმცა ვინაიდან, თავად კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დადგენილი შპს „...“-ის მიერ თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების მიზნობრიობა და გადახდილი თანხების ოდენობა, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას თანხის სწორად დაანგარიშებისა და პირგასამტეხლოს სახით 15 201,12 აშშ დოლარის ოდენობით დარიცხვის მართლზომიერების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი