№ბს-235(2კ-19) 25 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 3 თებერვალს შპს „...ამ“ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მესამე პირის - ე. ა-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ თვითმმართველი ერთეული თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2015 წლის 25 მაისის №69 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული გაცემული 2015 წლის 28 მაისის საკუთრების უფლების მოწმობის ... ბათილად ცნობა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ერთეული თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2015 წლის 25 მაისის №69 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული 2015 წლის 28 მაისის საკუთრების უფლების მოწმობა ...; თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა მესამე პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარებისთვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე საკითხის ხელახლა განხილვისას სადავო ტერიტორიის კუთვნილების ფაქტის გამოკვლევა და შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღება განცხადების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-მა, რომელმაც თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ე. ა-მა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი - ე. ა-ი აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან წარდგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით და სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა მისი წინამორბედის ბალანსზე სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვის საფუძვლიანობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 თებერვლის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 თებერვლის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მესამე პირის - ე. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შეფასება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ ე. ა-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე. ა-მა განცხადებით მიმართა თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული 35908 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 33386.1 კვ.მ არასაოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება, რომელსაც 2003 წლიდან თვითნებურად ფლობდა.
თვითმმართველი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილმა კომისიამ 2015 წლის 25 მაისს ადგილზე დაათვალიერა თვითნებურად დაკავებული 33386.1 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ოქმში მიუთითა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ტბორები და ნაკვეთი იყო შემოღობილი. ამასთან, დასტურდებოდა ფლობა.
2015 წლის 25 მაისს შედგა თვითმმართველი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს ე. ა-ის განცხადება. კომისიის წევრებმა დაადასტურეს ფლობის ფაქტი, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ე. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებას.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2015 წლის 25 მაისს №69 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ის განცხადება და სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 33386,1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა საკუთრების უფლება.
2015 წლის 28 მაისს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 33386.1 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა ..., რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ე. ა-ის საკუთრების უფლება ს/კ-ით ....
საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროსთან 2006 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ...ის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების საინვენტარიზაციო და აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა...ის“ მიერ ჩატარდა ...ის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, აუდიტი და შეფასებითი სამუშაოები.
შპს „ა...ის“ მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმად განისაზღვრა 2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ...ოს საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონების ნუსხა. აღნიშნული აქტში სხვა ქონებასთან ერთად შევიდა ...ის წყალსაცავი.
შპს „...ა“ 2007 წლის 26 თებერვალს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეტრში.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2002 წლის 23 ივნისს სოფელ ...ის საკრებულომ ბალანსზე არსებული სარწყავი სისტემის ფოლადის მილი 18-დ.ხ.; დ530მმ; 4409 გრძ-მ, რომელიც მიემართებოდა ...ის პირველი რიგის გამანაწილებლიდან, ხელშეკრულების წესით და სარგებლობის უფლებით გადასცა ე. ა-ს, მის მფლობელობაში არსებულ საგუბარზე მილის საშუალებით წყლის მიწოდების მიზნით, როგორც ...იდან, ისე მდინარე ...იდან.
2008 წლის 20 თებერვალს შპს „ალ...“-ს და ფიზიკურ პირ - ა. ო-ს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოიჯარემ დროებით სარგებლობაში გადასცა მეიჯარეს ...ის წყალსაცავი სათევზე მეურნეობის მოწყობის მიზნით.
2009 წლის 15 აპრილს შპს „ალ...“ -ს და სსიპ ...ა „...ის“ თავმჯდომარეს ე. ა-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მიმწოდებელი (შპს „ალ...“) უზრუნველყოფდა ...ის სარწყავი სისტემით სარწყავად გამოსაყანებელი წყლის მიწოდებას „მომხმარებლის“ წყალმიწოდების კვანძებში.
2011 წლის 12 აპრილს შპს „ალ...“-ს და ე. ა-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მიმწოდებელი (შპს „ალ...“) უზრუნველყოფდა მის მფლობელობაში მყოფ საირიგაციო სისტემით წყლის მიწოდებას მომხმარებლის საირიგაციო კვანძებში.
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის №1-3/191 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „ს...“-თან შპს „ალ...“-ის, შპს „კ...“-ის და შპს „მ...“-ის შერწყმა. შპს „ს...“ არის შპს „ალ...“-ის, შპს „კ...“-ის და შპს „მ...“-ის უფლებამონაცვლე. შპს „ს...“-ს შეეცვალა სახელმწოდება და ეწოდა შპს „სა...ა“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
სადავო პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარულ-დაცვითი ზონები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ე. ა-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე მსჯელობისას არ მომხდარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია, თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
განსახილველი საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, კერძოდ, 1) დასადგენია საკუთრების უფლებააღიარებული უძრავი ქონების კუთვნილების საკითხი; 2) გასარკვევია საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (რომელზეც ფიქსირდებოდა ასევე ტბორები) თუ წყალსაცავზე, რომლის აღიარებაც როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ისე დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია; 3) ვის კუთვნილებაში არსებული, ვის მიერ აშენებული და რა სახის ნაგებობა იყო განთავსებული სადავო ქონებაზე, ვინაიდან, მოპასუხე - ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ აღიარებული უძრავი ქონების ფარგლებში მოქცეულია მიწისქვეშა ნაგებობები, ე.წ. „დომბები“, რომელიც ე. ა-ის გაკეთებული არ არის და მან მზა სახით მიიღო (აღნიშნული გარემოება, არც მესამე პირს გაუხდია სადავოდ), მაშინ როდესაც საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის ნაკვეთზე/მიწისქვეშ განთავსებული ნაგებობების მიმართ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმის მხოლოდ ე. ა-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის პირობებში, მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის - შპს „...ის“ მიერ სრულად დაცულია სასამართლოში სარჩელის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა (სადავო აქტის ოფიციალურად ჩაბარების მომენტიდან).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე. ა-ს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 17.01.2019წ. საგადასახადო დავალებით №1 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. ე. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.01.2019წ. საგადასახადო დავალებით №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი