Facebook Twitter
№ბს-832(კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 ოქტომბერს კ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №41290 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კ. გ-ის სარჩელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაბმული იქნა დ. ქ-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №41290 ბრძანება; ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას კ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლის შესაბამისად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობა მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებდა. მისთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა სასამართლომ, რომ მას კუთვნილ მიწის ნაკვეთში აუცილებლად უნდა აეშენებინა მე-2 კლასის შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო პირობების შეთანხმების გარდა, სჭირდებოდა პროექტის შეთანხმება და ექსპლუატაციაში მიღება და რატომ არ ჰქონდა უფლება აეგო პირველი კლასის შენობა-ნაგებობა, რომელიც დანარჩენი სტადიის გავლას არ საჭიროებდა. სწორედ ამიტომ აშენებული იქნა პირველი კლასის შენობა-ნაგებობა და ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ექსპლუატაციაში აღნიშნული შენობა-ნაგებობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყო პირველი კლასის, არ საჭიროებდა რაიმე დამატებითი სანებართვო ღონისძიებების ჩატარებას, დაცული იყო საგზაო შეთანხმების პირობების გამოყენების დეტალები, რის შედეგადაც მოხდა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.
კასატორის მითითებით, სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა, ვინაიდან მის მიერ სამრეცხაოს ფუნქციონირებისათვის შეძენილი იქნა მთელი რიგი აპარატურა და დანადგარები ჯამური ღირებულებით 10000 ლარამდე, ხოლო რეალურად მოსარჩელის კანონიერ ინტერესებთან კონფლიქტში არ მოსულა.
კასატორი აღნიშანავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. ბაღდათში, ...ის ქ. №15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, ...ის ქ. №15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. საკონტროლო აზომვები ჩატარდა დღის 13:07-დან 13:15-მდე პირველ ჯერზე და შემდგომ 13:55 დან 14:10 საათის შუალედში. პირველ აზომვაზე ხმაურის დონემ სამრეცხაოს ფუნქციონირებისას შეადგინა 41,7 დეციბელი, ხოლო სამრეცხაოს ფუნქციონირების შეწყვეტისას გარემო ფაქტორებისაგან მომდინარე ფონურმა ხმაურმა შეადგინა 29 დეციბელი, აღნიშნულ შემთხვევაში ხმაურის მაქსიმალური დონე, რაც შესაძლოა მომდინარეობდა სამრეცხაოდან არის 41,7 გამოვაკლოთ 29, რაც ტოლია 12,7 დეციბელის, მეორე აზომვისას ხმაურის დონემ სამრეცხაოს ფუნქციონირებისას შეადგინა 58,1 დეციბელი, ხოლო სამრეცხაოს ფუნქციონირების შეწყვეტისას გარემო ფაქტორებისაგან მომდინარე ფონურმა ხმაურმა შეადგინა 39.3 დეციბელი, აღნიშნულ შემთხვევაშიც ხმაურის მაქსიმალური დონე, რაც შესაძლოა მომდინარეობდა სამრეცხაოდან არის 58,1 გამოვაკლოთ 39,3 რაც ტოლია 18,8 დეციბელის. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილების თანახმად, საცხოვრებელ სახლებში და საძილე სათავსოებში ხმაურის დასაშვები დონე დღის 8 საათიდან ღამის 19 საათამდე შეადგენს 50 დეციბელს, საღამოს 19 საათიდან 23 საათამდე 45 დეციბელს და ღამის 23 საათიდან დილის 8 საათამდე 40 დეციბელს. კასატორის მითითებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით აშკარად დგინდება, რომ ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე ბევრად უფრო ნაკლებია კანონით დასაშვებ დონეზე, თუმცა სასამართლომ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ჩათვალა ექსპერტიზის დასკვნა რეალურად და არ გაითვალისწინა თავად დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ ფონური ხმაურის მაღალი დონე, რომელიც რიგ შემთხვევაში აღემატება კიდეც დასაშვებ ნორმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №41 290 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების მე-19 მუხლი ადგენს შენობა-ნაგებობების კლასებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა - ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე ) V კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები). შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. ხოლო, მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა - ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა - ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა - ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს წარმოადგენს დამკვეთი, რომელიც ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ)უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა - ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 იანვარს დ. ქ-მა განცხადებით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის პროექტის შეთანხმება მოითხოვა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 01 თებერვლის №41/386 შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე შეთანხმდა ქალაქ ბაღდათში დ. ქ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს/კ ...) ავტო-ტექ მომსახურების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №41 290 ბრძანების თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 01.02.2017 წლის №41/386 ნომრით შეთანხმდა მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, ქ. ბაღდათში ...ის ქ-ზე მოქ. დ. ქ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ავტოსამრეცხაოს მშენებლობისათვის, თუმცა, მშენებლობის ბრძანების გარეშე თვითნებურად განხოციელდა შენობის აშენება, რის გამოც დ. ქ-ს დაეკისრა საჯარიმო მოსაკრებელი. ამავე ბრძანების თანახმად, გადამოწმებული იქნა ქ. ბაღდათში, ...ის ქუჩაზე დ. ქ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოსამრეცხაოს მშენებლობა, რის შედეგად დადგინდა, რომ მშენებლობა დასრულებულია და შესაბამისობაშია სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან, შესაბამისად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქალაქ ბაღდათში, ...ის ქუჩაზე მდებარე დ. ქ-ის ავტოსამრეცხაოს შენობა საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით, ფართით - 29,4 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დ. ქ-ის მიერ აშენებული ნაგებობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული როგორც I კლასის შენობა-ნაგებობა, თუმცა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 66-ე მუხლით მოწესრიგებულია I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხები. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვის ეტაპზე განმცხადებლის მიერ არ იყო დაცული კანონის დანაწესები, უკვე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა - შენობა-ნაგებობა შეესაბამებოდა თუ არა სპეციალურ - სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიული აქტის მოთხოვნებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 ოქტომბრის MIA 7 17 02627106 წერილის თანახმად დასტურდებოდა, რომ ქ. ბაღდათში, ...ის ქუჩაზე №4ა-ში მდებარე ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წლის 17 ნოემბრის №2-04/10228 წერილით ცალსახად იყო დადგენილი სავალდებულო ხასიათის მოთხოვნები, რომელთა დაცვა, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა საავტომობილო გზის პირას განხორციელდა, დამატებით ვალდებულებებს უდგენდა როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე დამკვეთს. კერძოდ, ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების ობიექტი განთავსებული უნდა ყოფილიყო საავტომობილო გზის ღერძიდან 7.50 მეტრსა და არსებული ტროტუარის მიღმა, რაც მოსარჩელის მიერ შენობის აშენებისას დაცული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართალია გასაჩივრებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №41290 ბრძანება დ. ქ-ისათვის წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა, აღმჭურველი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“, რომელიც ადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე, ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №1 დანართით, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი და საძილე სათავსებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმას დღის მანძილზე შეადგენს - 35 დეციბელი, საღამოს - 30 დეციბელი და ღამე - 30 დეციბელი. ამავე დანართის მე-13 ნაწილის თანახმად, ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დაბალსართულიან (სართულების რაოდენობა < 6) საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საბავშვო და სოციალური მომსახურების ობიექტებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმას დღის მანძილზე შეადგენს - 50 დეციბელი, საღამოს - 45 დეციბელი და ღამე - 40 დეციბელი.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ოქტომბრის №5006037217 დასკვნის თანახმად, ქ. ბაღდათში, ...ის ქ. №15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს; ქ. ბაღდათში, ...ის ქ. №15ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს.
ამასთან, ალტერნატიული მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას - ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირების შედეგად ხმაურის დასაშვები ნორმის დარღვევის შესახებ, კასატორის მხრიდან არ წარმოდგენილა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოება დამატებით ქმნის სადავო აქტის ბათილობის საფუძვლებს მესამე პირის, მოცემულ შემთხვევაში - კ. გ-ის კანონით დაცული პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის, უფლების ან ინტერესის უკანონოდ შეზღუდვასთან დაცვის უპირატესი მნიშვნელობით. საკასაციო სასამართლო ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში ახსნა-განმარტების ეტაპზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დაღვევით გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. ქ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 20.05.2019წ. გადახდის ქვითრით №20337226 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. დ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.05.2019წ. გადახდის ქვითრით №20337226 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე



გ. გოგიაშვილი