ბს-621 (კ-19) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-ემ 12.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 09.11.2017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჯ. ს-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ცნობის გაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამასთანავე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ და პირველ პრიმა პუნქტებზე. პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ხოლო ამავე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ზემოაღნიშნული ნორმების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ ნორმაში ასახულ ქმედებად არ ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის ნებისმიერი შემთხვევა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონმდებლის ნებიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან დიფერენცირებული უნდა იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 19.08.2005წ. N856 ბრძანებით დამტკიცებულ დასკვნაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი შინაგანი ჯარების N... სამხედრო ნაწილის ვადიანი სამსახურის რიგითი რ. კ-ე 15.07.2004წ. ოცეულის მეთაურის ზ. ბ-ის ბრძანებით რამდენიმე მეტრით გადაადგილდა საგუშაგოდან. დავალების შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას ფეხი წამოკრა რკინა-ბეტონის ნანგრევებს, რასაც მოჰყვა მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უნებლიე გასროლა, აღნიშნულის შედეგად დაიჭრა და დაიღუპა რიგითი ჯარისკაცი ჯ. ს-ე. 15.07.2004წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ. ს-ის სიკვდილის მიზეზად დასახელდა მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული სიცოცხლისთვის მნიშვნელოანი ორგანოების ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების N... სამხედრო ნაწილში 19.02.2003წ. ჩაირიცხული ჯ. ს-ის დაღუპვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 19.08.2005წ. N856 ბრძანებით დამტკიცებული დასკვნით მიჩნეულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და მასზე გავრცელდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 04.10.2013წ.) 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ს-ე დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ ამასთანავე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული არ მიეკუთვნებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 04.10.2013წ. კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევას, რადგან ინციდენტის დროს ადგილი არ ჰქონდა იმგვარ ფაქტობრივ გარემოებას, რაც გათვალისწინებული იყო ზემოაღნიშნული ნორმით, პალატამ მიიჩნია, რომ დამდგარი შედეგი იყო უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც ადგილი არ ჰქონდა იმ დროს, როდესაც მიმდინარეობდა მოწინააღმდეგე მხარესთან შეტაკებები, დაზარალებული იმყოფებოდა მძინარე მდგომარეობაში, ხოლო „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი ვრცელდება სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან, რომელიც დაკავშირებულია სპეციფიკური და მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოებებთან. შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნებისა და პრინციპების დაცვით, ვინაიდან არ არსებობდა სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რადგან კანონმდებლობა კომპენსაციის გაცემას უკავშირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვას. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ჯ. ს-ის სამსახურებრივი მოვალეობის შედეგად გარდაცვალების ფაქტი და მასზე გავრცელებულია იმ დროს მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 04.10.2013წ.) 31-ე მხულის მე-6 პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი მოიცვა ამჟამად მოქმედმა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტმა. მიუხედავად ხსენებულისა, კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა განმარტების მიღმა დატოვეს პირის განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვის ფაქტი და მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები დგინდება კონკრეტული დაღუპული პირის მიმართ გაურკვეველი შეხედულებებით, აღნიშნული კასატორის მოსაზრებით ეწინააღმდეგება კანონს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ჯ. ს-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი შინაგანი ჯარების N... სამხედრო ნაწილის ვადიანი სამსახურის რიგითი რ. კახიძის დანაშაულებრივი დაუდევრობით გამოწვეული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უნებლიე გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი სამსახურებრივი საქმიანობის დროს გარდაცვალება ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მიზნებისთვის. განსახილველ შემთხვევაში ლ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო პირობაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის გარდაცვალების კავშირის არსებობა სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან, სამართალდარღვევის აღკვეთასთან, დამნაშავის შეპყრობასთან, დამნაშავეობასთან ბრძოლასთან და ა.შ. („პოლიციის შესახებ“ კანონის 50.11 მუხ.), მითითებული გარემოებების არარსებობა გამორიცხავს ჯ. ს-ის ოჯახის წევრის მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემას, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას უკავშირებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კაონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ ლ. ს-ეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნებისა და პრინციპების დაცვით, ვინაიდან არ არსებობდა სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე