№ბს-1224(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 22 სექტემბერს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ 2017 წლის 26 ივლისის №01-01/17 ხელახალი ექპერტიზის გადაწყვეტილების (რომლითაც სრულად გაუქმდა კომპანიის „...ის“ (...) გამოგონების პატენტი - „...ი“ (...)) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ - მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ 26.07.2017 წლის ხელახალი ექპერტიზის №01-01/17 გადაწყვეტილება „...ის“ (...) გამოგონების „...ი“ (...) გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ - ,,საქპატენტის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2011 წლიდან კომპანია „...” წარმოადგენს გამოგონებაზე - „...ი“ პატენტის მფლობელს.
2017 წლის 06 ივნისს შპს „პ ...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქპატენტს, რომლითაც კომპანია „...ის“ გამოგონებაზე ხელახალი ექპერტიზის ჩატარება და პატენტის გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებდა პატენტუნარიაონობის კრიტერიუმებს - სიახლესა და საგამომგონებლო დონეს.
საქპატენტის თავმჯდომარის 2017 წლის 3 ივლისის №62 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო კოლეგია ხელახალი ექპერტიზის ჩატარების მიზნით.
საქპატენტის 2017 წლის 26 ივლისის №01-01/17 გადაწყვეტილებით კომპანია „...ის“ (...) გამოგონებაზე „...ი“ (...) გაუქმდა პატენტი იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნდა საგამომგონებლო დონე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საპატენტო კანონის მეორე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პატენტი წარმოადგენდა ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა მისი გამოცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს, ხოლო შპს „პ ...“ და კომპანია „...“ წარმოადგენდნენ თამბაქოს სფეროში მოღვაწე კომპანიებს. ამრიგად, ერთი მხრივ, დასტურდებოდა, რომ შპს „პ...-ს“ განცხადება დაედო საფუძვლად გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, მეორე მხრივ კი, არსებობდა მითითებული საწარმოს პირდაპირი და უშუალო ინტერესი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გასაჩივრებული აქტის ძალაში დატოვების მიმართ. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „პ ..." დაინტერესებულ პირად მიიჩნია წარდგენილი განცხადების კვალდაკვალ, თავისთავად ნიშნავდა, რომ სამართალწარმოების პროცესში ის წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღება შეეძლო. შესაბამისად, სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები, რომელთა არსებობაც სასამართლოს ავალდებულებდა, მოეწვია და საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „პ ...“.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რადგან განსახილველ შემთხვევაში მესამე პირის სტატუსით სავალდებულო წესით მოსაწვევ მხარეს შპს „პ ...-ს“ არ ეცნობა სხდომის თაობაზე, მისი სტატუსის განსაზღვრა არ მოუხდენია სასამართლოს, რასაც მისი საქმის განხილვაში მონაწილეობა სავალდებულოდ უნდა მოჰყოლოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეეხება შპს „პ ...-ს“ ინტერესებს, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგად მას არ განესაზღვრება არავითარი შეზღუდვა.
ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რა დამატებითი პოზიცია შეიძლება წარმოედგინა აღნიშნულ სუბიექტს, გარდა იმისა, რაც უკვე წარმოდგენილი აქვს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული „...ის“ საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ 26.07.2017 წლის ხელახალი ექპერტიზის №01-01/17 გადაწყვეტილება „...ის“ (...) გამოგონების „...ი“ (...) გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით კი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ - ,,საქპატენტის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში შპს „პ ...“ წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, სავალდებულო წესით მოსაწვევ მესამე პირს, რომელიც არ ყოფილა ჩაბმული და მოწვეული სასამართლოში საქმის განხილვაზე, რის გამოც, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში, მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რამდენად წარმოადგენდა შპს „პ ...“ მოცემულ საქმეზე სავალდებულო წესით მისაწვევ მესამე პირს და მისი საქმეში ჩაუბმელობა, რამდენად ქმნიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჩველებრივი (მარტივი) მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) იგი შესაბამისი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ და განსახილველ დავაზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა უნდა იყოს შესაძლებელი. სწორედ ასეთი სავალდებულო მოწვევის მესამე პირი სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით და მოვალეობით, მათ შორის, გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების უფლებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება №ბს-145-138(კ-13).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საპატენტო კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატენტი არის ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს. განსაკუთრებული უფლების ფარგლებს ადგენს მითითებული კანონის 48-ე მუხლის, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე: ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა; ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება; გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საპატენტო კანონის 681 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას შესაძლებელია დადგეს დამრღვევის სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო ამავე კანონის 685 მუხლით განისაზღვრება პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის ფარგლები და ღონისძიებები.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ის გარემოება, რომ შპს „პ ...“ და კომპანია „...“ წარმოადგენენ თამბაქოს სფეროში მოღვაწე კომპანიებს. ასევე, გასაჩივრებული განჩინების თანახმად, შპს „პ ...“ მოპასუხის სტატუსით მონაწილეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო დავაზე (საქმე №2/12257-17), სადაც დავის საგანს წარმოადგენს სადავო პატენტით დაცულ ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი ქმედების აკრძალვა და პროდუქციის განადგურება. ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ „...ის“ პატენტზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებასა და გაუქმებას, საფუძვლად უდევს სწორედ შპს „პ ...“-ს განცხადება, რომლის, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც, შპს „პ ...“-ს შესაძლებლობა ექნებოდა, როგორც მოსარჩელეს, წამოეწყო ადმინისტრაციული დავა მოპასუხე „საქპატენტის“ წინააღმდეგ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შპს „პ ...-ს“ აქვს „...ის“ (...) გამოგონების „...ი“ (...) პატენტის გაუქმების პირდაპირი და უშუალო ინტერესი, რაც განსახილველ საქმეში მისი სავალდებულო წესით მესამე პირად მოწვევის საფუძველს ქმნიდა, თუმცა აქვე შესაფასებელია ის გარემოება, რამდენად არსებობდა ამ საფუძვლით საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მოიწვიოს და საქმეში სათანადო წესით ჩააბას სავალდებულო მიწვევის მესამე პირი და რაიმე შეზღუდვა მესამე პირის სააპელაციო ინსტანციაში ჩაბმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო მიწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმა დასაშვებია საკასაციო სასამართლოშიც, მათივე თანხმობით (თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, უფლებამოსილია უზრუნველყოს საქმეში მესამე პირის მოწვევა და სათანადო წესით ჩაბმა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს რაიონული სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირის ჩაბმა წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლო კი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს და სათანადო წესით ჩააბას საქმეში სავალდებულო მიწვევის მესამე პირი, პროცესის ეკონომიურობისა და შემჭიდროვებულ ვადებში მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზების მიზნით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „...“-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განახორციელოს მოცემული საქმის ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად გასაწყვეტად საჭირო ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის, შპს „პ ...-ს“ საქმეში სავალდებულო მიწვევის მესამე პირად ჩაბმა.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე და 412-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „...“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი