საქმე №ბს-773(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გ-ი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ისა და გე. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 აპრილს ტ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირების გ. გ-ისა და გე. გ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 134 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. გ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 27 თებერვლის №00029 ოქმის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 აპრილის №04/7301 აქტისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 134 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გე. (პ/ნ ...) და გ. (პ/ნ ...) გ-ების საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაებნენ ლ., მ. და მ. მ-ები და გ. გ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 134 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. გ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 27 თებერვლის №00029 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 აპრილის №04/7301 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 134 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გე. და გ. გ-ების საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს გ. და გე. გ-ებმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით აპელანტის სტატუსით მონაწილე პირები გ. გ-ი და გე. გ-ი მიჩნეულ იქნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ მესამე პირებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, გე. გ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ანაზღაურება ტ. მ-ის სასარგებლოდ, თანაბარწილად დაეკისრათ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას; ტ. მ-ს უკან დაუბრუნდა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას ტ. მ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატისათვის გადახდილი თანხის 700 (შვიდასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას ტ. მ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, სააპელაციო სასამართლოში ადვოკატისათვის გადახდილი თანხის 700 (შვიდასი) ლარის ანაზღაურება; გ. გ-ის, გე. გ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარის ოდენობით, დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და გე. გ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სრულიად უზღუდავთ 1960 წლიდან წარმოშობილ საკუთრებაზე სარგებლობის და განკარგვის უფლებას. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რაც ასევე დაუსაბუთებლად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
კასატორების მითითებით, გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონიერად და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მიერ არაერთხელ დაბრუნებულ საქმეზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა იგივე მტკიცებულებები, რომლითაც ახალი ვერაფერი ვერ დაადგინა მ-ების სასარგებლოდ და მიიღო იდენტურობის აქტი №00029, რომლითაც კასატორის მითითებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა მათი საკუთრება. საჯარო რეესტრმაც საქმე განიხილა სრული მოცულობით შესწავლისა და მოწმეების თანდასწრებით და არ დაკმაყოფილდა მ-ის მოთხოვნა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული საჯარო რეესტრის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მ-ს სამართლიანად ეთქვა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე უარი, ვინაიდან მათზე უკვე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. და გე. გ-ების საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და გე. გ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორებმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტე პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; საპილოტე პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 1973 წლის 15 თებერვლის გაყრილობის განაჩენით ს. და მისი შვილი ტ. მ-ები გაიყვნენ ორ ოჯახად: ტ. მ-ს ერგო შიფერით დახურული, გაულესავი ორსართულიანი სახლი 10 X 8-ზე, ხილის 0,13 ჰა ბაღი სახლის წინ, ასევე 0,02 ჰა ნაკვეთი ძველი სახლის წინ, გზის გვერდზე. აღნიშნულ განაჩენში ტ. მ-ისათვის მიკუთვნებულ 0,02 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობად მითითებულია „ძველი სახლის წინ".
გორის რაიონის ...ის თემის საკრებულოს 2002 წლის 20 დეკემბრის №1257 ცნობის შესაბამისად, (საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გამოთხოვილი 2003 წლის საქმე) ...ის თემის საკრებულოს მიერ გაცემული იყო მიმართვა, რომელიც ეხებოდა ...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს მდებარე 150 კვ.მ ფართის მქონე მიწის აუქციონით გაყიდვას, სადაც განთავსებული იყო სავაჭრო ჯიხური. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ეს ფართობი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა; მიმართვა არის „გაუქმებული“, რადგან აღნიშნული ფართობი იყო კერძო საკუთრებაში და ეკუთვნოდა სოფელ ...ში მცხოვრებ ტ. მ-ს 1973 წლის 15 თებერვლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე.
გორის რაიონული სახელმწიფო არქივის 2003 წლის 28 იანვრის №03/20 მიმართვის თანახმად, გადაისინჯა ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სხდომის ოქმები და გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის 1977-1982 წლების დოკუმენტები, სადაც ...ის წიგნების მაღაზიისა და სასურსათო ჯიხურის შესახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა.
გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2003 წლის 28 თებერვლის №მ-2 მიმართვის თანახმად, ...ის გზის ჩრდილოეთით მდებარე 150 კვ.მ მიწის ფართი, სადაც განთვსებული იყო ფარდული, აღიარებული იქნა ტ., თ. და გ. მ-ების კუთვნილ მიწის ნაკვეთად და ჩაითვალა, რომ ამ მიწაზე წიგნების მაღაზია და სასურსათო ჯიხური უკანონოდ იყო განთავსებული. ამ მიმართვის საფუძვლად არსებული მასალები მოძიებული ვერ იქნა.
გორის რაიონის ...ის თემის საკრებულოს 2003 წლის 4 მარტის №5 მიმართვის მიხედვით, საკრებულოდან გორის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში გაგზავნილი იყო მიმართვა იმის თაობაზე, რომ ...ის ცენტრში, ...ის გზის მარჯვენა მხარეს არსებული 150 კვ.მ მიწის ფართობი უნდა გაყიდულიყო აუქციონის წესით. აღნიშნული საკითხი შესწავლილი იქნა გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ და მიწის ფართობი მიეკუთვნა სოფელ ...ში მცხოვრებ თ., ტ. და გ. მ-ებს, როგორც მამა-პაპეული; საკრებულომ ამ მიმართვით ითხოვა ამ მიწის ფართობის საპრივატიზებო კომისიის ნუსხიდან მოხსნა.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის 2003 წლის 31 მაისის №85 მიმართვით, გ. გ-ს ეცნობა, რომ რწმუნებულის დავალებით შესაბამის სამსახურების მიერ შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და, წარდგენილი მასალების მიხედვით, გ. გ-ის სასარგებლოდ მეტყველებდა სოფელ ...ში მცხოვრებლების რამოდენიმე განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სადავო ტერიტორიაზე წინათ უცხოვრიათ გ-ების წინაპრებს, იგივე შინაარსის განცხადებები წარდგენილი იყო მ-ების სასარგებლოდაც. მიწის მართვის სამმართველოს მიერ წარდგენილი იქნა 1970 წლის აზომვის მასალები და ამონაწერი ჟურნალიდან, რომლის მიხედვითაც სადავო ტერიტორია იმ პერიოდისათვის ეკუთვნოდათ მ-ებს, რის საფუძველზეც აღნიშნული სამსახურის მიერ 2003 წლის 28 თებერვალს გაცემული იქნა დოკუმენტი (№მ-2). არსებობს ცნობები, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ 1978 წლიდან გარკვეული წლების განმავლობაში იდგა სახელმწიფო სავაჭრო ფარდული.
ტ., მ., ლ. და მ. მ-ების სახელზე ადრე მოთხოვნილი 402 კვ.მ მიწის ფართიდან ამ პირების სახელზე 2014 წლის 29 ოქტომბერს აღირიცხა 202 კვ.მ მიწის ფართი №... საკადასტრო კოდით, რაზეც მხარეებს დავა არ აქვთ. ტ. მ-ის განმარტებით, ამ კოდით მასზე რეგისტრირებულია სწორედ გაყრილობის განაჩენში აღნიშნული „ძველი სახლი“, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სწორედ ამ უძრავი ქონების წინ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მესამე პირების მართლზომიერი მფლობელობა არ დასტურდება, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. გ-ის მიერ გ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 25.06.19წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და გე. გ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება;
3. გ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 25.06.19წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გ-ი